„რაც უფრო მეტად მოექცევა ეს საკითხები სამართლებრივ ჩარჩოებში, მით უფრო ეფექტიანი იქნება ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დღეს,
პარლამენტში, მარიხუანის მოხმარების რეგულირების შესახებ კანონპროექტის
პირველი მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ნათია
მეზვრიშვილმა კანაფის ექსპორტის შესახებ კანონპროექტზეც ისაუბრა და
განაცხადა, რომ ამ კანონპროექტში ცუდი არაფერია, რისკების შემცველი არ არის
და რაც უფრო მეტად მოექცევა ეს საკითხები სამართლებრივ ჩარჩოებში, მით უფრო
ეფექტიანი იქნება ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა.

ნათია მეზვრიშვილი – „კანონპროექტი, რომელიც მომზადდა, მათ შორის კანაფის
დათესვა-მოყვანასთან დაკავშირებით, ამ საკითხების მკაცრად რეგლამენტირებას
და რეგულირებას გულისხმობდა. იმ ქაოსური მდგომარეობის მოწესრიგებას,
რომელიც დღეს არა მხოლოდ მოხმარების, მათ შორის ამ საკითხებთან მიმართებით
არსებობს. ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტად მოექცევა ეს საკითხები სამართლებრივ
ჩარჩოებში, მით უფრო ეფექტიანი იქნება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ და
ზოგადად, ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს გახლავთ ჩემი
პოზიცია. თუ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს საკითხი
განიხილოს, ბუნებრივია შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი კომპეტენციის
ფარგლებში ამ პროცესებში ჩაერთვება, თუ განსხვავებული გადაწყვეტილება
იქნება მიღებული, ბუნებრივია სხვა გზა არ დაგვრჩება. ნებისმიერ საკითხთან
დაკავშირებით, მათ შორის ამ საკითხზეც მნიშვნელოვანია საზოგადოების
პოზიცია, ამიტომ ის დრო რაც პარლამენტმა აიღო და შეაჩერა ამ კანონპროექტის
განხილვა, ჩვენ ეს დრო უნდა გამოვიყენოთ, იმისთვის, რომ საზოგადოებას
ავუხსნათ, რომ ამ კანონპროექტში ცუდი არაფერია, რისკების შემცველი არ არის
და პირიქით, რეგლამენტირება ხდება იმ საკითხების და ჩარჩოებში მოქცევა,
რასთან დაკავშირებითაც დღეს ჩვენ გვაქვს ქაოსური მდგომარეობა. ვფიქრობ, რომ
ამას საზოგადოება კარგად გაიგებს, იმიტომ, რომ ყველა ის ნაბიჯი, რასაც
მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო დგამს, დგამს პირველ რიგში
საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარეობს.“

banner
წინა სტატიაშისაგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისსა და რეგიონებში ახალი ვიდეოკამერები ამოქმედდა
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე მარიხუანას კულტივაციის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს