რაქვიაშვილი – უკრაინისთვის უფრო სერიოზული დახმარება იქნება მეორე ფრონტი ჩინეთიდან და იაპონიიდან, რატომ არ ხსნიან? საქართველო რითი გამოირჩევა, ვინც ამაზე აქცენტს აკეთებს, სხვა მიზეზები უნდა ჰქონდეს

ანდრეი პიონტკოვსკის განცხადებას სერიოზულად არ განვიხილავდი, რადგან მეორე ფრონტის გახსნა საქართველოს რომ მოეთხოვება და სხვა ვინმეს არა, იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ვერ ერკვევა შიდა ამბებში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

საუბარია ანდრეი პიონტკოვსკის განაცხადებაზე, რომელიც მან ტელეკომპანია „უკრაინა 24“-ის ეთერში გააკეთა. „ერმაკ-მაკფოლის ჯგუფი სანქციებზე მუშაობს, უკრაინელ ჟურნალისტებს გეძლევათ საშუალება, უკარნახოთ ერმაკს, ამაზე წერდნენ არესტოვიჩიც და არახამიაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა“, – განაცხადა პიონტკოვსკიმ.

როგორც სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, უკრაინაში ვითარება უფრო განიმუხტება, თუ მეორე ფრონტს ჩინეთი გახსნის

„რას გვთხოვენ, აფხაზეთში ტანკებით შევიდეთ, ხალხი ამოვხოცოთ? ეს როგორ წარმოუდგენიათ? ხომ ვხედავთ, ომი რას ნიშნავს? თუ ჩვენ თავდამსხმელები ვართ, ისე უნდა გავაკეთოთ, რასაც რუსები უკრაინაში აკეთებენ და როგო შეიძლება ეს ჩვენგან მოითხოვონ? არ მგონია, ასეთი დისკუსია ვინმემ სერიოზულად დაიწყოს. ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანმა, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ სიტუაციაში ერკვევა, თორე, თეორიულად, რა თქმა უნდა, ჩინეთმა რომ მეორე ფრონტი გახსნას, ეს უკრაინას დაეხმარება. მაშინ, დიდი ქვეყნებიდან დაიწყონ – ამერიკიდან, ჩინეთიდან, პოლონეთიდან. იმის გამო, რომ ასეთი დისკუსიის გამბედაობა არავის აქვს და ყველა ხვდება ამაზე საუბარი არაადეკვატურია, ამის გამო რატომღაც საქართველოზე საუბრობენ უფრო მეტს. უკრაინაში სიტუაცია უფრო განიმუხტება, თუ მეორე ფრონტს ჩინეთი გახსნის. ეს უკრაინისთვის ხომ უფრო სერიოზული დახმარება იქნება? რატომ არ ხსნიან, მაშინ, ჩინეთმა და იაპონიამ გახსნან მეორე ფრონტი. საქართველო ამ ნაწილში რითი გამოირჩევა, ყველაზე დიდი ჯარი გვყავს, ისეთი განსაკუთრებული უპირატესობა აქვს რუსეთთან რომ, მაინც და მაინც ჩვენი დახმარებაა საჭირო? ანუ, ამას ჩინეთი ვერ გააკეთებს და საქართველოს უნდა მოსთხოვონ? – ეს არაადეკვატურია და ვინც ამაზე აქცენტს აკეთებს, სხვა მიზეზები უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

წინა სტატიაშიეს ცინიზმია, მსოფლიო ამას უყურებს ისე, როგორც შოუს, თუმცა არ მოქმედებენ – “აზოვის” ბატალიონის მეთაურის მოადგილე
შემდეგი სტატიარუსეთი ხარკოვის რეგიონიდან სამხედრო შენაერთებს გამოიყვანს, რათა მძიმე დანაკარგების შემდეგ ძალები შეავსოს – ბრიტანეთის დაზვერვა