რატი ბრეგაძე: 2013 წლიდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არც ერთი საჩივარი არ მიუღია პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხზე

2013 წლიდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არც ერთი საჩივარი არ მიუღია პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხზე, რაც ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ცალსახად და მკვეთრად გაუმჯობესებულია 2012 წლის პერიოდთან შედარებით, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, უკვე დაწყებულია მუშაობა პატიმრების ახალ კოდექსზე იმ კოდიფიკაციის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო.

„მიღწეული და ნათლად ხილული მრავალი წარმატების მიუხედავად, რომელიც თქვენ არ გსიამოვნებთ და გაწბილებული ხართ იმით, რომ არაფერი გაქვთ ხელმოსაჭიდი, თამამად უნდა ითქვას, რომ ჩვენ ყოველთვის ვეძებთ პრობლემებს სისტემის შიგნით. შორს ვართ მოსაზრებისგან, რომ ჩვენ იდეალურები ვართ, არაფერი გვაქვს დასახვეწი და დიახ, სწორედ ჩვენი გადაწყვეტილებით დაიწყო მუშაობა პატიმრობის ახალ კოდექსზე იმ კოდიფიკაციის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო, რადგან ნათლად დავინახოთ ყველა ის ხარვეზი, რომელიც არსებობს და ერთობლივი ძალებით აღმოვფხვრათ. თუ სურვილი გექნებათ, ნებისმიერ აქ მყოფს ოპოზიციის მხრიდან ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა.

როგორც იუსტიციის სამინისტრო, ასევე პენიტენციური სამსახური არ დარჩენილა უკრაინაში მიმდინარე პროცესების მიღმა. უნდა ვთქვათ, რომ უკრაინის მოქალაქე პატიმრებს საშუალება აქვთ, ისარგებლონ უკრაინაში ზარების განხორციელების უფლებით და ეს ფინანსდება სახელმწიფოს მიერ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაგმო რუსეთის პატრიარქის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით და სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა
შემდეგი სტატიააშშ არ განიხილავს უკრაინის პორტების განბლოკვის მიზნით სამხედრო ინტერვენციას – პენტაგონი