რას მელაპარაკებით ახლა, რომ 308 ევროპარლამენტარი ოპოზიციის ჭკუაზე დადის და იმის მიხედვით მიიღეს რეზოლუცია?! – ძიძიგური

„ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებთან დაკავშირებით, ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, მითუმეტეს საგარეო მიმართულებით. რას მელაპარაკებით ახლა, რომ 308 ევროპარლამენტარი ოპოზიციის ჭკუაზე დადის და იმის მიხედვით მიიღეს რეზოლუცია?! ე.ი. იმის ნაცვლად, რომ შენი ფუნქცია შეგესრულებინა, მეუბნები, რომ ოპოზიციურმა პარტიამ გაგიფუჭა საქმე. რომელმა ოპოზიციურმა პარტიამ? – დაქსაქსული, გათითოკაცებული, ერთმანეთის ჭამაზე გადასული ოპოზიცია, რომელიც საკუთარ დღის წესრიგს ვერ ადგენს, ამ ოპოზიციამ გააკეთა ის, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მისცენ?! – მათ [ხელისუფლებას] არ უდევთ პულსზე ხელი და არ იციან ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების კულუარებსა და პოლიტიკურ წრეებში რა ხდება. ხელის ცეცებით დადიან, როგორც ბრმები, ისე მოქმედებენ. წინა დღეებში არ გვიმტკიცებდნენ, რომ ჩასული ვიყავით ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და გაგიჟდნენ, ჩვენი დემოკრატიული რეფორმების და ეკონომიკური ზრდის შესახებო?! ახლა გვეუბნებიან, ესენი „ფეიკებით“ გაჯერებულ რეზოლუციებს იღებენო…

სული თუ უდგას ჩვენს სახელმწიფოს ჯერ კიდევ, იმიტომ რომ, აფხაზეთთან და ოსეთთან მიმართებაში, აშშ-ს და ევროპის მოწინავე, ძლიერ ქვეყნებს აქვთ არაღიარების პოლიტიკა გამოცხადებული. კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა ნიშნავს, რომ თუ გადაიხედა ეს არაღიარების პოლიტიკა, თუკი დაგვტოვეს კიდევ რუსეთის პირისპირ, ეს მთლიანად ჩამოგვეშლება. რაც არ უნდა ენა მოვიჩლიქოთ რუსების წინაშე, იგივე მოხდება, თავის ინტერესს აუცილებლად გაატარებენ ისეთს, რომელიც იქნება ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ქვეყნისთვის ტრაგიკული მნიშვნელობის მქონე”,-აცხადებს კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“.

banner
წინა სტატიაშიდეგნანი: იმედი მაქვს, ქართველები შეასრულებენ ქვეყნის დევიზს
შემდეგი სტატია“ომი გინდათ?!!!!! …თქვენ ჩაგითრიათ და დაგღუპათ ბიძინა ივანიშვილმა”-ბურჭულაძე “ოცნებას”