რას ყვება მამუკა ხაზარაძე 2007-2008 წლების ტრანზაქციების შესახებ

region
: region მარტი 4, 2019 14:56

რას ყვება მამუკა ხაზარაძე 2007-2008 წლების ტრანზაქციების შესახებ

თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე 2007-2008 წლის ტრანზაქციების დეტალებზე ისაუბრა. ამ ტრანზაქციებზე მთავარმა პროკურატურამ 10 წლის შემდეგ გამოძიება დაიწყო, ხაზარაძემ და ბანკის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ კი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს.

“მე ვარ თიბისი ბანკის დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძესთან ერთად. ბანკი, რომელიც დავაფუძნეთ 1992 წელს. ამ წელს 350 ბანკი შეიქმნა. ძალიან მცირე კაპიტალით და 2007 წლამდე საკმაოდ სერიოზული მუშაობით, ორი სერიოზული ფინანსური ინსტიტუტის შემოყვანით ბანკის დამფუძნებელთა სტრუქტურაში – ეს იყო 2000 წელი, 10%-10%-ში თითოეული მათგანი, ეს არის მსოფლიო ბანკის საფინანსო კორპორაცია და გერმანიის განვითარების სახელმწიფო ბანკი.

ეს იყო სტრუქტურა, მე და ბადრი ჯაფარიძეს გვეკავა 80%-მდე 2007 წლამდე.

2007 წელს თიბისი ბანკი გახლდათ საქართველოში ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ბანკი. მოგეხსენებათ, 2007 წელი ჩვენი ბოლო 27 წლის მანძილზე იყო ყველაზე ზრდადი წელი, რამეთუ შიდა მოხმარების პროდუქტის და GDP-ის ზრდა იყო ძალიან მაღალი. 2007 წელს ბანკმა დაარღვია კაპიტალის ადეკვატურობის ნორმა, როცა ეროვნული ბანკის, ანუ მარეგულირებლის დაწესებულ პარამეტრებში ვერ ჯდები, ანუ კაპიტალი გჭირდება, რომ გააგრძელო საქმიანობა და დაკრეტიდება. ეს არის კარგი პრობლემა, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა და ბანკი იზრდება. უბრალოდ, იმისთვის, რომ გააგრძელო მუშაობა, გჭირდება დამატებითი კაპიტალის მოძებნა.

სამწუხაროდ, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, რომ გვქონოდა 3 ან 6 თვე კაპიტალის მოძიებისთვის. მეორე დღეს, ეროვნული ბანკის ბრძანებით, ბანკი გაჩერდა, ანუ შეუწყდა მისი ძირითადი საქმიანობის განხორციელების უფლება.

ნორმალურ ქვეყნებში, როცა ასეთი “კარგი პრობლემაა”, ეკონომიკა იზრდება და ბანკი ვერ ასწრებს, 3-დან 6 თვემდე ვადაა, რომ მიეცეს კაპიტალის მოძიების საშუალება. პრაქტიკურად, დავინახეთ, რომ ნელ-ნელა გამოვდივართ ბიზნესიდან, ვკარგავთ პოზიციებს, შევეცდები, არანაირი ქვეტექსტი არ გავაკეთო, რატომ იყო ეს, როგორ მოხდა, მხოლოდ მშრალად მოგახსენებთ.

ამის შემდეგ დავიწყეთ ინვესტორის ძებნა, რომელიც თიბისი ბანკში გააკეთებდა ინვესტიციას და ბანკი დაუბრუნდებოდა თავის საქმიანობას. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩემი თანამდებობა პირველივე დღიდან – 27 წელია, მე ვარ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – ვარ ადამიანი, რომელიც წელიწადში 4-ჯერ იწვევს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს. სამეთვალყურეო საბჭო იწვევს მენეჯმენტს, უსმენს მას, ამტკიცებს ბიუჯეტს, სტრატეგიას და ამ ოქმებს ვაწერ მე ხელს, რომლებსაც ვაბარებთ ეროვნულ ბანკში. არანაირი აღმასრულებელი ფუნქცია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან წევრებს არ გააჩნიათ. ჩვენ არ ვეხებით არ გვაქვს უფლება არც საკრედიტო, არც რისკების ან ნებისმიერ სხვა კომიტეტში, რომელიც ბანკში არის სტრუქტურულ ერთეულებად ჩამოყალიბებული.

