“რატომ დავიმახსოვრო მე, მოსწავლემ, რომელ ქვეყანაში რა სასარგებლო წიაღისეულია, როცა არსებობს Google”

news
ავტ.: news აგვისტო 22, 2016 20:00

“რატომ დავიმახსოვრო მე, მოსწავლემ, რომელ ქვეყანაში რა სასარგებლო წიაღისეულია, როცა არსებობს Google”

განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა სასკოლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

ჯეჯელავას თქმით, ის სასკოლო მოდელი, რომელსაც ჩვენ ვიცობთ, ბრიტანეთში, ოთხი-ხუთი საუკუნის წინ შეიქმნა და მას მერე პრინციპი დიდად არ შეცვლილა.

“სუგატა მიტრა თავის საჯარო გამოსვლაში – SCHOOL IN THE CLOUDS, ამბობს, რომ სკოლის ის მოდელი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, ბრიტანეთში ოთხი-ხუთი საუკუნის წინ შეიქმნა, ანუ ხუთასი წლისაა ეს სისტემა და მას მერე პრინციპი დიდად არ შეცვლილა: “წელში გასწორდი”, “ნუ ხმაურობ”, “ერთმანეთს ნუ ელაპარაკებით” – კვლავაც აქტუალურია. ეს ადამიანი კვლევაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ბრიტანეთმა თავის დროზე, ასეთი სკოლა იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე შექმნა. მაშ, რატომ სწავლობენ ქართველი ბავშვები 21-ე საუკუნეში იმავე პრინციპებით? სტატია მაქვს დაწერილი – რისთვის ამზადებს ჩვენი სკოლა ბავშვებს და ერთ-ერთი პასუხია ზარი. სად გვხვდება ზარი, გარდა სკოლისა? ქარხანაში. ე.ი. სკოლა ზარს იმიტომ გირეკავს პერიოდულად, რომ მიგაჩვიოს ქარხნის ზარს, ვინაიდან ადრე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ქარხნის ზარზე რეფლექსი გქონოდა”,-აღნიშნა ჯეჯელავამ.

მინისტრმა “Forbes Georgia”-სვის მიცემულ ინტერვიუში, თვითგანათლების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “მას მერე, რაც ინტერნეტი გაჩნდა, თვითგანათლება სულ უფრო მზარდი ინსტრუმენტია და სკოლა, რომელიც ამას არ ითვალისწინებს, უკვე ავტომატურად აცდენილია რეალობას”.

“კიდევ ერთი შეკითხვა: ადამიანების ასაკის მიხედვით დაჯგუფება სხვაგან სად გვხვდება? რატომ არის მეექვსე კლასის ქიმია ყველა ბავშვისთვის ერთი დონის განურჩევლად იმისა, გიჟდება ეს ბავშვი ქიმიაზე, თუ ვერ იტანს მას? გარდა ამისა, მთელ მსოფლიოში მეცნიერები და პრაქტიკოსები აღიარებენ, რომ მას მერე, რაც ინტერნეტი გაჩნდა, თვითგანათლება სულ უფრო მზარდი ინსტრუმენტია და სკოლა, რომელიც ამას არ ითვალისწინებს, უკვე ავტომატურად აცდენილია რეალობას. რატომ უნდა დავიმახსოვრო მე, მოსწავლემ, რომელ ქვეყანაში რა სასარგებლო წიაღისეულია, როცა არსებობს Google? პასუხი არის: არც რატომ. მოკლედ, რაღაცებს, რასაც ჩვენ ვასწავლით, აზრი საერთოდ დაეკარგა”,-განაცხადა მინისტრმა.

news
ავტ.: news აგვისტო 22, 2016 20:00