რაქვიაშვილი – „გირჩი“ მზად იქნება, საერთო საქმისთვის დათმოს საკუთარი პოზიციებიც

„გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, კრისტიან დანიელსონის ვიზიტთან დაკავშირებით მისი მთავარი მოლოდინია, მიშელის წარმომადგენელმა დაარწმუნოს ოპოზიციის წარმომადგენლები და „ქართული ოცნება“, რომ მოლაპარაკება საჭიროა.

რაქვიაშვილის თქმით, განცხადებების მიუხედავად, არც ერთი მხარე დათმობაზე არ მიდის.

„მიუხედავად ორივე მხარის საჯარო განცხადებებისა, რომ მზად არიან და ა.შ. ფაქტობრივად არც ერთი მხარე არ მიდის დათმობაზე. არც ერთმა არ გამოცხადა ის კომპრომისი, რომელზეც შეიძლება, წავიდნენ. ოპოზიცია ამბობს, რომ 6-პუნქტიანი გეგმა ძალაუფლების გადაცემის გეგმაა, რაც აშკარად არ შეესაბამება რეალობას. ყოველ შემთხვევაში, მე სხვანაირად მაქვს წაკითხული ის 6 პუნქტი. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გამოუშვას მელია და მაგრამ ამის თაობაზე არანაირი მზაობა და დისკუსია არ არის. მთავარი პრობლემაა, რომ მხარეებს არ სურთ მოლაპარაკება, სურვილი თუ გაჩნდება, მერე ტექნიკური დეტალებია, როგორ შევთანხმდებით“, – აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.

სანდრო რაქვიაშვილის განმარტებით, „გირჩი“ ყველანაირად შეუწყობს ხელს, რომ მოლაპარაკება შედგეს.

„მეტიც, ჩვენც მზად ვიქნებით, დავთმოთ ჩვენი პოზიციებიც, თუ საერთო საქმეს შეუწყობს ხელს. ჩვენს გამო მოლაპარაკებები არ ჩაიშლება. შეიძლება მოხდეს ისე, რომ პოლიტიკური კრიზისი არ დასრულდეს, თუმცა ეს ძალიან ცუდი იქნება, რადგან ჩვენ, პოლიტიკოსები, არა მარტო ჩვენი მოქალაქეების წინაშე არ ვიქნებით მართლები, არმედ ჩვენი პარტნიორების წინაშე, რომლებიც ერთადერთი ადამიანები არიან ამ სამყაროში, რომლებიც ფაქტობრივად გვიცავენ რუსეთისგან. ისინი თუ იტყვიან, რომ ჩვენთან აღარ უნდათ საქმე ან ჩვენ უიმედო პარტნიორები ვართ დემოკრატიისა და თავისუფლების კუთხით, მაშინ ჩვენ სერიოზული პრობლემები გვექნება, ფიზიკური უსაფრთხოების პრობლემა შეიძლება, გვქონდეს. იმედი მაქვს, ჩვენი პოლიტიკოსები ხვდებიან რისკებს, რომლებიც გვაქვს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება ევროპარლამენტში საქართველოს საკითზე გამართულ დებატებს, რაქვიაშვილის თქმით, ყველა ამბობს იგივეს, რომ მხარეებმა უნდა დათმონ.

„იქ ბევრი განსხვავებული პოზიცია იყო დაფიქსირებული, თუმცა საბოლოო ჯამში ყველა ჩვენი მეგობარი საზღვარგარეთ ერთსა და იმავე რამეს გვეუბნება, რომ ყველამ უნდა დავთმოთ, ორივე მხარემ უკან უნდა დაიხიოს. მაგალითად, ერთმა არ უნდა იზრუნოს, ამ შემთხვევაში ოპოზიციაზე ვამბობ, რომ ყველა ხერხით მოიპოვოს ძალაუფლება, „ოცნებამ“ უნდა გამოუშვას მელია. ეს იმდენად ცხადია ყველასთვის, რომ თუ ეს ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, მთელი პასუხისმგებლობა მომდევნო პრობლემებზე რაც ჩვენ გაგვიჩნდება და გარდაუვლად გაგვიჩნდება, იქნება იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც უახლოეს დღეებში არ შეთანხმდებიან“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროპა განაგრძობს მუშაობას სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისათვის – პრეზიდენტი დანიელსონის დანიშვნაზე
შემდეგი სტატიასამადაშვილი – ევროპა არის უკიდურესად შეშფოთებული საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისით