რადიო თავისუფლების მიხედვით, ევროკომისიამ და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 27 მაისს გამართული შეხვედრის შემდეგ მოამზადეს დოკუმენტი, რომელშიც განსზღვრულია ის ნაბიჯები, რაც ევროკავშირმა საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო შეიძლება გადადგას.
რადიო თავისუფლების მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, ასეთ ნაბიჯებს შორისაა პერსონალური სანქციები, ფინანსური დახმარების შეწყვეტა და შესაძლოა უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერება.
საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების საპასუხოდ პირველად ნაბიჯებად განიხილება:
- ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მხრიდან უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების, შეხვედრებისა და ღონისძიებების გაუქმება.
- ისეთი ფინანსური დახმარების შეწყვეტა, რომლითაც პირდაპირ სარგებლობს ხელისუფლება და მათთვის განკუთვნილ სამომავლო ფინანსურ დახმარებაზე დისკუსიების შეწყვეტა.
- ფინანსური დახმარების პორტფელის გადახედვა, რაც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის გაძლიერება (არ შეეხება რეგიონულ დახმარებას).
- ევროპის სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი 30-მილიონევროიანი დახმარების გაყინვა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მომიტინგეებზე ძალადობის გაგრძელებისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესში მნიშვნელოვანი დარღვევების შემთხვევაში, ევროკავშირმა შესაძლოა უფრო მძიმე ზომებიც მიიღოს, როგორიცაა:
- წევრი სახელმწიფოებისათვის რეკომენდაციის გაცემა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და დიპლომატებისათვის უვიზო რეჟიმის დროებით შეწყვეტის შესახებ.
- შემზღუდავი ზომები (სანქციები) იმ ადამიანებისა და ორგანოების მიმართ, ვინც ჩართული იქნება ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში.
- პოლიტიკურ დონეზე საქართველოსთან დიალოგის შემდგომი შეჩერება.
- ფინანსური დახმარების შემდგომი გადახედვა, შემდგომი საბიუჯეტო დახმარების შეჩერება და სახსრების შემდგომი გადამისამართება.
- საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში დახმარების შემდგომი შეჩერება.
ასევე, ევროკომისია განიხილავს, რომ უკიდურეს შემთხვევაში, საქართველოს ცხრა თვით შეუჩეროს უვიზო მიმოსვლა. თუმცა, რადიო თავისუფლების მიხედვით, მოპოვებულ დოკუმენტში წერია, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას უარყოფითი შედეგი მოჰყვება საქართველოს მოსახლეობისთვის, ამიტომ, უმჯობესია ფოკუსირება ცალკეული პიროვნებებისთვის შენგენში შესვლის შეზღუდვაზე.
ანგარიშის წარდგენის თარიღი ჯერ დადგენილია არაა, თუმცა, დიდი ალბათობით ის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე გამოცხადდება.