რას სთავაზობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საკანონმდებლო ორგანოს და რა ახალი ტექნოლოგიები ინერგება უნივერსიტეტში?

რას სთავაზობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საკანონმდებლო ორგანოს და რა ახალი ტექნოლოგიები ინერგება უნივერსიტეტში? რას ნიშნავს დარგობრივი სამართალი და როგორ გამოვიყენოთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული ბაზა ან დაგროვილი გამოცდილება სასურველი შედეგის მისაღებად? როგორ უნდა იმუშაოს პარლამენტმა? როგორ მივცეთ ჩვენს საქმიანობას სწორი მიმართულება? როგორ მივიღოთ კანონები, სადაც შესწორებების შეტანა არ დაგვჭირდება ისეთი სისწრაფით, რასაც დღეს აქვს ადგილი? – ეს არის იმ ძირითადი თემების ჩამონათვალი, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებტან და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად, საჯარო ლექციაზე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განიხილა.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კვლევებია, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ. გვაქვს მულტიდისციპლინალური უნივერსიტეტი და ჩვენი ამოცანაა, სწორედ ინტერდისციპლინალურ კვლევებზე დაყრდნობით, ახალი სასწავლო პროგრამები მივიღოთ. პროგრამაში არა მარტო სამართლის სპეციალისტები არიან ჩართულნი, არამედ სამშენებლო, ენერგეტიკის და სხვა მიმართულების სპეციალისტებიც. პროგრამის ამოქმედება ნაკარნახევია რეალობიდან და შედეგად ვიღებთ იმას, რაც ბაზრისთვისაა აუცილებელი. სამწუხაროდ, სამართლის სპეციალისტები ვერ ფლობენ იმ ცოდნას, რაც დარგებშია გადანაწილებული. როცა გავდივართ საერთაშორისო არბიტრაჟზე და სახელმწიფოს სხვადასხვა სექტორებში პოზიციის დაცვა სჭირდება (თუნდაც ენერგეტიკის სფეროში, თქვენ მოგეხსენებათ, არაერთი დავა მიმდინარეობდა ენერგეტიკის სფეროში), ვდგებოდით ფაქტის წინაშე, რომ არ ვიყავით სათანადოდ კომპეტენტურები და გვჭირდებოდა უცხოელი სპეციალისტების, სამართალმცოდნეების დაქირავება. სამომავლოდ, ეს პრობლემა რომ არ ჰქონდეს ქვეყანას, ვაპირებთ ახალი მიმართულებების დანერგვას. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნულს განვახორციელებთ და უკვე წელს მივიღებთ ამ პროგრამებზე შესაბამის აკრედიტაციას, რაც გარანტია იქნება იმისა, რომ უკვე მომავალი წლიდან დავიწყებთ მსურველთა მიღებას მაგისტრატურაში, დოქტორანტურასა და, რა თქმა უნდა, ბაკალავრიატში. ასევე, საინტერესოა ისიც, რომ სამართლის კომპონენტი შეგვაქვს ყველა საინჟინრო მიმართულებაში – ეს იქნება როგორც მაინორი შეთავაზება სტუდენტებისთვის, ისინი, რა თქმა უნდა, სამართლის სპეციალისტები არ გამოვლენ, მაგრამ ექნებათ მინიმალური ცოდნა, რასაც გამოიყენებენ თავიანთი ნოუჰაუ დასაცავად. ვთვლით, რომ ეს გააძლიერებს მათ პოზიციას რეალურ ეკონომიკურ პირობებში. სტუ-ს კარგი კვლევითი შედეგები აქვს საერთაშორისო მიმართულებით. ამ მხრივაც საკმაოდ საინტერესო პროექტებია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით გერმანულ მხარესთან ერთად ვახორციელებთ, ახალი ჯგუფის ჩამოყალიბებაა. მომავალი წლიდან გვექნება ე.წ. ექსემესკლასტერი ფოლკსვაგენის ფონდის დახმარებით, სადაც ჩართულნიმ არიან წამყვანი მკვლევარები, ევროპელი პროფესორები“, – განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა.

იდეა, რომელზეც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა შეხვედრაზე ისაუბრა, საინტერესო აღმოჩნდა, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის, ასევე სტუდენტებისთვის.

