რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის უფროსმა ვაჟმა უტა ივანიშვილმა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ მამის სანქცირებიდან 4 დღეში იაპონიიდან საქართველოში ახალი კომპანია – სააქციო საზოგადოება “ატუ ჰოლდინგი” დაარეგისტრირა.
საჯარო რეესტრის ვებსაიტზე განთავსებული დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიის 100%-იან წილს სწორედ უტა ივანიშვილი ფლობს, ხოლო კომპანიის დირექტორი ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილია. კობიაშვილი, ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევის მიხედვით, საქართველოში ივანიშვილის ოფშორული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელია.
უტა ივანიშვილის წარმომადგენელი კომპანიის რეგისტრაციისას, აღნიშნულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ნატო ხაინდრავა იყო, რომელთანაც უტა ივანიშვილის მინდობილობა ნოტარიუსმა ეკატერინე გვანცელაძემ 30 დეკემბერს შეადგინა.
კომპანიის “ნებადართული კაპიტალის” მოცულობა საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, 100 მილიონ ლარს შეადგენს, განთავსებული კაპიტალი – 100 000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი – 25 000 ლარს.
კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კი არჩილ მამაცაშვილი, როსტომი ჩაბრაძე და ბესიკ დემეტრაშვილი არიან. როგორც რადიო თავისუფლება წერს, აღნიშნული პირები ქართული ოცნების შემომწირველები არიან, მათ შორის, მამაცაშვილი “ასოციაცია ატუს” გამგეობის თავმჯდომარე, ხოლო დემეტრაშვილი სს “დაზღვევის კომპანია ქართუს” დირექტორი.
ცნობისთვის, 27 დეკემბერს აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ბიძინა ივანიშვილს, 14024-ე აღმასრულებელი განკარგულების საფუძველზე, სანქციები დაუწესა.