პარტია „ჯერ საქართველოს“ დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას “კენგურუს სასამართლოს” ადარებს.
გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას ყიფიანმა განმარტა, რომ ეს ტერმინი საერთაშორისო პრაქტიკაში ფარისევლურ, წინასწარ განსაზღვრულ სამართალწარმოებას ნიშნავს.
“დინამიკა ჩემში აღძრავს მეტად არასახარბიელო შედარებას — საერთაშორისო პრაქტიკაში არის ასეთი შედარება: “კენგურუს სასამართლო”. ეს ნიშნავს ფარისევლურ სამართალწარმოებას, როდესაც შედეგი წინასწარ არის ცნობილი და ყველაფერი ეს დადგმულია, როგორც ფარსი. საქართველოში უკვე არა მარტო საერთო იურისდიქციის სასამართლოებში, არამედ საკონსტიტუციო სიბრტყეში „კენგურუს მართლმსაჯულების“ დამკვიდრება უკვე თვალსაჩინო მოვლენაა”, — განაცხადა ყიფიანმა.
პოლიტიკოსმა ყურადღება სასამართლოს შენობასთან ორგანიზებულად მობილიზებულ ახალგაზრდებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი მავნე ექსპერიმენტს ემსგავსება:
“ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც მიჰყავთ ამ სანახაობაზე დასასწრებად, ჩემში არცთუ სასიამოვნო პარალელებს აღძრავს რევოლუციურ სამართალთან, უსახო აზრის კულტივირებასთან, მასების ცნობიერებაზე ზემოქმედებასთან. არ მინდა ამ ახალგაზრდებს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ეს არის ყველაზე ცუდი და მავნე ექსპერიმენტი”, — დასძინა მან.
















