რატომ “აპრავებენ”გომელაური და გოგაშვილი კიტა იზორიას და რა ხდება ხელისუფლებაში-ინტერვიუ კახა მიქაიასთან

კიტა იზორიას გარშემო დაწყებული ვნებათაღელვა ისევ განახლდა. შს მინისტრმა ღიად დაუჭირა მხარი პოლიციელების მაგინებელს. ამის საპასუხოდ პრემიერმა განაცხადა, რომ იზორიას ქმედება იყო ამაზრზენი. პირველ  თებერვალს კი საქმეში სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ჩაერია და კიტა იზორია ლამის ეროვნულ გმირად გამოაცხადა.
„კიტა იზორიაზე მინდა დავწერო ორი სიტყვა და ვურჩიო მას სამომავლოდ. ვიცნობ პირადად ახლოს და ვიცი მისი სიტუაცია სრულად. ჩემო კიტა, რომ არ „გაგაკრან ჯვარზე” აწი, შენ და შენი ოჯახი, უნდა შექმნა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და გახდე თავმჯდომარე. რუსეთთან პატარა „დვიჟენიაც” უნდა მოიყვანო, ულვაში გინდა მოუშვი გინდ არა. (აბა კანადა- ამერიკაში, რომ გაკვალული გაქვს გზა რა გგონია? და მერე თუ გინდა აგინე პოლიციელებს, თუ გინდა თავში ხელი ურტყი,ყველაფერი გატარებული იქნება, არც შინაური გაგინებს და არც გარეული,ასეთია ჩემი კომენტარი“ – დაწერა გოგაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია მიიჩნევს, რომ გომელაურის და გოგაშვილის განცხადებები არის სამარცხვონო. მიქაიას მტკიცებით, კიტა იზორიას გარშემო ატეხილი ამბები ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლების შიგნით უმწვავესი დაპირისპირებაა. ამის შესახებ კახა მიქაია „თაიმერს“ ესაუბრება.
– კიტა იზორიას სკანდალს ხელისუფლების პირველი პირები სხვადასხვანაირად გამოეხმაურნენ. თქვენი აზრით, ეს რაზე მიუთითებს?
– ცალსახაა რომ ხელისუფლებაში არის დაპირისპირება. პრემიერი ამბობს ერთს, შს მინისტრი – მეორეს. გიორგი გახარია არის ადეკვატური, სამაგიეროდ კატასტროფული იყო ვახტანგ გომელაურის შეფასება. კიდევ უფრო კატასტროფული იყო სოსო გოგაშვილის განცხადება, რომელიც ვახტანგ გომელაურის მოადგილე იყო, როცა ეს უკანასკნელი სუსის უფროსი გახლდათ.
კიტა იზორია არაა პრობლემა, მასზე კომენტარსაც კი არ გავაკეთებ. მთავარი ისაა, თუ როგორ აფასებენ მის საქციელს ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს შეფასებები მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლების შიგნით არის კრიზისი.
– გომელაური და გოგაშვილი ვერ მიხვდნენ რომ კიტა იზორიას მხარდაჭერით პოლიციას დაარტყეს და ამით საზოგადოებისგან სამართლიანი აღშფოთება დაიმსახურეს?
– მიხვდნენ თუ ვერ მიხვდნენ, ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ. როდესაც ადამიანი ასეთ განცხადებებს აკეთებს, მის ადეკვატურობაში ეჭვი მეპარება. სიმართლე გითხრათ ისიც კი მეეჭვება, რომელიმე მათგანი ნორმალურია, თუ არა.
– და მხოლოდ ამიტომ თქვეს, ის რაც თქვეს?
– ცხადია, არა. მათი მიზანი იყო გახარიას საწინააღმდეგო განცხადების გაკეთება.
– რა დააკლეს ამით გახარიას? ოპოზიციაც კი აღიარებს რომ პრემიერი იზორიას სკანდალის შეფასებისას ადეკვატური იყო. არადა ოპოზიციას გახარია არ უყვარს.
