“რას ეწევი, ძმაო?” – რატომ დაუსვეს ეს შეკითხვა მწერალ ალეკო შუღლაძეს TikTok-ზე?

მწერალი ალეკო შუღლაძე “ფეისბუქზე” სახალისო პოსტს აქვეყნებს იმის შესახებ, თუ როგორ გადაწყვიტა, ეცადა ბედი “ტიკტოკზე” და აღწერს, რა გამოვიდა აქედან:

“ერთი თვის წინ გადავწყვიტე, ბედი ტიკ-ტოკზეც მეცადა. ჩემთვის ახალი სივრცე იყო, სხვანაირი მაყურებელი, სხვაგვარი გამოწვევა. გავიფიქრე, თუ გემოვნება ჯერ კიდევ არ მღალატობს, იქაც უნდა გაეცინოთ, აბა, სად წავლენ, ახალგაზრდობას გავიხსენებ-მეთქი. შემდეგ რაც მოხდა, ამას არ ველოდი, მეგობრებო, ვერც კი წარმოვიდგენდი. ეტყობა, საქართველოს მოსახლეობა კატეგორიების მიხედვით არის დაყოფილი და გადანაწილებული სოცქსელებში. უდიდესი ნაწილი მოჯადოებულია ირიბი ძველბიჭური ვირუსით.

კომენტარებში ათასობით ადამიანმა მე დამისვა ერთი და იგივე შეკითხვა:
„რას ეწევი, ძმაო?“

ესე იგი, კაცები, ქალები, მოხუცები, დიდები, ბავშვები, შარვლებში, ტრუსიკებში, ნახევრად შიშვლები და რაღაც სირული ავატარებით, ღიმილით და სერიოზული სახით, ყველა მათგანი მეკითხება:
„რას ეწევი, ძმაო?“

ბებრები, ჩვილები, ხუთშვილიანი დედები, სახლიდან გაქცეული მამები, მელოტები, ქუდიანები, ჩამოსულები თუ წასულები, ესენი, ისინი, აგენი, იგენი და მაგენი… გესმით, 100-იდან 70-მა მკითხა აი ეს:
„რას ეწევი, ძმაო?“

იქ ჩანს, რომ გუშინ 1200 კაცმა უკვე მკითხა ეგ, წერია, ჩანს. და მაინც, ყოველი შემდეგი კომენტატორი იმავეს მეკითხება:
„ასეთს რას ეწევი, ძმაო, ჩვენც მოგვაწევინე“.

ერთი იყო ოდნავ განსხვავებული: „ასეთი პრიხოდი გალის მოსაწევსაც არ მოაქვს.“

ანუ საქართველოში არსებობს ძალიან დიდი მასა, რომელიც ჩაბუდებულია ტიკ-ტოკში და თავისი გრძნობების გამოსახატად, დანახულის შესაფასებლად იყენებს მხოლოდ ამას: „ასეთს რას ეწევი, ძმაო?“ თან ჰგონია, რომ ეს არის ხუმრობის მწვერვალი.

ცოცხალი და მკვდარი, 10 წლისა და 100 წლისა ერთ კითხვას იმეორებს, ჰგონია, რომ ადამიანი ისე ვერ გაიხუმრეს, თუ არ დაბოლდა. მეგობრებო, მე გაოგნებული ვარ. 🙂

ცხადია, მათგან ყველა არ ეწევა და არც გაუსინჯავს ალბათ არასდროს, მაგრამ ამ კითხვას მაინც მისვამს – და სწორედ ეს არის კატასტროფა.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩარლი ჩაპლინსაც ჰკითხავდნენ: Are you smoking weed? 🙂
გულით გამიხარდა, როცა ერთადერთმა მომხმარებელმა გაცილებით მაღალი ცნობიერება გამოავლინა და ჩემი იუმორი ასე შეაფასა:
„შენ ბიძაჩემო, კრამიტები ხომ არ დაგიცურდა.“, – წერს ალეკო შუღლაძე “ფეისბუქზე”.

banner
წინა სტატიაშიანი წითლიძე: სალომე ზურაბიშვილს სათქმელი მკაფიოდ უნდა ეთქვა საქართველოს მოქალაქეებისთვის
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – გუშინ ვნახეთ ოთხი პარტია, 40 „ენჯეო“, მთელი „დიფ სთეითი“, ევროპული ბიუროკრატიის დაფინანსება და „2 000 ქართველ ხალხზე“ მეტი ვერ გამოიყვანეს