მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე, პროკურორმა ქეთი სონიძემ „პირველების“ კითხვის საპასუხოდ განმარტა, რატომ დააკავეს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი, გიორგი მალანია გამოძიების დაწყებიდან 9 თვის შემდეგ. სახელმწიფო მბრალმდებლის თქმით, ადამიანის ბედი მარტივი გადასაწყვეტი არ არის, ამიტომ გამოძიება მყარი მტკიცებულებების მოპოვებასა და გამყარებას ელოდებოდა.
პროკურატურამ საქმეში მთავარ მტკიცებულებად ვიდეოზარების ჩანაწერები ამოიღო, რომლებიც მსჯავრდებულ ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას შორის საუბარს ასახავს. ჩანაწერების მიხედვით, მალანიამ, რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო, თავდამსხმელებს მასწავლებლის სასწავლო ცენტრისა და საცხოვრებელი სახლის მისამართები, ასევე სამუშაო გრაფიკი მიაწოდა, რითაც მათ თვალთვალის დაწყებისა და თავდასხმის გეგმის შემუშავების შესაძლებლობა მისცათ.
„მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები… ბოლო პერიოდშიც ჩატარდა გარკვეული სახის მოქმედებები, რომლებმაც ის მტკიცებულებები, რომელიც უკვე მოპოვებული გვქონდა, კიდევ ერთხელ დაადასტურა და გაამყარა… მყარი მტკიცებულებები გვჭირდებოდა, რომ ამ დასკვნამდე მივსულიყავით“, — განაცხადა ქეთი სონიძემ.
ამჟამად სასამართლო არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს და მას თავად გიორგი მალანია და მამამისი, მერაბ მალანიაც ესწრებიან. ყოფილი მაღალჩინოსნის შვილს ბრალი დაუმძიმდა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ნაცვლად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან (სსკ-ის 25, 117-ე მუხლი), რაც 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალის ოფიციალური დადგენილება მას ზაჰესის იზოლატორში გააცნეს.















