რადიო სპექტაკლი „პირველი აქტი“ – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 103 წლის აღსანიშნავად

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 103 წლის აღსანიშნავად თიბისიმ სპეციალურად მოწვეულ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად რადიო სპექტაკლი „პირველი აქტი“ მოამზადა.
მიხეილ ჩარკვიანის და დავით ხორბალაძის რადიო სპექტაკლში მსახიობები: მერაბ ნინიძე, ნინო კასრაძე და კახა კინწურაშვილი მონაწილეობენ.
რადიო სპექტაკლის მოსმენას მსურველები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ზუსტად 103 წლის შემდეგ, 26 მაისს, 17:10 საათზე თიბისის და საბას ფეისბუქ გვერდებზე შეძლებენ.
რადიო სპექტაკლის შესახებ:
საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი აქტი არის ისტორიის ნიშნული, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ქცევისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი დაიწყო. 26 მაისს მიღებული დოკუმენტი მიიჩნევა დამოუკიდებლობის მოპოვების დღედ და მიუხედავად იმისა, რომ ეს თარიღი ნამდვილად უდიდესი მონაპოვარია, შემოქმედებითი ჯგუფი თვლის, რომ ეს არის შეთანხმება დამოუკიდებლობის სურვილზე და წარმოადგენს არა დასასრულს, არამედ დამოუკიდებლობის მოპოვების დასაწყისს, რომელიც 1918 წლის 26 მაისს დაიწყო და დღემდე გრძელდება, სწორედ ეს სურვილი წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ იდენტობას.
“პირველი აქტი” არის რადიო სპექტაკლი, რომელშიც სამი ხმა ისტორიულ ფაქტებზე და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით დამოუკიდებლობის იდეაზე მსჯელობს, აანალიზებს საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ აქტს, როგორც პირველ ქმედებას დამოუკიდებელი ქვეყნის შესაქმნელად და ცდილობს გაიაზროს როგორ აისახა ეს დღე თითოეული მათგანის ცხოვრებაზე და რა მოხდებოდა ეს დღე საერთოდ რომ არ ყოფილიყო. სამი მსახიობი საუბრობს დამოუკიდებლობისთვის მუდმივ ბრძოლაზე, როგორც უწყვეტ პროცესზე, რომელიც დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრების მსურველისთვის ყოველდღიურ საზრუნავს წარმოადგენს. ამ დადგმაში დამოუკიდებლობის პირველი აქტი, გულისხმობს თეატრალური დადგმის პირველ მოქმედებას, რომელიც თავისთავად გულისხმობს რომ პროცესი არ დასრულებულა, ეს მხოლოდ პირველი აქტია და ახლა მეორე ან მესამე აქტში ვიმყოფებით. ისტორიული წყაროების კვლევით, ჯგუფი ცდილობს ფოკუსირდეს დამოუკიდებლობის აქტის მიღების ისეთ დეტალებზე, რომელზეც შესაძლოა საზოგადოებას აქამდე ყურადღება არ გაუმახვილებია და შექმნას ამ დღის სრულიად ახალი პერსპექტივა.
ტექსტში გამოყენებულია დოკუმენტური მასალა გაზეთებიდან: “საქართველო” , ”სახალხო საქმე“, ”ალიონი“, ”ერთობა“.

banner
წინა სტატიაშიბოკერია მოუწოდებს მოქალაქეებს, სამოქალაქო ჯგუფებსა და პოლიტიკურ პარტიებს, არ აყვნენ ცდუნებას და არ შეუერთდნენ აღნიშნულ პროტესტს
შემდეგი სტატიალევან ვასაძე აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს