,,რაც უფრო სწრაფად გაეცემა პასუხი კითხვებს, როგორც ოჯახისთვის, ასევე, მთელი სისტემისთვის მნიშვნელოვანია”

მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, – უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საკითხზე პროკურატურის მიერ საქმის აღძვრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო სწრაფად გაეცემა პასუხი კითხვებს, როგორც ოჯახისთვის, ასევე მთელი სისტემისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. „როგორც არაერთხელ განვაცხადე, რაც უფრო მეტი მხარე დაინტერესდება, მით უფრო ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს საზოგადოება. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვითანამშრომლებთ ნებისმიერ მხარესთან, ვინც ზუგდიდის მე-6 სკოლის საკითხს სწავლობს, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ბრალდებით მიმდინარეობს.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა. კერძოდ, ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახური შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებდა.

banner
წინა სტატიაშიეგვიპტელი სტუდენტები ქრისტიანების დაცინვისთვის დააპატიმრეს
შემდეგი სტატიაგურჯაანის რაიონულ სასამართლოში ხვალ დავით კირკიტაძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება