რაქვიაშვილი – კობახიძეს ჰქონდა შესაძლებლობა, მელიასთვის პასუხი არ გაეცა და ეჩვენებინა, რომ კონფლიქტზე მაღლა დგას

ნიკა მელიაზე არის პასუხისმგებლობა, რადგან ეს ყველაფერი მან დაიწყო, მაგრამ ირაკლი კობახიძეს შეეძლო, მისთვის პასუხი არ გაეცა და მშვიდად წასულიყო, ბევრად მეტს მოიგებდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

„ისეთი პარტიის ლიდერები, რომელთა უკან ასეულობით ადამიანი დგას, თავის საქმეს უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდნენ. ეს დაპირისპირება ნიკა მელიას არ უნდა დაეწყო, არც ირაკლი კობახიძის პასუხი იყო სწორი, დაძაბულობა ისედაც გვაქვს, ხელოვნურად რომ არ შევქმნათ კონფლიქტები. მომხდარი დაპირისპირების არც ერთი ნაწილი არ იყო სწორი. ნიკა მელიაზე არის პასუხისმგებლობა, რადგან ეს ყველაფერი მან დაიწყო, მაგრამ ირაკლი კობახიძეს შეეძლო, მისთვის პასუხი არ გაეცა და მშვიდად წასულიყო. ამით ბევრად მეტს მოიგებდა.

ნიკა მელიასთან ამდაგვარი გამოცდილება მაქვს – ჩვენ სხვადასხვა ხარისხის კომუნიკაცია გვქონდა და ყოველთვის ვცდილობ აგრესიას აგრესიით არ ვუპასუხო. ირაკლი კობახიძეს ჰქონდა შესაძლებლობა, ნიკა მელიასთვის პასუხი არ გაეცა და ეჩვენებინა, რომ ჩხუბსა და კონფლიქტზე მაღლა დგას. ასეთ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ნიკა მელიაზე იქნებოდა. თუ ჩხუბი უნდათ, პარლამენტში შემოვიდნენ და აქ იჩხუბონ. როგორც კი, საჯარო პოლიტიკაში შევედი ფეისბუქზე და სადღაც უამრავი ადამიანი მაგინებს, ეს საჯარო პერსონისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ერთმანეთისადმი გინება ნორმა ხდება“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხუხაშვილი “ოცნებაზე” – მოკლედ, ახალი ვერაფერი ისწავლეს, მერაბიშვილის შპარგალკებით მუშაობენ
შემდეგი სტატიაბოკერია – მმართველი გუნდის რეაქციაზე, რაც მათ გუშინდელ ინციდენტზე ჰქონდათ, შეშფოთებულები უნდა ვიყოთ