რას ითხოვს კალაძე თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ

„ქართულ ოცნებაში“ თითქმის ოფიციალურად ადასტურებენ, რომ მათი მერობის კანდიდატი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იქნება. ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას მერის არჩევნებში მონაწილეობა არ სურს და პირველ ვიცეპრემიერობას ამჯობინებს.

როგორც „ახალ თაობას“ „ქართულ ოცნებაში“ უთხრეს, სწორედ ამიტომ არ კეთდება ოფიციალური განცხადება თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით. ჩვენთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ კალაძე მერის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ დამატებით გარანტიებს მიიღებს.

ბოლო დროს ის რამდენჯერმე ნახეს თბილისის საკრებულოში. მართალია, იქ მისი ძველი კოლეგა მურთაზ შელია იმყოფება, მაგრამ საეჭვოა, ქართული ენერგეტიკის მამა იქ ფეხბურთზე სასაუბროდ მიდიოდეს.

ინფორმაციას დედაქალაქის საკრებულოში ვიცე-პრემიერის ვოიაჟების შესახებ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილიც ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ ის იყო პირველი, ვინც მერის პოსტზე კალაძის შესაძლო წარდგენაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ენერგეტიკის მინისტრი საკრებულოში ხალხის შერჩევით არის დაკავებული.

_ „ქართულ ოცნებას“ ხალხი აღარ ჰყავს. თვითმმართველობის არჩევნებისთვის, შესაძლოა, პარტიული სიების დაკომპლექტებაც კი გაუჭირდეთ. გარდა იმისა, რომ ხალხი არ ჰყავთ, „ოცნებაში“ კვოტების გადანაწილებაზე მიდის ერთმანეთის დაჭმა. კალაძე მოქმედ საკრებულოში ისეთ ხალხს არჩევს, ვისაც ის მომავალში დაეყრდნობა, _ განაცხადა „ახალ თაობასთან“ საუბარში სადღობელაშვილმა.

სადღობელაშვილის ინფორმაციით, კალაძეს უკვე ჰყავს რამდენიმე ადამიანი შერჩეული. ამ ადამიანების ვინაობას ალიანსის წარმომადგენელი ჯერ არ ასაჯაროებს. ამბობს იმას, რომ თუ „ოცნება“ არჩევნებს მოიგებს, დედაქალაქის საკრებულოს ისევ გია ალიბეგაშვილი ჩაუდგება სათავეში.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე „ოცნებაში“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვოტების გადანაწილება ვერ ხერხდება. ამაში „დამნაშავე“ პრემიერი ყოფილა.

_ ბუნებრივია, რომ პრემიერს თავისი კვოტა ექნება, მაგრამ აქ პრობლემა ის არის, რომ კვირიკაშვილი შეიძლება ყოველ წუთას გადააყენონ. ამიტომაც არ ჩქარობენ, _ მიიჩნევს სადღობელაშვილი.

ის ვარაუდობს, რომ ახალ პრემიერს იმ დროისთვის დანიშნავენ, როცა კვოტები უკვე გადანაწილებული იქნება:

_ ეტყობა, ეს ბიძინა ივანიშვილის სტილია. ყველაფერი გააკეთა, რომ კვირიკაშვილს პარლამენტში 1-2 კაცის მეტი არ ჰყოლოდა. ახალ პრემიერს სულ არ ეყოლება საკუთარი ხალხი პარლამენტში. მას არც თვითმმართველობებში ეყოლება საკუთარი გუნდი, რაც იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებელ თამაშს ვერასდროს ითამაშებს.

პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლის თქმით, კალაძემ ივანიშვილის ეს თვისება კარგად დაამუღამა და ამიტომაც ითხოვს საკრებულოში მსუყე კვოტას.

„ახალი თაობა“, შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ იდლიბის ქიმიურ შეტევაზე პასუხისმგებლობა სირიის მთავრობას დააკისრა
შემდეგი სტატიამოგერინიმ სირიაში გაზის გამოყენების გამო ასადს დააკისრა პასუხისმგებლობა