რაფაელ გლუკსმანი: მთავარი ის არის, რომ საქართველოს მართლმსაჯულება არ არის დამოუკიდებელი

ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქმე პოლიტიკურია.

“არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რას ფიქრობს სააკაშვილზე. მთავარი ის არის, რომ საქართველოს მართლმსაჯულება არ არის დამოუკიდებელი და ეს არის პოლიტიკური საქმე. ეს ყველამ იცის და პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საკუთარი პირით თქვა, რომ თუ სააკაშვილი კარგად მოიქცევა ციხეში, ანუ პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებს, მაშინ მას დამატებით მუხლებს არ წაუყენებენ და თუ ცუდად მოიქცევა, ანუ კიდევ გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, მაშინ მეტ დროს გაატარებს ციხეში. რას ნიშნავს ეს? რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში წყვეტს პრემიერ-მინისტრი, ვის რამდენი ბრალი უნდა წაუყენონ და ვინ რამდენი ხანი უნდა გაატაროს საპატიმროში? ასე რომ, თუ აქამდე ვინმეს ამაში ეჭვი მეპარებოდა, ახლა ღარიბაშვილმა თავად აღიარა ყველაფერი. მან ხელი მოაწერა იმას, რომ ეს არის პოლიტიკური საქმე.

როდესაც სააკაშვილმა 2012 წელს აღიარა დამარცხება არჩევნებში, მან უკვე იცოდა, რა მოხდებოდა შემდეგ. ეს იყო ომი, რომელიც ივანიშვილმა, მისმა თაღლითებმა, ეკლესიამ და სხვა რეაქციულმა ძალებმა გამოუცხადეს სააკაშვილს. ასეა თუ ისე, მართლმსაჯულება საქართველოში არის იარაღი იმათ ხელში, ვინც ახლა ხელისუფლებაშია. ამიტომ, ევროკავშირმა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვას და ეს უნდა გააკეთოს იმიტომ, რომ ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა პროევროპელია და ყველაფერი, რაც ამ ქალაქში ითქმება, დიდ გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობაზე. არა აქვს მნიშვნელობა, ვის მოსწონს სააკაშვილი და ვის არა, ისინი თავს ევროპელებად თვლიან და არ უნდათ იმ საზოგადოების ნაწილი იყვნენ, სადაც ლუკაშენკო და პუტინი არიან. ამიტომ, ევროკავშირმა ნათლად უნდა უთხრას საქართველოს ხელისუფლებას, რომ თუ მათ სურთ ევროპის ცივილიზებული ერების ოჯახში თავის დამკვიდრება, მაშინ მათ უნდა შეწყვიტონ ოპონენტების პოლიტიკური დევნა. ეს არის ძალიან მარტივი წესი და თუ ეს არ გინდა, მაშინ სრულიად სხვა სამყაროს ეკუთვნი, რომელსაც პოსტ-საბჭოთა სამყარო ჰქვია და სავსეა ლუკაშენკოს და პუტინის მსგავსი ადამიანებით”, – აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაშიანა ფოტიგა: ეს არჩევნები გაიმართა უკიდურესად დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციაში
შემდეგი სტატიაბათუმის ყოფილი ვიცე-მერი – მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით