საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების წესი და პირობები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა.
ცნობილია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ამოქმედდება:
ა) საბაზო დაფინანსება;
ბ) სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება. ეს უკანასკნელი მტკიცდება სამინისტროს მიერ, ხოლო რაც შეეხება საბაზო დაფინანსებას, ის ორკომპონენტიანი იქნება:
ა) პირველი კომპონენტია – გარანტირებული საბაზო დაფინანსება, რომელიც თავის მხრივ სწავლის საფასურის 50 პროცენტს ანაზღაურებს, ხოლო სწავლის საფასურის მეორე ნახევარი იქნება – „დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება“.
რას ნიშნავს დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება?
მთავრობის დადგენილებაში განმარტებულია, რომ: მას მიიღებენ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტები უპირობოდ მხოლოდ I-II სემესტრში, ხოლო შემდეგ სემესტრებში, დაფინანსების მოსაპოვებლად მათ შესაბამისი კრედიტები დასჭირდებათ:
„აღნიშნული კომპონენტი განკუთვნილია საბაზო დაფინანსებაზე უფლებამოსილი ყველა პირის სწავლის საფასურის სრული დაფინანსებისთვის – საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულების დარჩენილი 50%-ის ოდენობით, რომელიც არ იფარება გარანტირებული საბაზო დაფინანსებით.
დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება უზრუნველყოფილია საბაზო დაფინანსებაზე უფლებამოსილი ყველა პირისთვის უპირობოდ მხოლოდ სწავლების პირველი და მეორე სემესტრებისთვის, ხოლო მესამე და ყოველ მომდევნო სემესტრის დაფინანსებისთვის, შესაბამისი პირი ვალდებულია, ყოველ წინა სასწავლო სემესტრში (რომლის განმავლობაშიც პირს აქტიური სტატუსი ჰქონდა) დააგროვოს სრული სემესტრული დატვირთვისთვის (30 (ECTS) კრედიტი) გათვალისწინებულ კრედიტთა რაოდენობის არანაკლებ 80%-ისა.
თუ პირი მეორე და ყოველ მომდევნო სასწავლო სემესტრში ვერ დააკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მას მომდევნო სასწავლო სემესტრიდან უწყდება დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება და ვალდებულია, სწავლის საფასურის ნაწილი – შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულების 50% (რომელიც არ იფარება გარანტირებული საბაზო დაფინანსებით) დაფაროს საკუთარი სახსრებით“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

















