“რატომ დაალაიქეთ ის პოსტი?”- გიგა ბოკერიამ მოსამართლეობის კანდიდატს მიმართა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენა გრძელდება.
დეპუტატები რიგით მე–16 კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს უსმენენ.

ოპოზიცია მიმდინარე პროცესებს ნეგატიურად აფასებს და სასამართლო სისტემაში არსებულ ე.წ. კლანურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას კითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, სერგო მეთოფიშვილის ერთ-ერთ Facebook პოსტს ეხებოდა. ბოკერიამ სთხოვა კანდიდატს შეეფასებინა, იყო თუ არა ეს პოლიტიკური თავდასხმა. ნინო ქადაგიძემ შეფასებისგან თავი შეიკავა, რის შემდეგადაც ბოკერიამ შეახსენა, რომ მას ეს პოსტი “დალაიქებული” აქვს.

პარლამენტის დამოუკიდებელი კანდიდატის, ეკა ბესელიას კითხვა ე.წ. “კლანს” ეხებოდა. ქადაგიძე არ არ მიიჩნევს, რომ ის “კლანის” წევრია.

“მაშინ ისეთივე წარმატებით შეიძლება ვთქვათ, რომ მაშინ მე ვიყავი ბატონი თედო ნინიძის კლანის წევრი, ვიყავი ლადო ჭანტურიას კლანის წევრი, ჯონი ხეცურიანის კლანის წევრი. ეს ის ადამიანები არიან, რომელთანაც კითხვა არ გაუჩნდება არავის არც ამ დარბაზში, და არც მის მიღმა. ამიტომ, მე არ ვთვლი, რომ რომელიმე კლანის წევრი ვარ,”- განაცხადა ქადაგიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენა კვირის ბოლოს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვოლსკი-ოპონენტებთან თანამშრომლობას ჭეშმარიტების დასადგენად აზრი არ აქვს
შემდეგი სტატია“შენ ქველმოქმედების სახით ტკივილის გასაყუჩებლად უფასო ნარკოტიკს უკეთებ”-ხუხაშვილი ივანიშვილის ინიციატივებზე