ჩვენ გვქონდა 2 მცდელობა – პირველი მცდელობა იყო – ჩვენ ძალიან სწრაფად ვნახეთ ინვესტორი, ისრაელის ყველაზე დიდი ბანკი, ლეომი ბანკი. საკითხი მივიდა იქამდე, რომ ერთ-ერთი ჩვენი აქციონერი, ამ ორი მსხვილი საერთაშორისო აქციონერიდან, როდესაც ჩვენ შეგვაჩერეს, მოვიდა და დააყენა საკითხი, რომ ჩვენ უნდა გაგვეყიდა ბანკი. ეს იყო კატეგორიული მოთხოვნა. გაგიკვირდებათ, როგორ შეიძლება 10%-იანმა მფლობელმა ასეთი განცხადება გააკეთოს. მაგრამ, როცა 2000 წელს ჩვენ ისინი მოვიწვიეთ ჩვენი კორპორატიული კულტურის გასაძლიერებლად, მივეცით ძირითად საკითხებზე ვეტოს უფლება. 2000 წელს არ გვქონდა ის პოზიცია, რომ ვიღაცისთვის პირობები წაგყევენებინა.

ბანკი ჩერდება, მოდის აქციონერი და გვეუბნება, რომ უნდა გავყიდოთ ბანკი. ჩვენ ვეკითხებით, რატომ უნდა გავყიდოთ, როცა შეიძლება, რომ განვითარდეს, ეკონომიკა ვითარდება და შეგვიძლია ვიპოვოთ ინვესტორი, რომელიც პირველ ეტაპზე შემოვა, როგორც მინორიტარი და შემდეგ მზად ვართ, საკონტროლო პაკეტი გადავცეთ, მაგრამ მოგვეცით საშუალება, ჩვენ გავაგრძელოთ ბიზნესის კეთება.

ყველაფერი, რასაც ვამბობ, არის დოკუმენტურად დადასტურებული, ხელმოწერილი და მხოლოდ და მხოლოდ იმ დოკუმენტებს წარმოგიდგენთ, რომელიც სამართლებრივად სავალდებულოა, ხელმოწერილ დოკუმენტებს, რომლებიც არის აღსასრულებლად გამზადებული. ჩვენ მოვაწერეთ ასეთ დოკუმენტს ხელი ლეომი ბანკთან, სადაც ისინი შემოდიოდნენ19,9%-ით. შევთანხმდით საკმაოდ სერიოზულ მულტიპლიკატორზე.

ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ერთ-ერთი აქციონერი მიემგზავრება ისრაელში და ვეტოს ადებს ამ გარიგებას. ვეტოს დადებას მოჰყვა ის, რომ ლეონი ბანკმა გვიჩივლა ჩვენ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში, იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზული თანხა ჰქონდა დახარჯული due diligence-ზე და გაოცებულები დარჩნენ, ეს დოკუმენტი რატომ იქნა დაბლოკილი. ამ დროს ბანკი კვლავ გაჩერებულია, ეკონომიკა იზრდება, ჩვენ ვპატარავდებით და ბუნებრივია, სხვა იკავებს ჩვენს ადგილს.

ამის შემდეგ ბანკმა გადაწყვიტა, დაექირავებინა მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკი “მერი ლინჩი”, რომელთანაც გავაფორმეთ კონტრაქტი და ვთხოვეთ, მოეძებნათ ჩვენთვის ახალი ინვესტორი. იპოვეს 2 ახალი ინვესტორი.

ერთი იყო OTP ბანკი, რომელიც არის საკმაოდ დიდი ევროპული ბანკი, უნგრეთში დაარსებული, დღესაც საკმაოდ ძლიერი ბანკი, მეორე ბანკი ეს არის “ირლანდიის ალიანს ბანკი”, ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი იმ დროს.

ჩვენ ავირჩიეთ ირლანდიელები, იმიტომ რომ ისინი გვთავაზობდნენ 20%-იან შემოსვლას კაპიტალში, ჩვენი კაპიტალი გამრავლებული 2,5 კოეფიციენტზე. დღეს ბაზარზე ასეთი კოეფიციენტები აღარ არსებობს. ოღონდ გვიყენებდნენ რამდენიმე პირობას:

ირლანდიელებთან გაფორმდა იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება. 40 ირლანდიელი იყო ჩამოსული და რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდნენ დეტალურ შესწავლას.

ამ დოკუმენტში წერია, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ბაზარს, გავზარდოთ კაპიტალი ჩვენივე საშუალებებით. თუმცა, ისინი მოახდენენ იმ თანხის გადფინანსირებას მოახდენდნენ, რასაც ჩვენ ჩავდებდით კაპიტალის გასაზრდელად. აქ საუბარია 80 მილიონ დოლარზე. EIB გვეუბნება – “ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არ არის სხვა რამის გამო გაჩერება თქვენი, ეს არის ტექნიკური საკითხი. თქვენ შემოიტანეთ თანხა და ჩვენ გაძლევთ დოკუმენტს, რომ ჩვენ ამ თანხას გადაგიფინანსებთ.

გარდა ამისა, ისინი ამბობდნენ: ჩვენ ვდებთ უკვე გაზრდილი კაპიტალიდან 20%-ში 2,5 კოეფიციენტით ინვესტირებას, ციფრებს გეტყვით – იმ დროს, როცა ჩვენ გავჩერდით, ჩვენი კაპიტალი იყო 100 მილიონი დოლარი, საუბარია 200 მილიონის შექმნაზე, 200 მლნ დოლარის 20% გამრავლებული 2,5-ზე შემოდიოდნენ ირლანდიელები. ჩვენ მოვაწერეთ ამ დოკუმენტს ხელი. ეს სერიოზული დოკუმენტია და ასეთი გარანტიის ქვეშ ყველა გასცემს სესხს. და მე და ბადრი ჯაფარიძე გავედით ბაზარზე, რომ მოვიძიოთ სახსრები.

ვიპოვეთ დიდი ამერიკული კომპანია “ჯეი პი მორგანი” და აშმორის ფონდი.

ჯეი პი მორგანი გვეკითხება, რაში გჭირდებათ თანხა. ჩვენ ვუთხარით – ჩვენ გვჭირდება თანხა, რომ გავზარდოთ კაპიტალი, იმიტომ რომ გაჩერებულები ვართ.

როგორ დააბრუნებთ თანხას – ვეუბნებით, რომ აი legally binding დოკუმენტი.

ავიღეთ 60 მილიონი დოლარის პერსონალური კრედიტი მე და ბადრი ჯაფარიძემ ჯეი პი მორგანისგან და აშმორის ფონდისგან. ჯეი პი მორგანი დღესაც თიბისი ბანკის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერია.

იმისთვის, რომ 200 მილიონზე ავსულიყავით, 10-10 მილიონს დებდა აეფსი და დეეფგე. დაგვაკლდა 20 მილიონი. 3 მილიონი პიროვნულად ვისესხეთ ერთი ჩვენი მეგობარი ფრანგისგან, რომელიც იყო იმ დროს “ბორჯომის” გენერალური დირექტორი და 2 ქართველ ბიზნესმენთან – ერთი ავთო წერეთელი და მეორეს არ დავასახელებ, თხოვნით მივმართეთ, სასწრაფოდ გვჭირდება 17 მილიონი. ავთო წერეთელი არის ჩემი მეგობარი და პარტნიორი, მე ძალიან ვამაყობ ამ კაცთან ურთიერთობით. ჯერ კიდევ პირველ მაღაზიას როცა ვხსნიდით, ბატა იყო ეს, ბაბილონი თუ პირველი დისტრიბუციები, ავთო იყო ის ადამიანი, რომლიც ხელს გვიმართავდა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ხელშეკრულებების და წინაპირობების გარეშე. ამ ურთიერთობას მე ძალიან ვაფასებ, იმიტომ რომ თუ ბიზნესი დაუბრუნდება ჯენტლმენური ხელის ჩამორთმევას, ეს ძალიან წაადგება ყველაფერს

