„რაც მეტი იქნება ასეთი ოპოზიცურ ფლანგზე,მისასალმებელია”-აბესაძე

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დღეს ფაქტობრივად დააანონსეს პოლიტიკური მოძრაობის შექმნა, რომელიც ოპოზიციურ ფლანგზე იქნება და ეს მისასალმებელია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხაზარაძისა და ჯაფარაძის მიმართ ბოლო თვეებში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

„რაც შეეხება ოპოზიციურ ფლანგზე ბრძოლის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ხედვებს, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია, ბოლომდე იყოს გატანილი საარჩევნო რეფორმა და პროპორციული არჩევნები მივიღოთ, ასევე მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ისეთი კამპანიის ჩატარება, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენც დავაკომპლექტოთ მთავრობა მომავალ პარლამენტში. რაც შეეხება პარტნიორ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, არსებობს ორი მთავარი კრიტერიუმი, პროდასავლურობა და უარის თქმა ივანიშვილთან კოალიციაზე. ნებისმიერი პარტია, რომელიც აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, არის პოტენციურად „ევროპული საქართველოს“ პარტნიორი და ყველა ასეთ პარტიას ვუსურვებთ წარმატებას“, – განაცხადა აბესაძემ.

დეპუტატის შეფასებით, ბევრი ასეთი პარტია წარმატების მთავარი გარანტი იქნება, რომ ხელისუფლება შეიცვალოს.

„რაც მეტი იქნება ასეთი ოპოზიცურ ფლანგზე, მაშინ როდესაც ამომრჩევლის უმეტესი ნაწილის განწყობა ოპოზიციური და ანტისახელისუფლოა, რა თქმა უნდა, ეს იქნება მთავარი წარმატების გარანტი, რომ ხელისუფლებას ჩამოშორდეს „ქართული ოცნება“ და დაიწყოს პრობლემების მოგვარება, რომელიც გაყინულია ბოლო წლების განმავლობაში. „ევროპულ საქართველოს“ აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, იყოს მთავარი ძალა მომავალ პარლამენტში, რომელიც დააკომპლექტებს მთავრობას“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ირაკლი აბესაძემ განმარტა, რომ „ევროპული საქართველო“ პარტნიორებად მოიაზრებს ნებისმიერ პროდასავლურ ძალას, რომელთაც ასევე ექნებათ მკაფიო ხედვა, რომ ისინი არ აპირებენ კოალიციის შექმნას ბიძინა ივანიშვილთან და დახმარების ხელის გაწვდენას „ქართული ოცნებისთვის“.

„ამ პრინციპით შევალთ საარჩევნო კამპანიაში. ოპოზიციური განწყობები იმდენად გაზრდილია დღეს, ნებისმიერი ახალი აქტორის შემოსვლა ამ ფლანგზე და საზოგადოებრივად აქტიური ადამიანის ჩართვა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, არის მხოლოდ მისასალმებელი“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დღეს მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გამართა და აღნიშნა, რომ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა. ამასთან, მისივე თქმით, ეძებს 12 ლიდერს ყველა სფეროში, როგორიცაა მედიცინა, განათლება და ასე შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიმედლინ მუნი – ჩვენ დავბრუნდებით ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და ჩვენს ქვეყნებს მოვახსენებთ იმ პროგრესის შესახებ, რაც უკვე არსებობს
შემდეგი სტატიაჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს ვუჭერთ სურვილს, იყოს ერთიანი-მედლინ მუნი