რასაც ჩვენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვხვდებით, ეს არის აბსოლუტურად საგანგაშო, იმიტომ, რომ დემოკრატიის ყველა კომპონენტში ჩვენ გვაქვს უმძიმესი შეფასებები – ხოშტარია

რასაც ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვხვდებით, ეს არის აბსოლუტურად საგანგაშო, იმიტომ, რომ დემოკრატიის ყველა კომპონენტში ჩვენ გვაქვს უმძიმესი შეფასებები, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ამ საკითხს საზოგადოება წლების განმავლობაში ძალიან მძლავრად აპროტესტებდა, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის შეფასება.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის დოკუმენტი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რას წარმოადგენს ესა თუ ის ქვეყანა, განსაკუთრებით, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. შესაბამისად, ის განსაზღვრავს ამ ქვეყნის პერსპექტივას ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობის. ის, რასაც ჩვენ ამ დოკუმენტში ვხვდებით, ეს არის აბსოლუტურად საგანგაშო, იმიტომ, რომ დემოკრატიის ყველა კომპონენტში ჩვენ გვაქვს უმძიმესი შეფასებები. ეს ჩვენთვის ახალი არ არის, ყველა ამ საკითხს საზოგადოება წლების განმავლობაში ძალიან მძლავრად აპროტესტებდა, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი, როგორც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის შეფასება.

აქ ჩვენ გვხვდება 2021 წლის არჩევნების კრიტიკა, პოლიტიკური დევნა, ძალიან დეტალურად გაწერილი, სადაც პირდაპირ არის ჩამოთვლილი, სააკაშვილის, მაჩალიკაშვილის, ე.წ. „კარტოგრაფების“, რურუას, მელიას, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის, ნიკა გვარამიას საქმე. ჩვენ აქ გვხვდება პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების, ძალადობისა და ადამიანის უფლებების, მათ შორის აქტივისტების უფლებების დარღვევის ფაქტები. შეკრების თავისუფლების დარღვევის შემთხვევები. ცალკე გამოსაყოფია ჟურნალისტებზე როგორც პოლიტიკური თავდასხმა, ასევე ძალადობის ფაქტები. ცალკე გამოსაყოფია ლაშქარავას საქმე, სადაც პირდაპირ წერია, რომ მკვლელობის მიზეზების გამოძიების ნაცვლად, სახელმწიფო ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაციით დაკავდა. ასევე, ომბუდსმენზე თავდასხმის ფაქტები. პრაქტიკულად, ჩვენი ამ დემოკრატიული დეგრადაციის პროცესი არის აღწერილი ამ დოკუმენტში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მათ შორის იმ კითხვარის, რომელიც ჩვენი ევროკავშირის პერსპექტივას განსაზღვრავს, შინაარსი არის ამ დოკუმენტში მოყვანილი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი მთავრობის პირობებში, ჩვენი ევროატლანტიკური პერსპექტივა არის საფრთხის ქვეშ და შესაბამისად, ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები რა დგას დღეს სასწორზე”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრეზიდენტმა ესტონელი სპეციალისტები რუსული არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოსაძიებლად შექმნილ სპეციალურ ჯგუფში მიიწვი
შემდეგი სტატიაარამეგობრული ქვეყნები რუსეთის მიწოდების ქსელებს ანადგურებენ – პუტინი