რას წერს წალენჯიხის პრესა- ,,მაჭარალების” მიერ ატეხილი განგაში

რას წერს წალენჯიხის პრესა- ,,მაჭარალების” მიერ ატეხილი განგაში

egrisiგამარჯობა, ჩემო მკითხველო, აპრილის თვე მთლიანად დახუნძლული აღმოჩნდა ახალი ამბებით,არც ისე კარგით, მაგრამ ნამდვილად რომ საინტერესოთი. რას არ გაიგონებ ამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში კაცი, ჭორ-მართალი ერთმანეთშია არეული,მაგრამ ისე საინტერესოდ მოგიყვებიან,იმ ჭორშიც დაგაჯერებენ. ჩვენი ხელისუფალნიც,ცოტას რომ გაიწვალებდნენ თავს,ჩამოსკუპდებოდნენ იმ ფირმა მანქანებიდან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ივლიდნენ,ბევრ რამეს გიგებდნენ,გაიგონებდნენ, დაინახავდნენ და მიხვდებოდნენ, მაგრამ უნდათ, როო?!
ერთერთ სოფელში რომ მისულან გამგეობის წარმომადგენლები, რამდენიმე კაკალ იმ სოფლის მცხოვრებს საყვედურებით აუვსიათ, ამაზე იმ სოფლის სამარშრუტო ტაქსში მხატვრულად ყვებოდა ერთი ქალბატონი, როცა სოფლის სატკივარით აავსეს, ხალხის საყვედურების მოსმენა არ ისურვეს, თურმე, ისე ჩალაგდნენ ,,ჯიპში”,რომ ხალხის ხმა ხალხსვე შეატოვეს ჰაერში,არადა, უსამართლოს რას ითხოვდნენ,სოფლის გზის შეკეთებას და სასმელ წყალს.მხოლოდ სოფლის რწმუნებულის მონდომება რომ არ შველის საქმეს, ამას ვერ ხვდებიან, ცხარობდა ერთი ასაკოვანი, ის ახალგაზრდა კაცია, აქუაური, სოფელი უყვარს და ხალხიც უდგას გვერდით, მის მზეს ვფიცულობთ,მაგრამ მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გახდება. იმ ქალბატონს ახალგაზრდა გოგომ აუბა მხარი, ქუჩაში რომ შეხვდნენ ხალხს, ნუთუ ჩვენი სოფელი ღირსი არ არის, ერთი ოთახი მაინც რომ გვქონდეს,რომ დავჯდეთ და ჩვენს პრობლემებზე ვისაუბროთ, თხებისა და ძროხების სადგომად რომ უქცევიათ ეს ამხელა შენობა, კომუნისტების აშენებული, გამოუყონ, ბატონებო,სოფელს თანხა მის შესარემონტებლად და მთელი სოფელი ვიმუშავებთ, დავუდგებით რწმუნებულს გვერდით და საქმე თუ არ გავაკეთეთ, იმასაც ნახავენო. მოკლედ,ამ სოფლის პრობლემებზე ზემდგომებიდან უყურადღებობაზე ჩიოდნენ.

ჩავილაპარაკე,დროზე გაუღწევიათ მეთქი, კი არ გააღწიეს,გაიძურწნენო, დაამატა იმ გოგომ. რას არ გაიგონებს კაცი, წალენჯიხა ყოველთვის იყო ცნობილი სტუმართმოყვარეობით,ამ დღეებში ჭალის სოფლისკენ მომიწია წასვლამ, მოგეხსენებათ, იქამდე კიდევ რამდენიმე სოფელია გასავლელი, იქ იმდენი ამბები მოვისმინე, ერთი გაზეთი მაინც არ ეყოფა. ხო, სტუმრები ჰყოლიათ,სოფლის მეურნეობის მინისტრი ამალითურთ,თან გუბერენატორიც ახლდათ თურმე,შემდეგ ახალგახსნილ რესტორანში დაუპატიჟნიათ,მაგრამ მეზობელი რაიონიდან ერთი-ორი სტუმარი გამორჩენიათ, გამგებლისმოადგილეს კახა შეროზიას წაუყვანია სხვა რესტორანში, საოცარია, სოფლის მეურნეობის საკითხების განსახილველად ჩამოსულან და დარგის სპეციალისტები არ დუპატიჟნიათ, სამარცხვინოა, პირდაპირ. – ბრაზობდა ის კაცი.

