რატი ბრეგაძე – სააკაშვილთან დაკავშირებით განაჩენი დამდგარია და ჩვენ გვაქვს ვალდებულება, აღვასრულოთ სასჯელი, შეგრძნებების თუ პოლიტიკური განცხადებების საფუძველზე არ ვიმოქმედებთ

სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც გვექნება ექიმებისგან დასტური, რომ გადაყვანა რეკომენდებულია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, ექიმების ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

„ჩემი მოსაზრება არ არის, ექიმების შეფასებაა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და თითოეულ ჩვენგანს უხარია. მოწადინებული ვართ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს საუკეთესო მდგომარეობაში. ყველაფერს ვაკეთებდით, ამჟამადაც ვაკეთებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს საუკეთესო მდგომარეობაში. რაც შეეხება გადაყვანის საკითხს, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც გვექნება დასტური ექიმებისგან, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა რეკომენდებულია. ხშირად გვაქვს ექიმებთან კომუნიკაცია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, რატი ბრეგაძეს შეფასება სთხოვეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადების, სადაც მან აღნიშნა: „სააკაშვილის ბედი ჩვენთვის პრიორიტეტულია, უკრაინა დაინტერესებულია, რომ სააკაშვილი იყოს თავისუფალი“.

ბრეგაძის თქმით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და კანონის ფარგლებში მოქმედებენ.

„საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, შესაბამისად, ვმოქმედებთ მკაცრად კანონის ფარგლებში. იუსტიციის სამინისტრო პასუხისმგებელია სასჯელის აღსრულებაზე, ამავდროულად, ნებისმიერი პატიმრის უფლებების დაცვაზე. ჩვენ აღვასრულებთ სასჯელს, ამავდროულად, ვიცავთ ყველა პატიმრის უფლებას. არაერთხელ გვქონია საუბარი, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვიმოქმედებთ შეგრძნებების თუ პოლიტიკური განცხადებების საფუძველზე. არსებობს მკაცრად გაწერილი სამართლებრივი ნორმები, რომლებსაც განუხრელად ვიცავთ“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძეს კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებას, რომ სააკაშვილი უდანაშაულოდ ზის ციხეში.

„არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი და ვენდობი სასამართლოს გადაწყვეტილებას. ნებისმიერი ადამიანის უფლებაა, ისაუბროს იმაზე, რაც უნდა, მიიღოს და გაავრცელოს ნებისმიერი ინფორმაცია, თუმცა მტყუან-მართლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. განაჩენი დამდგარია და ჩვენ გვაქვს ვალდებულება, აღვასრულოთ სასჯელი. მიმდინარე საქმეებს რაც შეეხება, სავარაუდოდ კომენტარს გააკეთებს შესაბამისი უწყება, ამაზე ჩვენ არა ვართ პასუხისმგებელი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი გელათის საკითხზე
შემდეგი სტატიაოთხმა საპარლამენტო კომიტეტმა საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირა