15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

“რაღაცები არ შეიზილა, ამიტომ გადააყენეს”- შაიშმელაშვილი გელაძეზე

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი „ქართულ ოცნებაში“ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება.

ტვ პირველის ცნობით, შაიშმელაშვილი ამბობს, რომ  გელა გელაძემ „რაღაცები არ შეიზილა და ამიტომ მოხდა მისი გადაყენება“. ირაკლი შაიშმელაშვილი აღნიშნავს, რომ სჯობდა სუს-ის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძესავით „საერთოდ გამქრალიყო“, ვიდრე შს მინისტრის მოადგილედ გადასულიყო.

„გეკა გელაძე თუ გელა, ვერ ჩამოვყალიბდი, რა ჰქვია მაგ კაცს — ეს არ არის ის პიროვნება, რომელიც კალოშებით მოვიდა და ფული არის მისი ინტერესი. ჩემი აზრით, გელამ რაღაცები არ შეიზილა, რაღაცებზე ხელი არ მოაწერა და ამიტომ მოხდა მისი გადაყენება. წაიყვანეს და დაუქვემდებარეს ისევ თავის ყოფილ [ქვეშევრდომს] — ანუ ვისი უფროსიც იყო, ახლა იმის მოადგილედ გადაიყვანეს. დამამცირებელია. მაგას სჯობდა, როგორც მდინარაძემ დაწერა განცხადება და საერთოდ გაქრა, ისე წასულიყო გელაც“, — განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა.

გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, „ბორაშვილმა ძალიან კარგად გაართვა თავი ბინძური დავალებების შესრულებას“ და ეს „ქართულ ოცნებაში“ მოეწონათ.

შაიშმელაშვილი ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი გეგმავს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რამაც საზოგადოებაში შესაძლოა ძალიან მაღალი მღელვარება გამოიწვიოს, ამ მღელვარების ჩასახშობად კი ბორაშვილი „იდეალური კადრი“ იქნება.

„კიდევ უფრო მიმყარდება ჩემი ვარაუდი, რომ ბიძინა ივანიშვილი გეგმავს ძალიან ცუდი ქმედებების განხორციელებას, რამაც საზოგადოებაში შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მაღალი მღელვარება. ამ მაღალი მღელვარების ჩასახშობად ბორაშვილი იდეალური კადრი იქნება, რადგან ადრე თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციიდან კურირებდა, ახლა უკვე განახორციელებს როგორც სუს-ის უფროსი“, — აღნიშნა ირაკლი შაიშმელაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, 14 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

დღესვე ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. რაც შეეხება გელა გელაძეს, ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს.

banner
წინა სტატიაშიEU-ს 12 სახელმწიფო: ევროკავშირმა არქტიკული ჩართულობა და უსაფრთხოების ზომები უნდა გააძლიეროს
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია: გია ბარამიძე არის პოლიტპატიმარი და ის რაც მის თავს ხდება არის აბსოლუტური აბსურდი