ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერს, რომ გაკვირვებულია “ლელოს” წამოწყებით, რაციონალურად იმსჯელოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობაზე.
“ვუყურებდი ფორმულას და მის მაგივრად მე ვარ უხერხულად – ჩემი აზრით აიძულებენ მის პარტიაში (ლელო), რომ ასეთი აზრი განავითაროს: “ვიმსჯელოთ რაციონალურად ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, იქნებ არგუმენტები აქეთ უკეთესია, გამოვკითხეთ და ხალხს ასე ურჩევნია, 4-ჯერ მეტია მომხრე ივანიშვილის “თამაშებში” შესვლის…”
რას მსჯელობთ რაციონალურად?!
გაუარესებული საარჩევნო სისტემა, დასანქცირებული ცესკო, დასანქცირებული ივანიშვილი, ნაწამები ხალხი, პოლიტპატიმრები და ამას დამატებული ოპოზიციონერი ლიდერები ციხეში – ასეთ დროს, ივანიშვილის პირობებში სპექტაკლის “არჩევნებად” წოდებულის ლეგიტიმაცია?!
ცოტა უხერხული და სირცხვილიც კი არის ეთერში იჯდე და ამის საუბარში დროს ხარჯავდე მაშინ, როდესაც შენი კოლეგები უმიზეზოდ დააპატიმრეს და კიდევ რიგში არიან…
მზია ამაღლობელი ციხეშია, 18-20 წლის ბიჭები დილეგში დაამწყვდიეს, სტუდენტი გოგონები სიტყვისა და პროტესტის გამო ციხეში გამოკეტეს და ამ დროს ბლა ბლა ბლა…
ძალიან ცუდი სუნი ასდის ამ
ამბავს და ძალიან არ მინდა რაიმე გარიგებასთან და იძულებასთან გვქონდეს საქმე!
ყველაფერი გამოჩნდება და ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი, მაგრამ ძალიან არ მინდა დაჯერება, რომ ამ უტიფრობის “გაპრავებას” გააგრძელებს ვინმე!
პერსონალურად პატივს ვცემ ამ ახალგაზრდა ადამიანს მაგრამ…. მაგრამ, იმედი მაქვს მსგავსად აღარასდროს მოუწევს ივანიშვილის პირობებში “არჩევნებზე” საუბარი.
აქამდე რა იყო სხვა და რატომ მონაწილეობდით ივანიშვილის არჩევნებშიო იკითხავთ გულდაწყვეტილი მოქალაქე, მაგრამ ახლა სხვა რეალობაა…
2024 წლამდე არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით არ ყოფილა ასეთი კონსოლიდირებული აზრი, პოზიცია და ჩვენც თავის მხრივ ყველა არგუმენტი ამოვუწურეთ ივანიშვილს და ყველა ჯერზე, ყველა ფორმით ვცადეთ, რომ მისსავე ორგანიზებულ არჩევნებში დაგვემარცხებინა, მაგრამ ეს კაცი აბსოლუტურ დიქტატურაზე წავიდა და ამიტომაც არ აღიარებს არავინ მის ხელქვეითებს, სწორედ ამიტომ არის სანქციები!
გავიარეთ ეგ ეტაპები, როდესაც უნდა გვეცადა, მოგვესინჯა და ასე შემდეგ! (ივანიშვილის არჩევნები)
ახლა გამოსავალი მხოლოდ ერთია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!!!!
რეჟიმი უნდა დაემხოს და შემდეგ, ცხადია, არჩევნებით და არა ივანიშვილის სპექტაკლით აირჩიოს ხალხმა ხელისუფლება!”, – წერს ლევან ხაბეიშვილი.