11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

რატომ აღარ იძებნება მამუკა მდინარაძის დეკლარაციები

“პუბლიკას” ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის ქონებრივი დეკლარაცია საჯაროდ აღარ იძებნება. ასევე წაშლილია მისი ძველი დეკლარაციები 2017 წლიდან, როდესაც ის პარლამენტის წევრი იყო.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის მე-2 მუხლით, რომლითაც განსაზღვრულია „თანამდებობის პირთა” ვინაობა, დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ეკისრებათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ხელმძღვანელ პირებსაც.

მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი 2025 წლის 3 სექტემბერს გახდა. თუმცა დეპუტატობის პერიოდში დეკლარაციას ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურად იანვრის ბოლოს აბარებდა. ამ მოცემულობით, მდინარაძეს დეკლარაციის წარდგენა 2026 წლის იანვრის ბოლოს უწევდა. როგორც ეს სუსის წინა უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

მან დეკლარაცია ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ამ წლის იანვრის ბოლოს ჩააბარა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა.

(შენიშვნა: თუკი დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ამის თაობაზე შეტყობინება და შემდგომ მისი აღმოფხვრა ყველაზე მეტი 2 თვეს გრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ საჯაროვდება დეკლარაცია). 

კანონის თანახმად, დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში თანამდებობის პირი 1 000 ლარის ოდენობით ჯარიმდება. მამუკა მდინარაძეს 4 მოადგილე ჰყავს: ლაშა მაღრაძე, ალექსანდრე მაისურაძე, ლევან ხარაბაძე და თამაზ ბორაშვილი. არც სუსის უფროსსა და არც მის მოადგილეებს დეკლარაციები წარდგენილი არ აქვთ.

„პუბლიკამ” სუსის ხელმძღვანელი პირების მხრიდან დეკლარაციების წარდგენის ვალდებულებისა და მამუკა მდინარაძის ძველი დეკლარაციების წაშლის თაობაზე შეკითხვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა.

„ვინაიდან თქვენ მიერ დასახელებული თანამდებობის პირები წარმოადგენენ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ რგოლს, არსებული პრაქტიკის შესაბამისად, მათი დეკლარაციები საჯაროდ არ იძებნება, რაც ასევე სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან”, – გვპასუხობენ უწყებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2015 წელს შეიქმნა. სუსის უფროსის რანგში დეკლარაციებს ავსებდნენ, როგორც ვახტანგ გომელაური, ისე გრიგოლ ლილუაშვილი და მათი მოადგილეები.

რაც შეეხება სუსის კიდევ ერთ ყოფილ უფროსს, ანრი ოხანაშვილს, რომელსაც სუსის ისტორიაში ყველაზე ცოტა ხანს მოუწია (4 თვე და 2 კვირაზე მეტი) თანამდებობაზე ყოფნა, 2026 წლის იანვარში მანაც წარადგინა დეკლარაცია სუსის ყოფილი უფროსის რანგში. არცერთი მათგანის ძველი დეკლარაცია დღემდე არ წაშლილა. 

სუსი „პარადოქსულს” უწოდებს ნორმას, რომელიც ამავე უწყების თანამდებობის პირებს დეკლარაციების გასაჯაროებას ავალდებულებს და მათივე თქმით, ამაზე მუშაობა პარლამენტმა უკვე დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“ზავი ახალი დანაშაულებისთვის სჭირდებათ!”- ირანმა აშშ-ის ულტიმატუმს უარით უპასუხა
შემდეგი სტატია“აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევებით საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დაარღვია”