რატომ დააფინანსა ევგენი პრიგოჟინმა ფილმი „ტურისტი“?

პუტინის რეჟიმი რუსეთის ფარგლებს გარეთ სუვერენული სახელმიწოფების დემოკრატიულ პროცესებში ისეთი ადამიანების საშუალებით ერევა, როგორიც ევგენი პრიგოჟინია. პრიგოჟინი კრიმინალური წარსულის მქონე ბიზნესმენია, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების სურსათით მოსამარაგებლად სახელმწიფო კონტრაქტებს იღებდა და ასე მდიდრდებოდა. ბიზნესმენის საკუთრებაშია ინტერნეტ „ტროლების ფაბრიკაც“, რომელსაც დიდი ბრიტანეთის 2016 წლის რეფერენდუმში ჩარევაში ადანაშაულებენ. რეფერენდუმს 21-ე საუკუნის ევროპისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი – ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა უნდა გადაეწყვიტა. რა გასაკვირია, რომ ვლადიმერ პუტინი, როგორც ევრო-ატლანტიკური ერთობის ნომერ პირველი მტერი, „პირადი მზარეულის“ ხელით პროცესებზე გავლენის მოხდენას შეეცდებოდა.

პრიგოჟინი აფინანსებს კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერსაც“, რომელიც დაქირავებულ მებრძოლებს სირიაში, ლიბიაში, უკრაინაში, სუდანსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გზავნის. მებრძოლები იბრძვიან რუსეთისთვის და კრემლის სახელით, მაგრამ ისე, თითქოს საერთოდაც არაფერი აკავშირებთ ოფიციალურ მოსკოვთან. კრემლი პრიგოჟინის მსგავს ოლიგარქებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკუთარი მანიპულაციური მიზნების მისაღწევად იყენებს. მოსკოვიდან მიღებული ბრძანებების შესაბამისად, პრიგოჟინი არასტაბილურ ქვეყნებში სამოქალაქო პირების სიცოცხლისა და უსაფრთხოების სრული უგულებელყოფით ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევს.

ცოტა ხნის წინ, პრიგოჟინმა მხატვრული ფილმის „ტურისტი“-ს გადაღება დააფინანსა, რომელიც „ვაგნერის“ მებრძოლებს გმირებად წარმოაჩენს. ფილმში „ვაგნერის“ აფრიკულ ოპერაციებზეა აქცენტი და მიზანი „ვაგნერის“ გმირობის წარმოჩენა, შესაბამისად აფრიკის კონტინენტზე რუსეთის ინტერვენციის გამართლება და გაპიარებაა. სინამდვილეში კი, ახალგაზრდა რუს მამაკაცებს მოტყუებით აწერინებენ ხელს კონტრაქტებზე და შემდეგ „ვაგნერის“ რიგებში კრემლის ინტერესების შესაბამისად იყენებენ.

ფილმი „ტურისტი“ პრიგოჟინმა კონკრეტული მიზნით დააფინანსა. ვინაიდან, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში „ვაგნერის“ მებრძოლების მიერ ომის დანაშაულის ჩადენის საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს, რუსი ოლიგარქი „ვაგნერის“ მებრძოლების იმიჯის გამოსწორებას ცდილობს.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, „ვაგნერის“ ოპერაციებს, თავად დაჯგუფების დამფუძნებელი, დიმიტრი უტკინი ხელმძღვანელობს. მისი სამხედრო სახელია „ძევიატი“ (მეცხრე). უტკინი რუსეთის სპეცრაზმსა და 2013 წლამდე მთავარ სადაზვერვო სამმართველოში მსახურობდა. ბუნებრივია, უტკინს „ვაგნერის“ დამფუძნებელთან, პრიგოჟინთან მჭიდრო კავშირში აქვს. უფრო მეტიც, 2016 წლის 9 დეკემბერს, კრემლში „სამშობლოს გმირების დღესთან“ დაკავშირებით გამართულ მიღებაზე, უტკინმა ვლადიმერ პუტინთან ერთად ფოტოც კი გადაიღო. მოგვიანებით, კრემლის პრესსამსახურის უფროსმა, დიმიტრი პესკოვმა ფოტოსურათის ნამდვილობა დაადასტურა.

საინტერესოა, რომ ფილმში „ტურისტი“ უტკინის შესაბამისი პერსონაჟი ჰყავთ, რომელსაც ნამდვილი უტკინისგან განსხვავებით, ნაცისტური ტატუები სხეულზე არ აქვს. ეს მიზანმიმართული სვლაა, პრიგოჟინს სურს ადამიანებს დააჯეროს, რომ „ვაგნერი“ და კრემლი მაღალ მატერიებს ემსახურებიან, სინამდვილეში კი, ისინი მართლაც ნაცისტებივით მოქმედებენ და კრემლის სახელით ყველგან არეულობას, ომს და არასტაბილურობას იწვევენ.

ნესტან რობაქიძე

banner
წინა სტატიაშიუწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მასობრივი ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებაზე იმსჯელა
შემდეგი სტატიაძალადობა უნდა დასრულდეს- ბათუმში სოლიდარობის აქცია გაიმართა