რაც უფრო მეტად აიწევა ხოლმე თემა მედიაში, მით უფრო რთულდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლება, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა და ყველას ვთხოვ, ეს ამბავი გაითვალისწინოს – მდინარაძე

რაც უფრო მეტად აიწევა ხოლმე თემა მედიაში, მით უფრო რთულდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლება, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა და ყველას ვთხოვ, ეს ამბავი გაითვალისწინოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომელსაც ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კითხვა დაუსვეს.

ჟურნალისტებმა მდინარაძეს ჰკითხეს, რას აკეთებს ხელისუფლება, რათა ბებუა უკანონო პატიმრობიდან დაიხსნას.

„ირაკლი ბებუაზე ვრცლად ისაუბრა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, როდესაც პარლამენტში იყო. როდესაც ცუდი მდგომარეობაა, ამის დრამატიზება ხანდახან არათუ ხელს უწყობს, ეს ადამიანები დახსნილი იქნან პატიმრობიდან, არამედ ამძაფრებს სიტუაციას. გთხოვთ ხოლმე, რომ ობიექტურად გაშუქდეს ინფორმაცია და არ იყოს რომელიღაც ოპოზიციური პარტიის და პარტიული მედიის მიერ გამოყენებული ნეგატიური პიარისთვის. მხოლოდ ამ მიზანს არ უნდა ემსახურებოდეს. ამის მიზანი რომ იყოს მისი გათავისუფლება, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ რაც უფრო ცუდი ამბის დრამატიზება ხდება და სხვა მიმართულებით წაყვანა, ეს მერე ხელს უშლის უსაფრთხოების სამსახურს, პარტნიორსაც, მეგობარსაც, მეგობარი ქვეყნების წარმომდგენლებსაც ამ საკითხის პოზიტიურად გადაწყვეტაში.

ამიტომ, მგონია, რომ ხშირად ამის გამეორება არ უნდა გვიწევდეს, რადგან იმ ადამიანის ინტერესია პირველ რიგში. საოკუპაციო ხაზზე იმ მავნებლობას, ოკუპაციას რომ მოსდევს ხოლმე ადამიანების გატაცება, რაც უფრო მეტად აიწევა ხოლმე მედიაში თემა და მეტად მიდის ამ თემის გამოყენება, მით უფრო რთულდება ხოლმე ამ ადამიანების გათავისუფლება. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება და ყველას ვთხოვ, ეს ამბავი გაითვალისწინოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში„ჰამასთან“ ომში დასახმარებლად აშშ-მა ისრაელში ოფიცერთა ჯგუფი, მათ შორის სამვარსკვლავიანი გენერალი გაგზავნა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური, მხოლოდ ფორმალურადაა პრეზიდენტი, მისი ხელოვნურად აქტუალიზაცია მიზანშეწონილად არ მიმაჩნია – კობახიძე