რატომ არ მოაწერა ხელი ენმ-ს პოლიტსაბჭოს განცხადებას მერაბიშვილმა და რა მისწერა მან სააკაშვილს

vanoერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომაზე მიღებულ განცხადებასა და მასთან დაკავშირებულ კულუარულ დეტალებს აქვეყნებს ელისო კილაძე გაზეთ “ქრონიკა პლუსში” და წერს, რომ გეგმის მიხედვით, პოლიტსაბჭოს განცხადებაზე, უგულავასთან ერთად, ხელი ვანო მერაბიშვილსაც უნდა მოეწერა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოკა გაბაშვილის შემოთავაზება უარყო და მკვეთრად გამოხატა, რომ სხვა პოზიცია აქვს.

როგორც “ქრონიკა პლუს” წერს, ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვანო მერაბიშვილმა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს წერილი გაუგზავნა, სადაც ცალსახად მიუთითა, რომ ენმ-ს ლიდერად სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მოიაზრებს:

“საპატიმროში მყოფმა ვანო მერაბიშვილმა უკრაინაში სააკაშვილს წერილი გაუგზავნა და მას სრული მხარდაჭერა აღუთქვა, – გამარჯვება მხოლოდ შენთან ერთად დადგება, „ნაცმოძრაობის“ ლიდერი შენ ხარო, – ასეთი ყოფილა ვანო მერაბიშვილის წერილის პათოსი.

„ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო ასევე საინტერესო ინფორმაციას უმხელს, – გიგი უგულავას წერილის გამოქვეყნების ინიციატორი გოკა გაბაშვილი ყოფილა, მისივე ინიციატივა გახლდათ ვანო მერაბიშვილთან კონსულტაციებიც, რომ გიგი უგულავასთან ერთად წერილისთვის „ნაცმოძრაობის“ გენერალურ მდივანს მოეწერა ხელი, მაგრამ ამ კონსულტაციებიდან არაფერი გამოსულა, მერაბიშვილს საკუთარი მკაფიო პოზიცია უკვე გამოხატული ჰქონია გაგზავნილ წერილში და გოკა გაბაშვილის თხოვნაზე იმთავითვე უარი უთქვამს”, – წერს “ქრონიკა+”-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი სტატიაში.

ელისო კილაძე სტატიაში პოლიტსაბჭოს სხდომის სხვა კულუარულ დეტალებზეც წერს. სტატიის თანახმად, სხდომაზე პარტიის ყრილობის მოსამზადებელ სამუშაოებზე მსჯელობა, მოულოდნელად, სოციალურ ქსელებში მხარდამჭერთა მიერ უარყოფითი და კრიტიკული სტატუსების განხილვაზე გადასულა და დღის წესრიგში ამის განცხადებაში ასახვაც დასმულა, რის წინააღმდეგაც ლევან ვარშალომიძე გამოსულა და სხდომა დაუტოვებია. მას მიჰყოლია დავით კირკიტაძეც:

თუ გაფართოებული ყრილობა პარტიის აქტივის მონაწილეობით ჩატარდა, მაშინ მიხეილ სააკაშვილი უკონკურენტოა. პოლიტსაბჭოს სხდომაზე არა, მაგრამ ყრილობაზე ერთი დელეგატის ხმის უფლებით ჩართვა მიხეილ სააკაშვილსაც უთხოვია. რას გამოიწვევს სააკაშვილის ჩართვა, ძნელი წარმოასადგენი არ უნდა იყოს. სწორედ ამ სირთულეებისა და წინააღმდეგობების გავალისწინებით პარტიის ყრილობის საკითხი ძირეულად აღარ განხილულა და სრულიად მოულოდნელად პარტიის მხარდამჭერების მხრიდან სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების განხილვა დაწყებულა.

ამ მომენტში პოლიტსაბჭოს სხდომა დაუტოვებია ლევან ვარშალომიძეს, რომელსაც უთქვამს, რომ დისკუსიაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავდა, არ მიიჩნევდა საჭიროდ, რომ თუნდაც რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებზე მყოფი პარტიის მხარდამჭერების მოსაზრებებს უნდა გამიჯვნოდა. პოლიტსაბჭოს სხდომა ასევე დაუტოვებია დათო კირკიტაძეს.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს ცალკეულ წევრებს განსაკუთრებული აგრესია თავისუფალი ზონის იმ წევრების სტატუსების გამო ჰქონიათ, რომლებიც აქტიურად იცავდნენ მიშა სააკაშვილს და ბოკერიას ჯგუფს აკრიტიკებდნენ, წინადადებაც კი დაუყენებიათ, ამ ეტაპზე მხოლოდ გაკიცხვით შემოფარგლულიყვნენ, თუ პარტიიდანაც გაერიცხათ განსხვავებული აზრის მხარდამჭერები. საბოლოოდ, სიტუაციის გამწვავებას მორიდებიან და ისევ განცხადების ტექსტზე შეთანხმებულან, რომელიც გოკა გაბაშვილს შეუდგენია და რომელიც თავისი პათოსით ძალიან ჰგავს კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს დადგენილებას.

დუღილის პროცესი პარტიაში ამით არ დასრულებულა – საბოლოოდ, ენმ-მ რაიონული ოფისების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ელენე ხოშტარია არ დასთანხმებია, რომელსაც უთქვამს, რომ ვაკეში მისი ოფისის ფუნქციონირებისთვის საჭირო სახსრებს თავად მოიზიდავს და ადგილობრივი არჩევნების წინ საკუთარ ამომრჩეველს არ დაემალება.

სხვა პარტიული ოფისები უსახსრობის მოტივით იხურება, მაგრამ აქტიური მუშაობა ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან მიმდინარეობს იმისთვის, რომ მათი მხარდაჭერა სწორედ ბოკერიას დაჯგუფებამ მოიპოვოს. ენმ-ს რაიონულ ორგანიზაციებთან მუშაობა და თავმჯდომარეების გადაბირება კი სწორედ ნიკა მელიას დაევალა”, – აღნიშნულია სტატიაში.

წყარო

banner
წინა სტატიაში“ახალმა მემარჯვენეებმა” ბლოკი “სახელმწფო ხალხისთვის” დატოვეს
შემდეგი სტატიაპოროშენკო : ზოგიერთმა უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება გადაწყვიტა,საქართველოს არჩევნებში დამარცხების შემდეგ