ა იცოდე, რომ მუშტი-კრივი სამსახურში კი არა, ქუჩაშიც რომ არ უნდა გამართოო, შეეხმიანნენ გაგონილით აღშფოთებულები,ან პოლიცია სად იმაგრამ მეორე მგზავრი უარესი მოყვა, მთავარი არ გცოდნიათ,იმ რესტორანში ისეთი მუშტი-კრივი გამართულა,თქვენი მოწონებულიო, საკრებულოს თავმჯდომარეს ძალათი რომ არ გამოეყვანა ის მოჩხუბარი, ალბათ, ტრაგედიით დამთავრდებოდაო სამინისტროს იმდღევანდელი ვიზიტი, იმ მინისტრთან და გუბერნატორთან სულ კორუფციონერები და მექრთამეები უძახა თურმე იმ მოჩხუბარმა,თან ურჩია, უფრო ზემდგომებს გადაეცით,რომ ამათ იმედად ნუ იქნებიან, თორემ წალენჯიხაში არჩევნებს წააგებთო. ხალხს ისე მოაბეზრეს თავი, ვფიქრობ, არჩევნებამდე გარეკავენ, ამ უსაქმურების ყურება მეტი აღარ შეუძლიაო ხალხს, შეეშველა წინ მჯდომი მგზავრი. უკნიდან კი რამდენიმემ ერთდროულად შეაწია სიტყვა, ვის ხარჯზე ქეიფობდნენო, ნეტავი?!რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ხარჯზე, – დაასკვნა მის გვერდით მჯდომმა. ხო, ამ მუშტი-კრივზე გამახსენდა, ეს ჩვენი გამგებელი რა მოჩხუბარი ვინმე ყოფილა,ერთი თავისი ტოლ ახალგაზრდას სამსახურს შეპირებია, მერე ,,გადაუგდია”,აქაც ყოფილა ერთი გაწევ-გამოწევა, მერე გაუშველებიათ,მაგრამ გამგებლის ფეხი ისე მწარედ მოხვედრია თვალზე, თვალახვეული დადიოდა თურმე. ესეც შენი და თმენის ვალდებულება, რაიონის ხელმძღვანელი რომ ხარ, ისიც უნყო, ან ვინმე ვერ ხედავს ასეთ უმსგავსობებს, ჩვენ რომ ვიყოთ, ციხეში ამოგვაყოფინებდნენო თავს, შეაწია ერთმა.კი ბატონო,პოლიციაც იქვე იყო, მაგრამ თითქოს არაფერი მომხდარა, ისე მიაფუჩეჩესო. პოლიციაო, ატყდა რა ატყდა, ერთმანეთს არ აცლიდნენ მგზავრები, უფრო მაშინ გაბრაზდნენ, როცა ერთი ყვებოდა პატრულის მიერ მოქალაქის აბუჩად აგდების ფაქტს. ვისი იმედი გაქვთ,რისი იმედი გაქვთ,ხალხნო, ამა სწინათ ასეთ ფაქტს შევესწარი, ერთი პატიოსანი წალენჯიხელი კინაღამ ,,კანდალებით” წაათრიეს პოლიციაში იმის გამო, რომ უსაფრთხოების ქამარი არ ჰქონია გაკეთებული, რომ არა ვიღაც პოლიციელი, ვინმე მოსიძე, შეიძლებოდა დაეპატიმრებინათ კიდეც, უფროსებისაგან გვაქვსო ასეთი დავალება, მერე იცით რა ბრალდება წაუყენეს? ნასვამი იყო და გვაგინებდაო, მე ვარ მოწმე, არც ნასვამი ყოფილა, ვიცი, რამდენი წელია არ დაულევია,მაგრამ რაღაცით ხომ უნდა ემართლებინათ თავი. ვინ არის, შვილო, გამკითხავი, ეს უფროსობა რისთვის ავირჩიეთ,თუ არ მოგვხედავდა და ყველა ისე დაგვჩაგრავდა,როგორ ,,ხოშზედაც” დადგებიანო,ძლივს ამოღერღა წუხილი ერთმა მოხუცმა,რაც მთელმა ავტობუსმა დაუდასტურა.
ეს უკვე აგერ, ბაღში მოვისმინე, ახალგაზრდები იმაზე ცხარობდნენ, რომ ამის კაცი,იმის კაცი არასდროს რომ არ მოიშლება ამ ქვეყანაში. ნეპოტიზმი მოისპოო, პროტექციონიზმი წარსულს ჩაბარდაო, ტყუილია ეს, ორმაგად ყვავისო წალენჯიხაში, ცხარობდა ერთი. თურმე რა ხდება, სოცუზრუნველყოფის სამსახურის უფროსად გამგებლის ახლო ნათესავი დაუნიშნავთ. ის გამოცდილი მუშაკია და იმსახურებდაო, სიტყვა შეაწია ერთმა. მერე რა, რომ გამოცდილია, ყველა ამოცდილი მუშაობს იქ, რაღა ის შეარჩიესო. ერთმა ფაქტის ,,გაპრავება” მოინდომა, გამგებლის ნათესავი რომ არის, რატომ უნდა დაიჩაგროსო, კი ბატონო, გამგებლის ათესავი არ უნდა დაიჩაგროს, მაგრამ ოჯახიანად თანამდებობებზე არ უნდა იყონო, ჩვენ, ვინც უფროსობის ნათესავები, ან ძმაკაცები, ან ძმაკაცების ნათესავები არ ვართ, დაჩაგრულები როდემდე ვიყოთო. მართლებიც არიან, ერთი ოჯახის სამი წევრიდან სამივეს რომ ჩამოურიგებ სამსახურებს, სხვა ოჯახებმა რა დააშავეს, ქმარ-შვილი გამგეობაში რომ დაასაქმეს, ახლა ცოლსაც უჩალიჩეს საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრობა, თურმე სერთიფიკატი არ ჰქონია და სანამ არ აიღო, ვაკანსიაზე ორჯერ გამოაცხადეს კონკურსი, მერე სერთიფიკატმაც მოუსწრო და დაუფასა ამაგი მოსწავლემ მასწავლებელს, მე და ჩემი მეგობრები დაჩაგრულები რომ დავდივართ, უსამსახუროდ,ვისზე ნაკლები განათლება გვაქვს,ან როდის უნდა მივიღოთ ეს გამოცდილებაო.ვერ შეედავები, ცამდე მართალი იყო ის ბიჭი, თუ პატრონი არ გყავს,ჩათვალე,რომ დაღუპულია შენი საქმე,უფროსების ან ნათესავი უნდა იყო, ან ძმაკაცის მშობელი, ან ვიღაც უნდა გმფარველობდეს ზემოდან. ისე, ამდენი ახალი სამსახურები რომ შეიქმნა, იქნებ გეცადა ბედი მეთქი,ვითომ რჩევა მივეცი, მაგრამ ეს რა მითქვამს,სულ მთლად გაცეცხლდა, იქ იმდენი უსაქმური შეყარეს, თურმე, დასაჯდომი სკამიც არა აქვთ, რიგრიგობით ენაცვლებიან თურმე ერთმანეთს. გავისუსე, ან რა უნდა მეთქვა. გავიგონე, კაცის კაცზე გქონდათ საუბარი,უკეთესს გეტყვით, საოლქო-საარჩევნო კომისიაში რაც ხდება, ამის ატანა შეუძლებელია,ერთს ხომ თვალები დააძრო გამგებელმა კინაღამ, მეორე ძმაკაცი, რომელსაც საარჩევნო კომისიის უფროსობას შეპირდა,თვითონვე დააბეზღა, თურმე, ცსკოში და უარმაც არ დააყოვნა. და რა ყოფილა, მის მასწავლებელს, უფრო სწორად, ,,ქართული
ოცნების” აგრესიულ მხარდამჭერს, როგორც ეს სოციალურ ქსელში მოიხსენიეს,სერთიფიკატი იმ პერიოდში აუღია და დაუფასეს, პარტიამ დაუფასა ერთგულება,
კომისიის თავმჯდომარეობას უპირებდნენ,მაგრამ ,,მაჭარალებმა” ატეხეს თურმე განგაში და წევრობას დასჯერდნენ და გამგებლის მოადგილის რძალი გაუშვეს თავმჯდომარედ,კი ბატონო, კარგი გოგოა, მაგრამ გამოუცდელიო. გამოუცდელები იმიტომ შეიყვანეს, ალბათ წაგებაზე არიან ორიენტირებულნი, თორემ ძველებს არ გაუშვებდნენო. თითქოს ძაან ეშინოდეთ ამ ,,მაჭარალების”, ისე, კაცმა რომ თქვას, თუ სიმართლეს ამბობ და წერ, რატომ ეძახიან მაჭარალებს, საკვირველია, მაჭარალები სხვანაირი ვიცი მე, აი, მარცხენა ხელით რომ წერენ და ცეკა-ტეკაში რომ აგზავნიან მერე,ყველას ყველაფერი ახსოვს.კვლავ გაცეცხლდა ის ახალგაზრდა, სულ უსაქმურები რომ ეძახა იმ დიდ სახლში დასაქმებულებს, ჯერ ერთი, სად გაგონილა, ზოგიერთის ოჯახში ერთიც არ დაასაქმო და ზოგიერთის კი მთელი ოჯახი გამგეობაში გყავდეს შესახლებულიო.რა გინდა, უფასებენ ხალხს ერთგულებას, შენ რისთვის უნდა დაგაფასონო. არ არის ეს ნეპოტიზმი? არა,ახლა რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს ლაყბობაა, სხვა არაფერი, ბიჭებო, თუ ჩვენს თავს თვითონ არ ვუშველეთ, კაცისშვილი არაა ჩვენი პატრონიო. თავის შველის მეთოდებზე არაფერი უთქვამთ. ასეა, ჩემო მკითხველო, ეს, დანარჩენ ნანახ-გაგონილს შემდეგ ჯერზე მოგიყვებით.

გაზეთი “ეგრისი”

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე – რა საარჩევნო სისტემაც არ უნდა იყოს, “ქართული ოცნება” არჩევნებს მაინც მოიგებს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – თუ ვახტანგ ხმალაძე დამიმტკიცებს, რომ 150 უდრის 77-ს, შეიძლება ხელები ავწიო