რასა იუკნევიჩენე: შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა კატასტროფა იქნება

“შეთანხმება არის ახალი სიტუაციის დასაწყისი, ნაკლები სიძულვილით და შესაძლოა, მეტი თანამშრომლობით პოლიტიკურ ჯგუფებს შორის”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩენემ ბრიუსელში „ლელოს“ წარმომადგენლებთან, მამუკა ხაზარაძესთან, ბადრი ჯაფარიძესა და გრიგოლ გეგელიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ლელოსთან“ შეხვედრა, როგორც ყოველთვის ძალიან კონკრეტული და მომავალზე ორიენტირებული იყო. ვისაუბრეთ როგორ შეიძლება შეთანხმების ამოქმედება. მოხარული ვართ, რომ შეთანხმებას ხელი მოეწერა მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ყველა პოლიტიკურ პარტიას არ მოუწერია. იმედი გვაქვს, რომ ისინი ამას გააკეთებენ. აუცილებელია, რომ უმსხვილესი პოლიტიკური პარტია იყოს შეთანხმების მონაწილე. ჩვენ ვისაუბრეთ პატიმრობაში მყოფ პოლიტიკურ ლიდერებზე და თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა, რა დახმარება შეგვიძლია ჩვენ და ამისთვის მზად ვართ. საქართველოს პარლამენტს სჭირდება ძლიერი, რეალური ოპოზიცია. ასევე, ვისაუბრეთ მომავალზე, განსაკუთრებით 2024 წელზე, როდესაც მმართველ პარტიას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება აქვს დაგეგმილი. ვისაუბრეთ ჩვენს თანამშრომლობაზე ამ საკითხთან დაკავშირებით.

ახლა არ არის მნიშვნელოვანი დამნაშავეების და მთავარი პასუხისმგებელი პირების ძებნა. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ეს მომენტი გამოიყენოს, რადგან შეთანხმება არის ახალი სიტუაციის დასაწყისი – ნაკლები სიძულვილით და შესაძლოა, მეტი თანამშრომლობით პოლიტიკურ ჯგუფებს შორის.

ნიკა მელიას საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, მმართველი პარტია და ოპოზიცია, ევროკავშირის ინსტიტუტების დახმარებით, იპოვიან გამოსავალს, უახლოეს ხანში მელია გათავისუფლდება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდება პარლამენტს“, – განაცხადა რასა იუკნევიჩენემ.

ევროპარლამენტარის თქმით, შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა კატასტროფა იქნება.

„ვიცი, რამდენ სირთულეს აწყდებოდა ჩემი ქვეყანა, ვიდრე ის ნატო-ს და ევროკავშირის წევრი გახდებოდა, იყო მუდმივი ტურბულენტობა. ასე რომ, ეს მხოლოდ საქართველოსთვის არაა დამახასიათებელი. ერთადერთი განსხვავება შეიძლება იყოს, რომ ჩვენ უფრო ჩრდილოელები ვართ და თქვენ სამხრეთელები. საქართველოსთვის, ანუ სახელმწიფოსთვის, რომელმაც დამოუკიდებლობა არც ისე დიდი ხნის წინ აღადგინა, ახლა ყმაწვილობის პერიოდია. ეს გარდატეხის ასაკია და სირთულეები თან ახლავს. ამას ახლავს ეკონომიკურ-სოციალური პრობლემები და ა.შ. ასევე პოლიტიკოსებიც, რომელთა ნაწილი მანიპულირებს, ღია პოლიტიკის წარმოების ნაცვლად.

შეთანხმება თუ არ ამოქმედდება, კატასტროფა იქნება. იმედია, ეს არ მოხდება. ასეთ სცენარს არც კი განვიხილავ. იმედი მაქვს, მმართველი პარტია ხვდება საკუთარ პასუხისმგებლობას, რადგან ყველა ინსტრუმენტი მათ ხელთაა. მათ არ უნდა გაუცრუონ იმედები ასეთი მაღალი დონის ევროპელ პოლიტიკოსებს. ვერც კი ვიხსენებთ, ისტორიაში როდის იყო საქართველო ევროპისთვის ასეთ ყურადღების ცენტრში“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: შეთანხმების დროს არ უნდა იჩქარო, რადგან ეშმაკი დეტალებშია
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: საქართველომ შესაძლებელია მოიპოვოს ევროკავშირის წევრობის შუალედური სტატუსი