– გახარიას ვერაფერი ვერ დააკლეს. შეფასებებიდან ნათლად ჩანს, რომ პრემიერი აბსოლიტურად ადეკვატურია. იმდენად შორს არის წასული გახარიას და დანარჩენებს შორის დაპირისპირება, რომ ოღონდ მის საწინააღმდეგოდ თქვან რამე და ყურადღებას აღარ აქცევენ განცხადების შინაარსს.
– დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ და ალბათ არც ის არის შემთხვევითი, რომ გახარიამ სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა, რომელმაც ლავროვი თბილისში მოიპატიჟა.
– პრემიერს ამ შემთხვევაშიც ვეთანხმები. საქართველოში ლავროვის შემოშვება არ შეიძლება. მისი საქართველოში შემოსვლა არის კონსტიტუციის დარღვევა და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა. მართალია ლავროვი დიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრია, მაგრამ ის არ ღირს იმად, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვიოს კანონი ოკუპაციის შესახებ. კარგია რომ პრემიერმა ამაზე ადეკვატური განცხადება გააკეთა.
– თქვენ ხაზს უსვამთ პრემიერის ადეკვატურობას. აშკარაა რომ მთავრობაში მისგან განსხვავებული შეხედულებები აქვთ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ეს ადამიანი მარტო დარჩა?
– ყველაფერი რომც ვიცოდე, თქვენთან მაინც ვერ ვილაპარაკებ.
– რატომ ვერ ვილაპარაკებთ?
საჭირო არ არის. მეტი რა   გითხარათ, რით გაგახაროთ?! მხოლოდ ამით შემოვიფარგლები.
– გამოდის რომ რაღაც იცით ამ დაპირისპირებაზე. ასეა?
– საუბარს არ ვაპირებ. იმას გეტყვით მხოლოდ რომ ხელისუფლების წარმომადგენლების ადეკვატურობა მათი განცხადებებით შეიძლება შევაფასოთ. რაც უკვე ითქვა იქედან გამომდიონარე გახარია ადეკვატურია. გოგაშვილი, ზურაბიშვილი და გომელაური კი არაადეკვატურები არიან.
-საინტერესო სხვა ჩინოსნები რას იტყვიან?
– იმედია ისინი გახარიას მიბაძავენ.
– მერე გახარიას ამაზე პრეტენზიები არ გაუჩნდეს?
– რატომ უნდა გაუჩნდეს პრეტენზიები?
– იმ დღეს ჟურნალისტებმა რომ კითხეს წერილებზე, უთხრა ჩემი ექსკლუზივია კითხვა „წერილი გინდა თუ სიხარული“ და თვალის ჩაპაჭუნებაო და მისი განცხადების გამეორებაც იქნება არ მოეწონოს.
– ვისაც უნდა იმას ჩაუპაჭუნოს თვალი, მე რომ არ ჩამიპაჭუნებს ვიცი. ვისგანაც უნდა იმისგან მიიღოს თუნდაც წერილი, თუნდაც სიხარული, მთავარია ადეკვატური იყოს. ჯობია ჩინოსანმა თვალები აპაჭუნოს, ვიდრე ის თქვას რაც გომელაურმა, ზურაბიშვილმა და გოგაშვილმა თქვეს. გოგაშვილი კიდევ უფრო სამარცხვინოა. ვუსმინე მის გამოსვლას პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე. მერე მოვუსმინე გივი თარგამაძეს. ვერ წარმიდგენთ როგორ გავდა ეს ორი ადამიანი ერთმანეთს. ფაქტიურად ერთიდაიგივეს ლაპარაკობდნენ. აი, ეს არის კოჰაბიტაცია. ქვეყნის უბედურება კი ისაა, რომ ერთს თავდაცვა და უშიშროება ებარა, ხოლო მეორე უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშინათესავით მიერ დანით დაჭრილი 49 წლის სპარტაკ ყორშია ხობის ცენტრალურ საავადმყოფოში ოპერაციის დროს გარდაიცვალა
შემდეგი სტატიანაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია