„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ევროპარლამენტმა უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდამჭერი განცხადების პროექტი შეიმუშავა

ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდამჭერი განცხადების პროექტი შეიმუშავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს, რომლის განმარტებითაც, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მოუწოდებენ ევროკავშირს, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირონ.

„პრეზიდენტთა კონფერენციის სახელით, ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მიმართავენ წევრი ქვეყნების და მთავრობების ლიდერებს, რომლებიც ორ კვირაში, ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა გადაწყვეტილება მიიღონ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს განაცხადებზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სიმამაცე, გაბედულება და ხედვა, გაუარესების პროცესში მყოფი საერთაშორისო გარემოს პირისპირ. გეოპოლიტიკური მოცემულობების ცვლილება ჩვენი მხრიდან მოქმედებას მოითხოვს. ამით ვუერთგულებთ ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს. უკრაინელები, რომელთა სამშობლოც სასტიკი თავდასხმის ქვეშაა, თუმცა მოლდოველები და ქართველებიც, რომლებიც უფრო ნათელი მომავლისკენ მიილტვიან, ელიან სიგნალს, რომ მათი ადგილი ევროპულ ოჯახშია. ამიტომაც, ეს პალატა მძლავრად მოგიწოდებთ მისცეთ უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკას და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის და [მათი] მიღწევების გათვალისწინებით”, – ნათქვამია განცხადების პროექტში.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, წარმოდგენილი ტექსტი არის ერთობლივი განცხადების პროექტი და ის კვლავ შეიძლება დაექვემდებაროს ცვლილებებს, თუმცა, მთავარი საკითხები, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა, ტექსტში დარჩება.

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების გაერთიანება არ მონაწილეობს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში და მათი მხარდაჭერა, მხოლოდ მოწოდებაა ევროკომისიისადმი მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

banner
წინა სტატიაშირუსული დარტყმა ხელს უწყობს გლობალურ სასურსათო კრიზისს – ბორელი
შემდეგი სტატიაიაპონია კიდევ ორ რუსულ ბანკს უწესებს სანქციებს