რას აკეთებს სახელმწიფო პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ ორგანიზებულ პირველ, ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე პროფესიული განათლების სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა.
,,მთავრობა მიჰყვება იმ პრიორიტეტებს, რომელიც პროფესიული განათლების კუთხით დაისახა. გაიზარდა დაფინანსება რათ მხარი დავუჭიროთ მთლიანად სისტემის ჩამოყალიბებას. 2013-დან დღემდე პროფესიული განათლებას იღებს 32 ათასი სტუდენტი. ეს ციფრი მეტყველებს ჩართულობის გაზრდაზე. გაიზარდა კოლეჯების რაოდენობა რაც გულისხმობს, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც გაზრდილია. ამ ეტაპზე კიდევ ათი პროფესიული კოლეჯი გადის რეაბილიტაციას და ტექნიკური აღჭურვის პროცესს“- განაცხადა ქეთევან ნატრიაშვილმა.
მისივე განცხადებით კერძო სექტორისა და ბაზრის მოთხოვნებზე ფოკუსირება პროფესიული განათლების იმიჯს ზრდის და უფრო მომხიბვლელს ხდის მას რაც იძლევა საშუალებას სტუდენტმა სრულად გამოიყენოს თავისი პოტენციალი და შეძლოს თვითდასაქმებაც.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით მიმდინარეობს კომუნიკაცია კერძო სექტორთან რაშიც საქართველოს მთავრობას ევროკავშირი ეხმარება.
,,რაც შეეხება პროფესიული განათლების ხარისხს უფრო მეტი სამუშაო არის ჩასატარებელი იმისთვის რომ უკეთესად იყოს განვითარებული კონტენტი თუ რას და როგორ ვასწავლით. იმისთვის რომ უკეთესი სამუშაო ძალა შევქმნათ, 53-ზე მეტი სასწავლო მოდულის იმპლემენტაცია მოვახდინეთ. 26 ახალი მოდულის 2016 წელს უნდა დაინერგოს. ეს ციფრები მეტყველებს რა დიდი სამუშაოებია გაწეული. UNDP-ს მხარდაჭერით გადავამზადეთ პედაგოგები. მათთვის შექმნილია სპეციალური მოდულები“- განაცხადა ქეთევან ნატრიაშვილმა.
სიტყვით გამოსვლის პროცესში მან ყურადღება გაამახვილა ინკლუზიურ პროფესიულ განათლებაზე.
,,ინკლუზიურ პროფესიული განათლება არის მიღწევა რითაც ვამაყობთ. ეს მიმართულება რამდენიმე წლის წინ საერთოდ არ არსებობდა. გარდა იმისა რომ სპეციალურად გადავამზადეთ პედაგოგები , პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურაც და დიზაინიც მთლიანად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე. აქვე ვიტყვი რომ 800 ბრალდებული გაივლის პენიტენციალურ სისტემაში საგანმანათლებლო კურსებს. ჩვენ კი ვმუშაობთ მათ ოჯახის წევრებთან რათა უმტკივნეულოდ მოხდეს რესოციალიზაციის პროცესი. ასევე ვახდენთ პროფესიული განათლების კურსების ხელმისაწვდომობას რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე მოსაუბრეთათვის. ამის შემდეგ კი მათთვის ხდება ქართული ენის შემსწავლელი კურსის შეთავაზება რათა მათ უფრო მეტი შანსი ჰქონდეთ დასაქმების“- განაცხადა ნატრიაშვილმა.
მანვე ისაუბრა სამეწარმეო განათლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება დასაქმების გარდა თვითდასაქმების შესაძლებლობასაც იძლევა. მისი ინფორმაციით თვითდასაქმება ძირითადად აგროსექტორში ხდება. მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილებების თანახმად კი წარმატებულ მეწარმეებს განათლების გარდა დაფინანსებასაც სთავაზობს.
,,პროფესიული განათლების კურსდამთავრებულებს ექნებათ დაფინანსების საშუალება. თვითდასაქმების ინდიკატორი გაიზარდა 5%-ით. 2013 წელს საერთოდ არ არსებობდა“- აღნიშნა ნატრიაშვილმა.
მისივე თქმით პროფესიული განათლების სამიზნე ახალგაზრდობაა თუმცა ამავდროულად სახელმწიფო მხარს უჭერს დუალურ განათლებას და ნებისმიერი ასაკის პირს შეუძლია შეიძინოს დამატებითი პროფესია. ამიტომაც შედარებით ასაკოვანი მსურველებისთვის ახალი დაჩქარებული სწავლების მოდულების შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა.
,, დამსაქმებლებს შორის უკვე დაინტერესებულები არიან საქართველოს რკინიგზა, ,,დოიჩე ბანკი“ მიმდინარეობს საუბრები ტურიზმის სექტორთან, რაც საშუალებას მოგცემს გავზარდოთ დამსაქმებლების რაოდენობა. ისინი კი თავის მხრივ მიიღებენ მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალას, შესაბამისი უნარებით აღჭურვილს“- განაცხადა ნატრიაშვილმა.
მისივე თქმით პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული ცვლილებები უკვე გადაცემულია პარლამენტისთვის, დაიწყება საჯარო განხილვების პროცესი და რის შემდეგაც პარლამენტი მას უკვე კანონის სახეს მისცემს.
,,უწყვეტი და ცხოვრების ბოლომდე განათლება, დუალური სწავლება, ელექტრონული ფორმატით განათლების მიღება, ინსტიტუციონალიზაცია -არის ის რაც საბოლოო ჯამში დადებითად ჩვენს მოქალაქეებზე აისახება“- დასძინა ნატრიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა “ლაგუნა-ვერესთან” აქცია გამართეს
შემდეგი სტატიაიან კელი: ინჯირლიკის ბაზის დახურვა თურქეთში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია