საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა 500-კილოვატიანი გადამცემი ხაზის, „იმერეთის“ გამორთვამ გამოიწვია — ამის შესახებ „ტვ პირველს“ „ენგურჰესის“ დირექტორმა, ლევან მებონიამ განუცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამ ხაზზეა დამოკიდებული მთელი საქართველოს ელექტრომომარაგება. მებონია ვერ აკონკრეტებს, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული ხაზის დაზიანება:
„გამოირთო 500-კილოვატიანი ხაზი „იმერეთი“. ახლა ვაერთებთ აგრეგატებს და ელექტროენერგია მალე აღდგება. ძირითადი დატვირთვით „ენგურჰესი“ ელექტროსისტემას ზესტაფონამდე უკავშირდება. ძალიან დიდი ტვირთი გადიოდა — როდესაც გამოირთო, დაირღვა რეჟიმი და მთლიანად დაიშალა ენერგოსისტემა. ამჟამად ავარიის აღდგენის პროცესში ვართ“, — განაცხადა „ენგურჰესის“ დირექტორმა.
ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება დილის 08:00 საათიდან შეწყდა.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადებით, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია უკვე აღუდგა, ქვეყნის მასშტაბით პროცესის სრულად დასრულება კი უმოკლეს დროში იგეგმება. უწყებაში აცხადებენ, რომ ავარიის ზუსტი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.















