რატი იონათამიშვილი ეკა ბესელიას პასუხობს – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ვიბრძვით, მაგრამ არასდროს ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ვიბრძვით, მაგრამ არასდროს ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით, – ასე უპასუხა უმრავლესობის წარმომადგენელმა რატი იონათამიშვილმა დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას, რომელმაც იონათამიშვილს მიმართა, „ნუ სარგებლობდა რაღაცებით“.

„ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, ვიბრძვით ჩვენი მდგომარეობიდან, მაგრამ არასდროს ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით. ეტლი არის ჩვენი საჭიროება და არა დიაგნოზი. როცა ადამიანის უფლებების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე შეზღუდულ შესაძლებლობაზე მიგითითებს, ამით თითოეულ შშმ პირს აყენებს შეურაცხყოფას.

ამაზე უკადრებელი უკვე აღარ ვიცი, რა უნდა თქვას. ასეთი მენტალიტეტი ქმნის სტერეოტიპებს და ამას ვებრძვი მას შემდეგ, რაც ეტლის საჭიროება მაქვს“, – ასე უპასუხა რატი იონათამიშვილმა ეკა ბესელიას რეპლიკას.

კამათი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხდა, სადაც იუსტიციის საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ. „ნუ მაწყვეტინებ და ნუ სარგებლობ რაღაცებით“, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილს, როდესაც თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ვატო შაქარიშვილის დარბაზში შეშვების საკითხს განიხილავდნენ. დედაქალაქის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ვატო შაქარიშვილს არ უშვებდნენ პარლამენტის იმ დარბაზში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატები აცხადებდნენ, რომ ვატო შაქარიშვილს შეეძლო დაეკავებინა ის ადგილი, რომელიც რიგითი მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი.

banner
წინა სტატიაშიგარდაბანში ათი თვის ჩვილი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიათემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, გენერალურ პროკურატურაში ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