მე არა ერთხელ ამიღია ავთოსგან სესხი და ეს არასდროს ყოფილა დაკავშირებული თიბისი ბანკთან. არასდროს, არც ერთი ბიზნესი თიბისი ბანკს არ ჰქონია არაპროფილური. თქვენ ვერ ნახავთ, თიბისი ბანკს ინვესტირება გაეკეთებინოს ბიზნესში, რომელშიც მე და ბადრი ვიყავით აქციონერები.

ვიღებ ავთოსგან წლიურ 17%-იან სესხს, რომელსაც შემდეგ ვაფორმებთ. ჩვენთვის პროცენტს არამატერიალური დატვირთვა ჰქონდა, იმიტომ რომ მთავარი იყო, ეს ყველაფერი შეგვეკრა და გარიგება დაგვეხურა.

ამის მერე, ლონდონში ხდება ჩვენი საბოლოო ხელის ჩამორთმევა, EIB-სთან და მისი პრეზიდენტი მეუბნება, რომ ჩვენ მომდევნო კვირას მოვდივართ საქართველოში და ამას ცერემონიით აღვნიშნავთ. მე ვეუბნები, რომ ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ ამხელა ბანკის შემოყვანა არის ძალიან კარგი ჩვენი ქვეყნისთვის, დიდ ტექნიკურ მხარდაჭერას გვიწევდნენ, ტრენინგზე ჩამოჰყავდა თანამშრომლები ა.შ

ვბრუნდები საქართველოში და 8-ში იწყება ომი და ყველაფერი დგება თავდაყირა.

თქვენ გახსოვთ, რა მდგომარეობაში ჩავარდა ჩვენი საბანკო სექტორი. მაშინ ჩვენ არ გაგვიცხადებია (მინდა მადლობა გადავუხდო მთელ საბანკო სექტორს იმ დროს, რომ ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში მოვახერხეთ ყველამ, რომ ის პანიკა და ტანკები არ გადაიქცა ჩამოშლილ ეკონომიკად, თუმცა, ბანკები იმ დროს პრაქტიკულად გაკოტრებულები იყვნენ), რეალობა იყო სხვა. ამ 5-დღიანი ომის შემდეგ ჩვენ გვიკავშირდება EIB და გვეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ომი მოხდა, ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია, ჩვენ ვართ მზად ხელშეკრულების შესრულებისთვის. ეს იყო წარმოუდგენელი მეგობრობის, მხარდაჭერის ნიშანი. ამას ვაგვარებთ, რაც შეგვიძლია და იწყება მსოფლიო ფინანსური კრიზისი და ლემონ ბრაზერი, ყველაზე დიდი ბანკი, აცხადებს თავს გაკოტრებულად. შეძლება გაგეცინოთ, მაგრამ მეორე ბანკი, რომელიც გამოცხადდა გაკოტრებულად, იყო ირლანდიის ბანკი, რომელთანაც ჩვენ გვქონდა ხელშეკრულება.

მე და ბადრი დავრჩით სერიოზული პრობლემის, უზარმაზარი ვალის წინაშე. გაჩერებული ბანკი უფრო გაჩერდა, დეპოზიტების საკმაოდ დიდი გადინება მოხდა საბანკო სექტორიდან. ჩვენ უნდა გადაგვერჩინა ბანკი. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, რამდენიმე ათასი ადამიანი უნდა გაგვეთავისუფლებინა სამსახურებიდან დაგვეპატარავებინა, გამხდარიყო თიბისი ჩვენი ჯიბის ბანკი. ეს არ გვინდოდა, რომ მომხდარიყო.

