რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ის ამ საქმეში დაზარალებულია

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, პროკურატურა ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მამა გიორგი არ აპირებს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას. ადვოკატის განცხადებით დაკავებულმა დეკანოზმა გამომძიებლებს 30 გვერდიანი ჩვენება მისცა და აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ის კითხვებზე პასუხს არ სცემს.

”პროკურატურა აცხადებს, თითქოს კრიტიკული კითხვები როცა დასვეს, მაშინ განაცხადა უარი დეკანოზმა დაკითხვაზე. ვაცხადებ, რომ დაკითვის ოთახში მამაო ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საერთოდ არ მისულა. რომელ კრიტიკულ კითხვებზეა საუბარი, თუკი ასეთი კითხვები დაისვა, პროკურატურამ გამოაქვეყნოს ოქმი, სადაც ეს იქნება ასახული. მინდა გამოვეხმაურო ბრალდებებს, თითქოს დეკანოზი კითხვებზე პასუხს არ სცემს. მას შემდეგ, რაც ბრალდებამ მიიღო 30 გვერდიანი ჩვენება, განა გაუჩნდა დამატებითი კითხვები. ჩვენ ამ კითხვებზე პასუხებს არ გავურბივართ, უბრალოდ ეს კითხვები მოითხოვს მის უსაფრთხოებას. ჩვენებაშიც იყო საკითხები, რომელიც ასევე მისი უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ადვოკატმა. მისივე თქმით, უკვე მიცემულ ჩვენებაში დეკანოზმა ამომწურავად ისაუბრა “ციანიდსა” და იარაღზე.

”დამატებითი კითხვები დაკავშირებული იყო იმასთან, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ის ამ საქმეში დაზარალებულია. დეკანოზ გიორგი მამალაძეს დუმილიც რომ შეენარჩუნებინა და ჩვენებაში მასზე საერთოდ არ ესაუბრა, თეთრუაშვილი მაინც უნდა დაიკითხოს იმიტომ, რომ ის დაზარალებულია”, – აღნიშნა ფანცულაიამ.

კითხვაზე, მამა გიორგი ჩვენებაში, რომელიც მან პროკურორებს მისცა, ნახსენებია თუ არა მეუფე პეტრე ცაავა და მეუფე დიმიტრი, ადვოკატი ამბობს, რომ ისინი ყველგან დადებით კონტექსტში არიან ნახსენები.

banner
წინა სტატიაშიუბრალოდ უნდა დაფიქრდეს ბატონი ივანიშვილი, უღირს თუ არა მას ამ კოლოსალურ ზიანად რუსთავი 2-ის წაღება
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: გადაწყვეტილება დაწერილია