„თქვენ ანალიტიკა და კვლევები ახსენეთ… ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ სუსტ მხარედ მივიჩნევთ იმას, რომ პარლამენტს არ გააჩნია რესურსი ძლიერი კვლევითი საქმიანობის საწარმოებლად მაშინ, როდესაც ყველა განვითარებული და ძლიერი ქვეყნის პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა მიმართულებით თავად აწარმოოს კვლევა ან ითანამშრომლოს სხვადასხვა უნივერსიტეტის კვლევით ცენტრებთან. უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ან თავად პარლამენტის კვლევითი რესურსების გამოყენებით, როგორც წესი, პარლამენტი ძლიერდება და ყველა გადაწყვეტილება, ყველა კანონი, რომელსაც პარლამენტი იღებს ან ყველა სფერო, რომელზეც პარლამენტი მუშაობს – ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, სოციალური, გარემოსდაცვითი თუ ნებისმიერი სხვა – როგორც წესი, ეფუძნება ძლიერ კვლევით საქმიანობას. კეთილი შურით მშურს იმ პარლამენტების, რომელთაც აქვთ ქმედითუნარიანი კვლევითი ერთეულები ან მჭიდრო კავშირი უნივერსიტეტებთან და, შესაბამისად, გადაწყვეტილებას არ იღებენ ისე, თუ არ ჩაატარებენ ფუნდამენტურ კვლევას, რის შემდეგაც განსაზღვრავენ პოლიტიკის მიმართულებებს და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება მხოლოდ ამის შემდეგ ხდება. ჩვენ ამის კულტურა, სამწუხაროდ, ნაკლებად გვაქვს. რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული ანალიტიკური სამსახურები, მაგრამ ეს სამსახურები ან ჩამოყალიბების პროცესშია, ან სამწუხაროდ, მათი სათანადოდ გამოყენება არ ხდება. გვაქვს პრობლემები, ერთსა და იმავე კანონში ხშირად ხდება ცვლილებების შეტანა. ეს ნიშნავს იმას, რომ მუშაობა არ არის საკმარისად კოორდინირებული. სწორედ ამიტომ, კვლევითი მიმართულების გაძლიერებას ვფიქრობთ. ცოტახანში საზოგადოებას მივაწოდებთ ინფორმაციას, როგორ ვაპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას, და რაც ნამდვილად ვიცით, გვსურს ვითანამშრომლოთ უნივერსიტეტებთან, სხვადასხვა კვლევით ცენტრებთან. ის ცოდნა და გამოცდილება, რაც განათლების სფეროში, უნივერსიტეტებშია დაგროვილი, მაქსიმალურად უნდა მოვახმაროთ საპარლამენტო საქმიანობის ხარისხის გაზრდას. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებითაც ვიმუშავებთ და კვლევით მასალებს პარლამენტის კანონშემოქმედებით პროცესშიც გამოვიყენებთ იმ მიზნით, რომ ეს პროცესი მაღალი ხარისხით ხორციელდებოდეს, ვიდრე ეს ხდება დღეს“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სტუდენტებისთვის აქტუალურ საკითხებზე – პარლამენტის საქმიანობაზე, კერძოდ, საზედამხედველო ფუნქციასა და პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაზე. ვიცესპიკერმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს პარლამენტს შორის სამეცნიერო თვალსაზრისით თანამშრომლობის აუცილებლობასაც. „პარლამენტი ძლიერდება, როდესაც უნივერსიტეტის კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობს, ვინაიდან ყველა კანონი, რომელსაც პარლამენტი იღებს, უნდა ეფუძნებოდეს ძლიერ კვლევით საქმიანობას. აღნიშნულს კი, სწორედ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა და ფუნდამენტური კვლევა განაპირობებს“.

თამარ ჩუგოშვილმა ამომწურავად უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რაც გენდერულ კვოტირებას, საარჩევნო სისტემას, პარლამენტის წევრთა ოდენობასა და საპენსიო სისტემის შემოღებას ეხება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

banner
წინა სტატიაშიმთავრობა გაზიფიცირებას 19 მუნიციპალიტეტის 80 სოფელსა და ერთ ქალაქში განახორციელებს
შემდეგი სტატიასოფიო ქაცარავა: ეს არის სწორი, დროული და გააზრებული ნაბიჯი