რას ნიშნავს უფლის მეორედ მოსვლა

პირველ რიგში, როდესაც მორწმუნე ადამიანები ვსაუბრობთ სამყაროს მომავალზე, მის აღსასრულზე, გადასხვაფერებასა თუ ახალი ერის (ერა) დასაწყისზე, აუცილებლად უნდა დავეყრდნოთ ბიბლიის ტექსტურ სწავლებას. უფრო მეტიც – კომენტირებულ ბიბლიასა და არა თანამედროვეთა არაკონტექსტურ კერძო აზრებს (თეოლოღუმენი), სიზმართ-მეზღაპრეობას, მჩხიბავთა ვარაუდებსა და მისანთა ვერსიებს; არც ვინმე ავტორიტეტის მშობლის სიზმრებს, არც კუთხურ შოვინიზმსა თუ მესიანიზმს და მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიის ოფიციალური სწავლებით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

ამრიგად, მოდით მივყვეთ ელემენტარულ კატეხიზმოს. სარწმუნოების სიმბოლოს – “მრწამსის” მე-7 წევრი: “და კვალად მომავალ-არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ”. აქედან ვსწავლობთ, რომ უფალი კვლავ მოვა ადამიანთა წინაშე. ეს, უფლის მეორედ (დიდებით) მოსვლა იქნება. ამჯერად, იგი მოვა არა როგორც უბრალო და უწყინარი მოძღვარი, როგორც ეს პირველად იყო, არამედ მოვა მთელი თავისი ღვთაებრივი დიდებით, ძალმოსილებითა და ურიცხვი ანგელოზების თანხლებით. მოვა სკიპტრით, როგორც ყოვლადმართალი, პირუთვნელი და მიუკერძოებელი მსაჯული, განსასჯელად “ცოცხალთა და მკვდართა”. ე.ი. მოხდება საყოველთაო აღდგომა. ეს იქნება “საშინელი სამსჯავრო”, რამეთუ გამოაშკარავდება თითოეული ჩვენგანი სინდისი, ყოველი გულისთქმა, სიტყვა და საქმე, რომელიც კი ოდესღაც ჩაგვიდენია. ყველანი მივიღებთ საბოლოო განაჩენს, რაც ჩვენი ამქვეყნიური საქმიანობისა და ცხოვრების წესის შესაბამისი იქნება: “მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთა ებრ” (რომ.2,6). წმ. იოანე ოქროპირის აზრით, ზოგნი, ისეთნი ცხონდებიან ვისაც ვერც კი წარმოვიდგენდით, ხოლო ისეთები წარწყმდებიან, ვისზეც ვერასდროს ვიფიქრებდით!

უფლის მეორედ მოსვლის თარიღი და კონკრეტული დრო არავინ იცის! როდესაც მოციქულებმა ჰკითხეს იესოს: “ოდეს იყოს ესე?” (მათე 24, 3) – მაცხოვარმა უპასუხა, რომ “დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან” (მათე 24, 36). მაშასადამე, წმიდა წერილი ღრმად ინახავს საიდუმლოს და მისი მეორედ მოსვლის ზუსტ დროს არ გვამცნობს, რათა ყოველთვის სიწმიდესა და უმანკოებაში შევინახოთ თავი და ნებისმიერ დროს მზად ვიყოთ უფალთან შესახვედრად. ანუ, ეს საიდუმლო მხოლოდ ყოვლადწმიდა სამებისთვისაა ცნობილი, რამეთუ სამყაროს განგება და წრე–ბრუნვა მის ხელთაა, რადგან იგია “ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული”. ღმერთმა თავისი სიბრძნით მეორედ მოსვლის თარიღი არ გამოგვიცხადა, ისევე როგორც არ ვიცით ჩვენი ამქვეყნიდან გასვლის (გარდაცვალების) დრო, რათა არ შეგვიპყროს დაძაბულობამ, შიშმა, შფოთმა და უიმედობამ, არამედ მუდამ მზად ვიყოთ. ამ ფონზე, ჩვენი ადამიანური მოვალეობაა, რომ ვირწმუნოთ ჭეშმარიტი ღმერთის, მისი მოწყალებისა და სამართლიანობის, რათა ჩვენი სამარადისო ცხოვრება გაგრძელდეს სასუფეველში, საუკუნო ნეტარებასა და დაულევნელ სიხარულში, “რომელ აღუთქვა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა”.

