რამდენიმე დეპუტატის მხრიდან არაკორექტული განცხადებების გაკეთება და მძიმე შეცდომების დაშვება გრძელდება

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ რამდენიმე დეპუტატის მხრიდან არაკორექტული განცხადებების გაკეთება და მძიმე შეცდომების დაშვება გრძელდება.

მისი თქმით, არც მისი და არც პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი არ განიხილება. მდინარაძე ასევე უარყოფს, რომ პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერმინისტრის განცხადებები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. მისივე განმარტებით, უახლოეს დღეებში ქართულ ოცნებაში კონსულტაციები იქნება და გადაწყდება, როგორ გასცემენ პასუხს პარტიული დისციპლინის დარღვევის შემთხვევებს.

“იმ მიდგომას, რომ პარტიული დისციპლინა დაარღვია რამდენიმე დეპუტატმა, ეთანხმება პოლიტიკური ხელმძღვანელობა – უკლებლივ ყველა, მათ შორის პრემიერმინისტრი. ეს პროცესი გრძელდება მთელი ამ დღეების განმავლობაში, არაკორექტული განცხადებების გაკეთება და მძიმე შეცდომების დაშვება რამდენიმე დეპუტატის მხრიდან. რაც შეეხება როგორ დალაგდება ეს საკითხი, გარწმუნებთ რომ პრობლემა აღმოიფხვრება. პარტიაში იქნება შეხვედრა, დეტალურად განვიხილავთ პარტიული დისციპლინის დარღვევის ფაქტებს და იქნება შესაბამისი რეაგირება,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ მამუკა მდინარაძე მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. დღეს მეტნაკლებად კრიტიკული განცხადებით გამოვიდა დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, რომელმაც ოცნებიდან სოციალ-დემოკრატების გასვლა არ გამორიცხა.

პარტიულ დისციპლინაზე ქართულ ოცნებაში ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად საუბრობენ. 10 აპრილს ქართული ოცნების ოფისში მმართველი გუნდის ლიდერების საგანგებო შეკრება გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილი ირაკლი კობახიძესა და საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეებს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიNTV PLUS-ს ქართულ ბაზარზე ოპერირების დასაწყებად დოკუმენტაცია წესრიგში არ აქვს
შემდეგი სტატიაჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ასეთი ცუდი არასდროს ყოფილა