რატიანის წერილი ღირებულებებისგან გადახვევის ტოლფასია-“ენმ”ს- აჭარის ორგანიზაციის პასუხი

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის რეგიონული ორგანიზაცია პარტიის გენერალური მდივნის, სერგო რატიანის წერილს, წერილით პასუხობს. აჭარის რეგიონალური ორგანიზაცია ცალსახად ემიჯნება ამ განცხადებას და მიაჩნია, რომ 20 იანვარს დანიშნული ყრილობა აბსოლუტურად ჯდება კანონის ფარგლებში.

“ბატონ სერგო რატიანს! დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, კვლავ დადგა ისტორიული არჩევანის წინაშე… დღეს, როდესაც რუსი ოლიგარქის არაფორმალური მმართველობა, გაყალბებული არჩევნები, კიდევ ერთხელ გვიქმნის რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნის საფრთხეს…. ქვეყანაში დასავლური ღირებულებების მქონე ერთადერთი მთავარი ოპოზიციურ ძალა, რომელსაც მართებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა – წინ აღუდგეს ამ ყველაფერს – გახლავთ მპგ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. სამწუხაროა როდესაც ამ პარტიის ვიწრო ჯგუფი, მათ შორის აღმასრულებელი მდივანი, ცალსახად ეჭვქვეშ არ აყენებს 8 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას და მიგვანიშნებს 20 იანვრის ყრილობის “იურიდიულ ჩიხზე”. მიგვაჩნია, რომ მპგ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არის ამომრჩეველთა პარტია და აქ გადაწყვეტილებას იღებს მისი უზენაესობა- ხალხი. მიგვაჩნია რომ, “ენმ”-ის ყველაზე მთავარი ღირებულება, ეს არის დემოკრატიული პროცესები რომელსაც უნდა ემორჩილებოდეს ჩვენი პარტიის ყველა წევრი მიუხედავად მისი რეგალიისა თუ სტატუსისა. 2016 წლის 30 ნოემბერს პოლიტსაბჭომ განსაზღვრა ყრილობის ჩატარების წესი და თარიღი!!! დღეს პარტიის აღმასრულებელი მდივნის მხრიდან ამ დემოკრატიული წესით განსაზღვრული ყრილობის იურიდიულ “ლაფსუსებზე” საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, იმ ღირებულებებისგან გადახვევის ტოლფასია, რა ღირებულებებზეც იდგა და დგას ჩვენი პარტია… “ენმ” აჭარის რეგიონალური ორგანიზაცია ცალსახად ემიჯნება ამ განცხადებას და მიაჩნია, რომ 20 იანვარს დანიშნული ყრილობა აბსოლუტურად ჯდება კანონის ფარგლებში. ერთადერთი ძალა, რომელიც დაასრულებს რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მმართველობას ქვეყანაში, გახლავთ მპგ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” , რომლის ყრილობაც გაიმართება 20 იანვარს, სრულიად კანონიერად და სამართლიანად. ვიმედოვნებთ, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების აზრს და არ შეაფერხებთ პროცესებს, ვინაიდან დრო არ ითმენს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.” ნათქვამია წერილში.

banner
წინა სტატიაშიბერლინში სავარაუდო ტერორისტების სასამართლო მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასირიის შესახებ მოლაპარაკებები ასტანაში 23 იანვარს განახლდება