29.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 9, 2026
banner

რას მოველოდით, რა გამოვიდა – ვაშინგტონის შეხვედრების ანალიზი

ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ვაშინგტონში დასრულებულია. თითქმის ყველა მხარემ, ტრამპისა და ზელენსკის ჩათვლით, კომენტარები უკვე გააკეთა. გამოდის, რომ შეხვედრით ყველა მხარე კმაყოფილია. ჯერ არაფერი უთქვამს მოსკოვს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონის შეხვედრის მონაწილეები კმაყოფილებას გამოთქვამენ, რუსეთი კმაყოფილი ვერ იქნება.

ანალიტიკოსთა უმრავლესობა თანხმდება, რომ იმედები, პირველ რიგში მათ გაუცრუვდათ, ვინც ელოდა, რომ თეთრ სახლში ზელენსკის “ხელებს ამოუტრიალებდნენ” და უკრაინისთვის კაბალურ, არაფრისმომცემ და დამამცირებელ შეტანხმებას დაადებინებდნენ.

გაეროში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი კახა ლომაია წერს:

“ტრამპის და ზელენსკის დღევანდელი შეხვედრის მთავარი შედეგი სახეზე ეწერა ზელენსკის — ის იყო ძალიან კმაყოფილი!!
ყალბად გაგებული ანკორიჯის შეხვედრის შემდეგ მოსკოვის მოლოდინი რომ, ზელენსკის “გატისკავდნენ” ვაშინგტონში—არ გამართლდა!!!
შესაბამისად—მოსკოვში დაღვრემილი იყო რეაქციები: “ახალი სკანდალი არ შედგაო”!!!
მადლობა ბრიტანეთის პრემიერს და ევროკავშირის ახალ ლიდერებს გასაოცარი და ძალიან იმედისმომცემი ერთობისთვის!!!
მადლობა თავისუფლების და დემოკრატიის მოყვარე ამერიკის მოქალაქეებს, რომელთა 64% მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს… ამ განწყობამ იმუშავა ყველაზე მეტად აშშ ადმინისტრაციის სამართლიანი პოზიციის ჩამოყალიბებაზე!!!
პირველად გაიჟღერა ტრამპის მხრიდან რომ, შესაძლებელია ამერიკამ გაგზავნოს ჯარისკაცები უკრაინაში —ცეცხლის შეწყვეტის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველსაყოფად!!!
ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე არის!!!
ეს ნიშნავს რომ სრულდება საბჭოთა კავშირის აღდგენის ილუზიები…
დიდებულია რომ გამოჩნდა პოზიტიური გადაწყვეტილებების კონტურები!”, – წერს კახა ლომაია.

სოციალურ ქსელში პოპულარულია ასევე BBC-ის კორესპონდენტის ანალიზი და შედარებები, რომელიც მოლაპარაკებების ყველა ეტაპზე იყო ჩართული და უკრაინაშიც არაეერთხელაა ნამყოფი:

“ამ ეტაპზე დონალდ ტრამპის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი მხარდამჭერი ჯგუფის ღია შეხვედრის ნაწილი მედიისთვის შეიძლება ასე აღიწეროს: ურთიერთქების სიჭარბე, ცოტა მლიქვნელობა თეთრი სახლის მასპინძლის მისამართით და „ყველაფერი კარგი, ყველაფერი ცუდის წინააღმდეგ“ ტიპის სიტყვები.

პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ეს უკვე სადღაც გაგვიგონია. სულ რამდენიმე დღის წინ, ალასკაზე — დაახლოებით ასეთივე სტილში გაიმართა დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის „საპრესკონფერენციო“ გამოსვლა.

და ეს გასაკვირი არ არის. რადგან ლაქლაქი, კომპლიმენტები, პოზიტივი — ეს ის კომპონენტებია, რომელთა გარეშეც ამერიკელ პრეზიდენტთან კომუნიკაცია ან მარცხისთვის, ან წარმატების არქონისთვისაა განწირული. რეცეპტი მარტივია, მაგრამ შედეგიანი.
ამიტომაც ახლა ტრაპმპ–პუტინ–ზელენსკის ურთიერთობის დინამიკა ძალიან ჰგავს საფეხბურთო პენალტების სერიას, სადაც თამაში გრძელდება პირველ შეცდომამდე. ტრამპი (პირადად ან სანდო პირის, სტივ უიტკოფის მეშვეობით) ესაუბრება პუტინს. იღებს თაყვანისცემის „პორციას“. აკეთებს განცხადებას, სადაც ომის პასუხისმგებლობა ზელენსკის ეკისრება. კრემლი წინაურდება.

უკრაინის პრეზიდენტი უკავშირდება (ან ხვდება) ტრამპს. და აი უკვე აშშ–ს პრეზიდენტის რისხვა პუტინისკენ ბრუნდება. კიევი ანგარიშს ათანაბრებს.
როგორც ჩანდა, ანკორიჯის შეხვედრის შემდეგ უკრაინას უკიდურესად გაუჭირდებოდა ვითარების შემოტრიალება. თუმცა, საუბრის ტონალობის მიხედვით, რომლის მოწმეებიც გავხდით, ეს სავსებით შესაძლებელია.

ზელენსკიმ გამოიყენა ტაქტიკა, რომელიც უკრაინულ ანდაზაში ასეა აღწერილი: „გურტომ і ბатька легше бити“ („ერთობლივად მამასაც ადვილად სცემ“). რა თქმა უნდა, ტრამპის ცემა არავის უფიქრია, მაგრამ საჭირო ეფექტი მიღწეული იყო: რაოდენობა ხარისხში გადაიზარდა. რადგანაც თუ იმდენი კარგი ადამიანი, ვინც ტრამპს აქებს, ამბობს, რომ უკრაინას სჭირდება რეალური უსაფრთხოების გარანტიები და რომ ცეცხლის შეწყვეტის არსებობა არარსებობაზე უკეთესია — იქნებ მართლა ღირს მათი გეგმების მოსმენა ომის დასრულებაზე?

ვაშინგტონის მოლაპარაკებების პირველი შთაბეჭდილება — კატასტროფული სცენარის თავიდან აცილება მოხერხდა. ზელენსკისთვის არავის დაუსვამს ულტიმატუმი, უკრაინისა და აშშ–ს პრეზიდენტების ურთიერთობა ოვალური კაბინეტში საკმაოდ კეთილგანწყობილ გარემოში წარიმართა.

რა თქმა უნდა, ტრამპის განწყობა ერთ წამში შეიძლება შეიცვალოს — დღევანდელი დღის ბოლომდეც კი: მაგალითად, ვლადიმირ პუტინთან დაპირებული სატელეფონო საუბრის შემდეგ. ან მოგვიანებით — სტივ უიტკოფის ახალი მოსკოვური მისიის შედეგად.

მაგრამ ფაქტია, რომ ახლა უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებები საბოლოოდ გადავიდა იმიტაციური სტამბოლის „ისტორიული“ საუბრებიდან — რომლებშიც აზრს თავად მონაწილეებიც ვერ ხედავდნენ — სახელმწიფო ლიდერების დონეზე.

ეს წარმატების გარანტია არ არის, მაგრამ ძალიან ზრდის შეცდომის ფასს. სწორედ ამიტომაც მოლაპარაკებების მონაწილეები არ რისკავენ და ფრთხილად თამაშობენ. აქედან გამომდინარეობს თამაშის შემადგენელი ნაწილებიც: მლიქვნელობა, კომპლიმენტები, პოზიტივი”. – წერს ჟურნალისტი.

რაც შეეხება, თვითონ დონალდ ტრამპისა ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციებს შეხვედრის შემდეგ:

ზელენსკი:

📌 “ეს ჩვენი ურთიერთ შეხვედრებიდან საუკეთესო იყო”
📌 “მე შევძელი ტრამპისთვის რუკაზე ბევრი რამ მეჩვენებინა- ვინ, რომელ ტერიტორიებს აკონტროლებს სინამდვილეში და არა ჭორების დონეზე”
📌 “რუსეთმა თავდაპირველად შემოგვთავაზა უკრაინა–რუსეთის ორმხრივი შეხვედრა, ხოლო შემდეგ სამმხრივი. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ფორმატის შეხვედრისთვის, ლიდერების დონეზე- მზად ვარ პუტინთან შეხვედრისთვის”
📌 “ მე ვიკამათე რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიების პროცენტულ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, ამაში ძალიან კარგად ვარ ჩახედული. ჩვენც იგივე რუკა გვქონდა, რაც აშშ-მა მოამზადა”.
📌 “ტერიტორიების საკითხს უშუალოდ მე და პუტინი მოლაპარაკებების დროს განვიხილავთ ”.
📌 აშშ იქნება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მონაწილე. დეტალებს ვერ გავამხელ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არსებობს ამ საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტა”.
📌 უსაფრთხოების გარანტიების დეტალები 10 დღის განმავლობაში შემუშავდება.
📌 უკრწინისთვის განკუთვნილი ამერიკული შეიარაღების პაკეტი მოიცავს თვითმფრინავებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ჩვენი წინადადებების ფარგლებში სამხედრო დახმარების პაკეტი $90 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.
📌 უკრაინა დაჟინებით არ მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას, როგორც რუსეთთან შემდგომი მოლაპარაკებების პირობას.
📌 ჩვენ დავიწყებთ უკრაინული შორსმსროლელი დრონების ექსპორტს აშშ-სა და ევროპაში.

ტრამპი:

📌”ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც სხვადასხვა ევროპული ქვეყანა უზრუნველყოფს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით. ყველა ძალიან კმაყოფილია რუსეთსა და უკრაინისთვის მშვიდობის შესაძლებლობით“.

მაკრონი:

📌 “შეხვედრა პუტინსა და ზელენსკის შორის უკვე დამტკიცებულია, ის „მომდევნო დღეებში” გაიმართება.
📌 “თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, აუცილებელია რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების და რეგიონალური ზეწოლის სიის მომზადება”.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება დაიწყო
შემდეგი სტატიათიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით