რა უნდა გააკეთონ წინააღმდეგობის მონაწილე პარტიებმა? – ლევან ცუცქირიძის ანალიზი და ხედვა

ლევან ცუცქირიძე “ფეისბუქზე” აქვეყნებს თავის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთონ წინააღმდეგობის მონაწილე პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და ზოგადად, იმ პოლიტიკური პროცესის გათვალისწინებით, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში.

“რა უნდა გავაკეთოთ წინააღმდეგობის მონაწილე პარტიებმა:
ზოგი ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიებს საქმიანობის არეალი აღარ რჩებათ. ეს სიმართლე იქნებოდა, ბოიკოტის მხოლოდ პასიური ფორმა რომ არსებობდეს. საბედნიეროდ, ეს ასე არ არის – ჩვენ შეგვიძლია აქტიური პოლიტიკური პროცესი წარვმართოთ “არჩევნებში” მონაწილეობის გარეშეც.

ჩვენი პოლიტიკა სამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს:
1) პროტესტის გაძლიერება და გაფართოება;
2) “ოცნების” გუნდისა და მმართველობის სტილის უკეთესი ალტერნატივის ნათლად ჩვენება და
3) “ოცნების” კიდევ უფრო დასუსტება და მისი მეტად დელეგიტიმაცია.

1. პროტესტის გაფართოებისთვის ჩვენ შეგვიძლია:
🔹აქტივიზმის გაძლიერება და მომხრეების გამხნევება – რეგიონებში აქტიური და კოორდინირებული საპროტესტო კამპანიებით და ვიზიტებით.
🔹თბილისში ერთობლივად შეთანხმებული აქციების ორგანიზება, სადაც საზოგადოებას ანგარიშს ჩავაბარებთ გაწეულ სამუშაოებზე და, ასევე, ვიმსჯელებთ სამომავლო გეგმებზე.

2. ალტერნატიული პოლიტიკური პროცესის შექმნა.
🔹ოცნების მიერ დაგემილი ფარსის საწინააღმდეგოდ საზოგადოებისთვის რეალური დემოკრატიული პროცესის შეთავაზება. როგორც მინიმუმ, ყველა თვითმმართველ ქალაქში შეგვიძლია დემოკრატიული “აგორები” შევქმნათ, სადაც ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ილაპარაკებს ქვეყნისა და ქალაქის პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებულ ხედვებზე; სადაც მოქალაქეები ახალ პოლიტიკოსებსაც გაიცნობენ და საბოლოოდ, პირდაპირი დემოკრატიის საშუალებით ქალაქის მერსაც აირჩევენ.
🔹ამასთან ერთად, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივად უნდა დავიწყოთ მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვება და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას საყოველთაო პლებისციტის სახე მივცეთ.
🔹 “ოცნების” უსამართლო “სასამართლო” უდანაშაულო ადამიანებს პატიმრობას უსჯის არაფრის გამო. სასამართლო სისტემის ამ გარყვნასა და პროფანაციას ჩვენ ალტერნატიული სასამართლო პროცესებით უნდა ვუპასუხოთ. მაღალკვალიფიციური იურისტებისა და ყოფილი პატიოსანი მოსამართლეების მონაწილეობით ნამდვილად სამართლიანი სასამართლო პროცესები უნდა გავმართოთ, სადაც ამ რეჟიმის დანაშაულებს განვიხილავთ და იმასაც ვაჩვენებთ, თუ რეალურად როგორია ნამდვილი მართლმსაჯულება.

3. ავტორიტარული რეჟიმის დასუსტება
🔹პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა ვუხელმძღვანელოთ იმ ბიზნესების ბოიკოტის კამპანიებს, რომლებიც ამ რეჟიმს ასაზრდოებენ. საერთაშორისო სანქციებთან ერთად მათ ჩვენ, მოქალაქეებმაც უნდა დავუწესოთ სანქციები.
🔹 უნდა დავეხმაროთ საჯარო სამსახურების მოხელეებს გაფიცვის კონსტიტუციური უფლების გამოყენებაში და ხელი შევუწყოთ, ბოლომდე უერთგულონ სახელწიფოსა და კონსტიტუციას და არა რომელიმე პარტიას.
🔹 “აქტიური ბოიკოტის” კამპანიას ოპოზიციური პარტიების და პოლიტიკური მოძრაობების მოქნილმა და ეფექტიანმა საკოორდინაციო საბჭომ უნდა უხელმღვანელოს, რომელსაც როტაციულად წარუძღვება ყველა შემავალი პარტიის წარმომადგენელი.
🔹 ეს არის ის მინიმუმი, რაც უნდა გავაკეთოთ. ეს ხედვა შევთავაზე ჩემს კოლეგებს რამდენიმე დღის წინ და იმედი მაქვს, მათი მხარდაჭერაც მექნება. სწორედ ასე მესმის მე “ერთობის” იდეა – კოორდინირებული მოქმედება ნათელი სტრატეგიისა და კონკრეტული გეგმის გარშემო”, – წერს ლევან ცუცქირიძე,

მის პოსტს უკვე გამოეხმაურა მოშიმშილე ელენე ხოშტარია და დაწერა, რომ “ძალიან სწორი, კონკრეტული გეგმაა და ახლო ჩვენ ხედვასთან. გველანაირი საფუძველი გვაქვს ერთად აქტიური და შედეგიანი მუშაობის და ეგრეც იქნება”.

banner
წინა სტატიაშირატომ გადაიფიქრა ზვიად გამსახურდიამ ბოიკოტი – გია ჭანტურია იხსენებს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია ხვალ მისი საქმის გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დაესწრება