რასა იუკნევიჩიენემ კრიზისიდან გამოსვლის საკუთარი გეგმა წარადგინა-თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ ირაკლი კობახიძე და ვახტანგ გომელაური

საქართველოს კრიზისიდან გამოსასვლელად თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ ირაკლი კობახიძე და ვახტანგ გომელაური, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს.

„როგორც ადამიანს, რომელსაც ევროპული ღირებულებების სწამს, როგორც დემოკრატიული საქართველოს მეგობარს, არ შემიძლია, ჩუმად ვუყურო იმას, რაც ახლა საქართველოში ხდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა, ერთადერთმა ოლიგარქმა საქართველოში, რომელმაც მოახერხა საქართველოს დაპყრობა, ღრმა პოლიტიკური კრიზისი შექმნეს. ეს კრიზისი შეიქმნა იმიტომ, რომ მათ, ორივემ უღალატა საქართველოს ევროპულ გზას, რაც კონსტიტუციაშია გაწერილი და მოახდინა მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის ლეგიტიმაცია. ეს ყველაფერი კეთდება ან შეგნებულად, ან სულელობით. კრემლი ბედნიერია.
ყველაზე პასუხისმგებლიანმა ქართველმა, თუნდაც მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიაში, ოპოზიციაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და დემოკრატიული, ევროპული საქართველოს მეგობრებმა, საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ამ კრიზისიდან გამოსვლის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რასა იუკნევიჩიენემ კრიზისიდან გამოსვლის საკუთარი გეგმა წარადგინა.

„პირველი ნაბიჯები უნდა იყოს შემდეგი: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება პოლიციისა და სპეცრაზმის ძალადობის შესახებ; პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დაუყოვნებლივი გადადგომა; დროებითი ტექნიკური ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა, პროცესს სალომე ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს; ჟურნალისტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მომიტინგეების მიმართ სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების შესახებ ევროკავშირის ხელმძღვანელობით საერთაშორისო გამოძიების ჩატარება; დაუყოვნებლივი ინდივიდუალური სანქციები ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დანაშაულებსა და სისასტიკეზე; ქართული პოლიტიკური პარტიების შეთანხმება ახალი საპარლამენტო არჩევნების სამი თვის ვადაში ჩატარების შესახებ, რომლის ორგანიზებაც საერთაშორისო თანამეგობრობის, დემოკრატიული პარტნიორების დახმარებით მოხდება. ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისთვის მზადება. ქართულ პოლიტიკურ ძალებს და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მოლაპარაკებები და შეთანხმების მიღწევა საქართველოში არსებული საშიში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებისა და ევროკავშირის წარმომადგენლების დახმარებით უნდა განხორციელდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშოთა არველაძე – მე გუშინდელმა ღამემ ვერ გამაძლებინა, რომ დღეს არ მოვსულიყავი და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა – ძალიან რთული, აუტანელი საყურებელი, შოკი იყო ის, რაც გუშინ ვნახე
შემდეგი სტატიამამა ზაზა თევზაძე: ეს არის მიზანთროპული და რაშისტული უზურპატორები და მათი კაცუნები