პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო სიგუა, რომელსაც ყოფილი მეუღლე მკვლელობის მუქარასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნებას ამ ეტაპზე გამორიცხავს.
„პირველების“ კამერამ სიგუა თბილისის საქალაქო სასამართლოში დააფიქსირა. ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სისტემაში დაბრუნების სურვილი არ აქვს, ყოფილი მეუღლის ბრალდებები კი უარყო და მას მატყუარა უწოდა.
„ამ ეტაპზე არაფერს ველოდები. არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა და ამ ეტაპზე სურვილიც არ მაქვს. ბევრ რამეს ამბობს [ყოფილი მეუღლე]“, — განაცხადა იოსებ სიგუამ.
შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის — შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ სიგუას მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი გააუქმა.
სასამართლო დავის დაწყებამდე სოფიო სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.
დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. რაც შეეხება ელექტრონულ სამაჯურს, ელექტრონული მონიტორინგი ვადის გასვლის შემდეგ გაუქმდა.