ამ დროს გავიგეთ, რომ ავთოს ჰქონდა სესხი აღებული თიბისი ბანკიდან, იმიტომ რომ მას ჰქონდა საკრედიტო ხაზი, იმ დროს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი. მას ჰქონდა რამდენიმე კომპანია “სამგორის” სახელის ქვეშ. არის რაღაც ეტაპი, როცა არის კლიენტი საკმაოდ მსხვილ ბრუნვაში, მას ეხსნება საკრედიტო ხაზი და ბანკს არ აქვს საშუალება, რამე მოსთხოვოს ნებისმიერ ახალ თანხაზე.

მას ჰქონდა 35 მილიონი ლარის საკრედიტო ხაზი იმ დროს გახსნილი. ეს შევიტყვეთ მას შემდეგ, რაც ყველა ეს თანხა ჩამოეკიდა პრობლემატურად თიბისი ბანკს და იმ დროს მთელ საბანკო სისტემას 800 მილიონიდან 1 მილიარდ ლარამდე საკრედიტო ხაზი გაუფუჭდა. სამწუხაროა, რომ მხოლოდ 17 მილიონი დოლარის საკითხი იხილება, რომელმაც, თურმე ყველაზე დიდი პრობლემა შექმნა 2008 წელს. ჩვენი ბანკის შემთხვევაში ეს იყო 200 000 მილიონი ლარი. ანუ ეს სესხი იყო მთლიანი თანხის 10%, რომელიც თიბისი ბანკს რაღაცნაირად უნდა მოეგვარებინა.

გამოსავალი იყო ერთადერთი, მოგვეძიებინა ახალი თანხა, რომ გადაგვერჩინა ბანკი. მე და ბადრიმ გადავწყვიტეთ, რომ 200 000 მილიონის 60% დაგვეთმო, რათა ბანკი გასუფთავებულიყო და დაეწყო ფუნქციონირება. ჩვენი აქციონერობა ჩამოვიდა 80%-დან 20%-მდე. ამ შემთხვევაში ბანკს დაზარალებული არავინ ჰყავს მე და ბადრის გარდა. ახალი ინვესტორები იღებენ გადაწყვეტილებას, რომ 2009 წელს შემოვიდნენ ახალი კაპიტალით. ეს იყო დაახლოებით 40 მილიონი დოლარი და მერე კიდევ 30 მილიონით. სულ 70 მილიონი დოლარით შემოვიდნენ.

ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა შეამოწმა თიბისი ბანკი სრულად. არანაირი კითხვა არა თუ სამგორზე, საერთოდ ამ (ავთო წერეთლის 35 მილიონიან) პორტფელზე არ იყო, იმიტომ რომ ეს სიმძიმე ავიღეთ ჩვენ. ემოციურადაც, წესიერების ფარგლებში და ა.შ, ორმა ძირითადმა დამფუძნებელმა გადავიბარეთ ეს პრობლემები. ამ დროს ჩვენი აუდიტორი გახლდათ პრაის ვოთერს კუპერსი. მის დასკვნაშიც არავითარი წითელი დროშა აწეული არ არის. უფრო მეტიც, თითოეულმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა, რომელმა ფული ჩადო ბანკში 2009 წელს, ჩაატარა თავისი due digilence.

2009 წლის მერე ჩვენ ვიწყებთ ახალი ენერგიით. შედგი იცით, რომ ჩვენ თიბისი ბანკი გავიყვანეთ მსოფლიო კატეგორიის ბანკებში, ლონდონის ბირჟაზე, შედის 250 ყველაზე დიდი კომპანიის სიაში, რომელიც ვაჭრობს ლონდონის საერთაშორისო ბირჟაზე”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

region
: region მარტი 4, 2019 14:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,697
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics