ირანის ხელისუფლებას რამდენიმე თვეში შეეძლება ურანის გამდიდრების პროცესის განახლება, ისრაელისა და აშშ-ის მიერ მის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების მიუხედავად. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ ამერიკულ ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მათ აქვთ შესაძლებლობები. რამდენიმე თვის განმავლობაში, ან უფრო ადრეც, შესაძლოა, მათ ჰქონდეთ ცენტრიფუგების რამდენიმე კასკადი, რომლებიც ბრუნავენ და გამდიდრებულ ურანს აწარმოებენ. თუმცა, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ყველაფერი გაქრა და იქ არაფერია“, – აღნიშნა გროსიმ.
„სერიოზული ზიანი იყო, მაგრამ ეს სრული ზიანი არ ყოფილა. ირანს აქვს სამრეწველო და ტექნოლოგიური შესაძლებლობები. ასე რომ, თუ მათ სურვილი ექნებათ, შეეძლებათ ამის ხელახლა დაწყება“, – დასძინა მან.
ცნობისთვის, 25 ივნისს ირანის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლითაც თეირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას აჩერებს. მის წარმომადგენლებს არ შეეძლებათ ქვეყანაში შესვლა ინსპექტირების ჩასატარებლად. კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს ირანის მეურვეთა საბჭომ და უსაფრთხოების საბჭომ.
28 ივნისს ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Mehr-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის ხელისუფლებამ რაფაელ გროსის ქვეყნის ბირთვული ობიექტების პირადად მონახულება აუკრძალა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ასევე ვერ შეძლებს იქ ვიდეომეთვალყურეობის კამერების დამონტაჟებას.