ამდენად, ქრისტიანული ღვთისმეტყველების ერთ-ერთ უმთავრეს და ფუძემდებლურ დოგმატს წარმოადგენს სწავლება – “იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის” შესახებ. სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში მავანი მწვავე დრამატიზირებით ცდილობს, რომ აღნიშნული თემის გარშემო გამოიწვიოს ფატალისტური ისტერია, აპოკალიპტური უტრირება და ტოტალური პანიკა, რაც განპირობებულია საკითხის უცოდინრობიდან, სხვაზე ანგარიშსწორების სურვილიდან, ძალაუფლებითა და კომფორტით მიღებული ტკბობიდან, ადამიანთა დეპრესიული მიდრეკილებებიდან და ეგოისტური კარჩაკეტილობიდან.

ისმის რამდენიმე შეკითხვა: 1)როგორ უნდა მოემზადოს ქრისტიანი მეორედ მოსვლისთვის?

პასუხი: სინანულში მომუშაკებული სიხარულითა და მადლიერებით, ქველი საქმეებითა და სხვათა შეწყალებით.

2)ვინ შეიძლება ტირაჟირებდეს და პროგნოზირებდეს მეორედ მოსვლას მღელვარებით?

პასუხი: მხოლოდ ურწმუნო, ეგოისტი, უფლისადმი არამსასოებელი, სინდისდალაქავებული და მომაკვდინებელ ცოდვებში დანთქმული უნანელი. რადგან ასეთი ადამიანისათვის ისეთივე დამამძიმებელი იქნება განსჯა, როგორც დამნაშავე კრიმინალისათვის სასამართლო პროცესი. თუმცა ყველანი ცოდვილები ვართ, ნუ დაგვავიწყდება, რომ თუკი ადამიანთა მიერ დაწერილ იურისპოდენციაში მოიპოვება “შეწყალებისა და სასჯელის შემსუბუქების” მექანიზმები, ასევე ყოვლადმოწყალე უფლის ბუნებაც თავის თავში იმდენად დიდ მიმტევებლობას ატარებს, რომ საკუთრივ სიტყვას არ ძალუძს ოდნავ მაინც დაიტიოს მისი სიღრმე. როგორც იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი) იტყოდა: “კაცობრიობის ცოდვები ერთად აღებული, ისე შთაინთქმება და იძირება ღვთის სიყვარულში, როგორც ზღვაში ჩაგდებული ქვა”!

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯოჯოხეთი არ არსებობს. იგი შესაძლოა არ არსებობდეს როგორც რაღაც გეოგრაფიული, სივრცული მონაკვეთი ან გეომეტრიული განზომილება, მაგრამ მდგომარეობის მხრივ მისი ფენომენი ნამდვილად არსებობს, რაც ცოდვათა სიუხვის გამო უფლის სიხალოვით ყოფნის შეუძლებლობას ნიშნავს, როცა ღმერთის ნეტარი წიაღი და მისი სიყვარული აუტანელი და დაუტევნელი ხდება გამომდინარე სულის ატროფიიდან, ე.ი. იმ მოცემულობიდან, როცა თავად შენი სინდისი და “ჯანმრთელობა” არ შეგიწყობს ხელს “მზის გულზე” გაჩერებაში.

მორწმუნეთათვის აპოკალიფსი გულისხმობს არა ტრაგედიას, ან მწუხარებას, არამედ მონატრებულ მამასთან და ცოდვამდელ ადამთან ნოსტალგიურ დაბრუნებას, რაც ენითაღუწერელ სიხარულსა და საბოლოო გათავისუფლების აქტს მოიცავს.

რაც შეეხება სამაყაროს, ის განა განადგურდება, არამედ აჯობებს რომ ვთქვათ – უკეთესობისკენ გადასხვაფერდება. და მას არ ექნება დასასრული…

“ამის მამოწმებელი ამბოს: “ჰე, მალე მოვალ! ამინ. ჰე, მოდი, უფალო იესო!” (გამოცხ. 22,20)

გიორგი ტიგინაშვილი

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მადლობა უნდა გადავუხადოთ სააკაშვილს, რადგან მან სამართალდამცავ ორგანოებს მისცა ჩვეულებრივი აღიარებითი ჩვენება
შემდეგი სტატიაარასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გასაღებაში ბრალდებული სამი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა