რა წყვეტს პროფესორის ბედს?!

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ჩატარდა, კონკურსში მონაწილეობა უამრავმა პროფესორმა მიიღო. რამდენიმე დღის წინ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ჩვენთან, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის დარგობრივ კომისიაში, 120 სხვადასხვა აკადემიურ თანამდებობაზე შემოტანილი იყო 168 განაცხადი. კონკურსის შედეგად 4 ვაკანსია დარჩა. არც ერთი საჩივარი არ შემოსულა“, – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი აკადემიკოსმა ავთანდილ სილაგაძემ, რომელიც საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის დარგობრივ საგამოცდო კომისიას თავმჯდომარეობდა:

_ რადგან აკადემიური ნაწილის არჩევნები იყო, ასეთ სიტუაციაში ხდება, რომ სპეციალისტებს იწვევენ სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან, კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე მოხდა და კომისიაში ვიყავით: თქვენი მონა-მორჩილი, პროფესორები – ნუგზარ პაიჭაძე, რამაზ აბესაძე, ფიქრია წოწკოლაური (კომისიის მდივანი), კომისიის ერთი წევრი კი ფსიქოლოგი იყო. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რადგან საქმე გვაქვს კონკურში მონაწილეებთან, რომლებმაც სტუდენტებს ლექციები უნდა წაუკითხონ, ამიტომ ფსიქოლოგის დაკვირვება ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

_ ამ საკითხს ცოტა ქვემოთ შევეხები, დასაწყისისთვის მაინტერესებს, რამდენად ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდა კონკურსი?

_ უნივერსიტეტში დადგენილი წესები იძლევა საშუალებას, კომისიის მუშაობის პროცესი არ ყოფილიყო შეზღუდული. რა მაქვს მხედველობაში: პირველ რიგში, კომისია იღებდა გადაწყვეტილებას, კონკურსანტები მოგვეწვია ინტერვიუზე (გასაუბრებაზე), ოღონდ ოდნავ განსხვავებული წესი იყო აქ: კომისიას შეეძლო, ინტერვიუს პროცესში კონკურსანტისთვის ყველა იმ დოკუმენტის ირგვლივ დაესვა კითხვა, რაც მას ჰქონდა წარმოდგენილი. დამატებით, შეგვეძლო, კონკუტსანტის გამოცდილებაც შეგვემოწმებინა. სტუ-ში არსებულმა თორმეტივე კომისიამ აბსოლუტურად ყველა კონკურსანტი დაიბარა ინტერვიუზე. კეთდებოდა ჩანაწერი, რაც ინახება არქივში.

_ რა მიზნით – რა დროს გამოგვადგება, არ ვიცით?

_ თუ გასაჩივრდება, ეს ჩანაწერი იქნება ერთ-ერთი მტკიცებულება, რაც კომისიის შემადგენლობის სრულ ობიექტურობას დაადასტურებს! ვფიქრობ, ინტერვიუებმა ძალიან ბევრი რამ დაგვანახა. ამან, წარმოდგენილ დოკუმენტებთან ერთად, სრული წარმოდგენა შეგვიქმნა კონკურსში მონაწილეების შესახებ.

_ კომისია დამოუკიდებელი იყო?

_ კომისია სრულიად დამოუკიდებელი იყო. ჩვენ შეგვეძლო საჭიროების შემთხვევაში საჩვენებელი ლექციის დანიშვნა, ანუ კომისია წყვეტდა ყველა საკითხს.

_ ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არ ერეოდა?

_ კონკურსის შედეგებზე ადმინისტრაციას არავითარი გავლენა არ მოუხდენია, – ამას სრული პასუხისმგებლობითა და ხაზგასმით ვაცხადებ, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ადმინისტრაციის ჩარევა საჭირო იყო და ამ მხრივ, მინდა ხაზგასმით გითხრათ, რომ უმნიშვნელო შეფერხებასაც კი არ ჰქონია ადგილი, ანუ თუ კომისიას რამე დასჭირდებოდა, რექტორი წამებში წყვეტდა საკითხს, სრულად მობილიზებული იყო სასწავლო და იურიდიული დეპარტამენტები.

_ კარგია. შერჩეული კანდიდატები აკმაყოფილებენ 21-ე საუკუნის მოთხოვნებს?

_ ძალიან მაღალი დონის კანდიდატები იქნენ შერჩეული. მე ვიტყოდი, რომ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა კარგი შევსება მიიღო.

_ სულ იყო 12 კომისია. ის, რომ ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის დარგობრივი საგამოცდო კომისიაში არ შემოსულა საჩივარი, იმას არ ნიშნავს, რომ არავის გაუსაჩივრებია შედეგები.

_ გეთანხმებით. პროცედურულად ასეა, როდესაც გამოქვეყნდა შედეგები, ამის შემდეგ ხდება საჩივრების მიღება. აი, ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, იწურება ვადა, დღეს განიხილება საჩივრები. თუ კონკურსანტს კომისიის გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილებს, მას, ბუნებრივია, აქვს საშუალება, მიმართოს სასამართლოს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასამართლო განიხილავს მხოლოდ პროცედურულ დარღვევებს, შინაარსობრივ საკითხს, როგორც წესი, სასამართლო არ ეხება. კომისიის წევრი ხმას აძლევს შინაარსიდან გამომდინარე. თუ პროცედურა არაა დარღვეული, საჩივარს პერსპექტივა არა აქვს.

_ თქვენ ბრძანეთ, რომ ფსიქოლოგი იყო კომისიის შემადგენლობაში. საქართველო ევროპული ქვეყანა კი არის, მაგრამ ჩვენთან ყველა სიახლეს მტკივნეულად აღიქვამენ. რამდენადაც ვიცი, საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებს შორის მხოლოდ სტუ-ს ჰყავს კომისიაში ფსიქოლოგი. არაერთგზის მსმენია, როცა მეცნიერები ამბობენ, რომ ისინი თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევენ კომისიაში ფსიქოლოგის არსებობის გამო და აცხადებენ – ჩვენ, რა, გიჟები ვართ?!

_ მე კი ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგის კომისიაში ყოფნა ძალიან კარგია და სხვა უნივერსიტეტებიც ასე უნდა მოიქცნენ. ცხადია, არავინ ფიქრობს, რომ პროფესორს ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს! ეს საქართველოშია რატომღაც მიუღებელი, თორემ სხვა ქვეყნებში ფსიქოლოგის რჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ჩვენთანაც უნდა დაინერგიოს. მივესალმები ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივას.

_ თქვენ ბრძანეთ, რომ ჩაწერა მიმდინარეობდა… კანონის თანახმად, ჩაწერა შეთანხმების გარეშე დაუშვებელია. იყო თუ არა ეს შეთანხმებული კონკურსანტებთან?

_ ყველასათვის წინასწარ იყო ცნობილი, ინტერვიუების ჩაწერა რომ მოხდებოდა, ამასთანავე, აუდიტორიაში შესაბამისი ტექსტი იყო თვალსაჩინო ადგილას გაკრული. არც ერთ ადამიანს არ გაუპროტესტებია, ჩაწერა რომ მიმდინარეობდა.

_ რა წყვეტს კონკურსანტის ბედს, ბევრი ნაშრომი თუ საზღვარგარეთ ბევრჯერ მივლინება?

_ კარგი კითხვაა. კონკურსანტის ბედს, ჯამში, ყველა მონაცემი წყვეტს, კომპლექსურად. მინდა ხაზგასმით გითხრათ, რომ მე არა ვარ მომხრე, ამა თუ იმ მეცნიერის საზღვარგარეთ ყოფნით განისაზღვროს მისი დონე. ჩემი აზრით, საზღვარგარეთ ყოფნა არ უნდა იყოს გადამწყვეტი ფაქტორი, შეიძლება სხვა, უფრო გამოცდილი პროფესორს არც ჰქონდეს სურვილი, საზღვარგარეთ კონფერენციებში მიიღოს მონაწილეობა, ამიტომ ამ ერთი ფაქტორის – რომელიმე სერტიფიკატის ან კონფერენციის – წინ წამოწევა არ მიმაჩნია სწორად, თუმცა გასათვალისწინებელი არის. საბოლოო ჯამში, არჩევნის გაკეთებისას, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია სამეცნიერო ნაშრომები, სასწავლო ლიტერატურა, გამოცდილება, შეფასებები, პუბლიკაციების ხარისხი.

_ ნაშრომების რაოდენობაზე კეთდება აქცენტი თუ შინაარსზე? აი, თქვენ, ყველა კონკურსანტის ნაშრომს გაეცანით?

_ ბუნებრივია, ყველა კონკურსანტის ნაშრომს გავეცანი. იყვნენ ისეთი კონკურსანტები, რომელთა ნაშრომებს არ ვიცნობდი, აბსოლუტურად ყველა ნაშრომი წავიკითხეთ და შევაფასეთ. რაოდენობაში არ არის საქმე. არ შეიძლება სტატიები ქულებით შეფასდეს. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ არა რაოდენობით, არამედ შინაარსით.

_ და თქვენ მეუბნებით, რომ ყველა კონკურსანტის, რომელიც თქვენთვის ახალი სახე იყო, ნაშრომი წაიკითხეთ?

_ დიახ.

 

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში,სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ აქციის მონაწილეებმა გაფუჭებული თხილი და სიმინდი დაყარეს
შემდეგი სტატიაპეტრო პოროშენკო: სულერთია ვინ გაარღია საზღვარი – ბოევიკება თუ პოლიტიკოსებმა