რა წერია საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის 41-პუნქტიანი განცხადების სამუშაო ვერსიაში

საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მერვე შეხვედრაზე, რომელიც 27-28 მარტს სტრასბურგში გაიმართება, საბოლოო განცხადებასა და რეკომენდაციებს მიიღებენ.

41-პუნქტიანი დოკუმენტის სამუშაო ვერსიას, უცვლელად გთავაზობთ:

„ევროპარლამენტის ასოცირების კომიტეტი:

1. მიესალმება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების გაგრძელებას; ადასტურებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ურყევ მხარდაჭერას და აქებს საქართველოს მდგრად პროგრესს არჩეულ გზაზე; კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ეს მისწრაფებები სცდება პარტიულ ხაზს და მხარდაჭერილია მოქალაქეების უმრავლესობის მიერ; აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად და 2017 წლის 25 მარტის რომის დეკლარაციის შესაბამისად, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს შეუძლია, გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაცვის პირობით; აღნიშნავს ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი „აღმოსავლეთ პარტნიორობა პლიუსის“ პოლიტიკის ინიციატივას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის გზაზე დამატებითი შუალედური პერსპექტივების გახსნასთან დაკავშირებით;

2. კომიტეტი ახსენებს, რომ ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია რჩება ევროკავშირ-საქართველოს ვიზის დიალოგის ჩარჩოში საქართველოს მიერ განხორციელებული ყოვლისმომცველი რეფორმებისა და ჰარმონიზაციის ძალისხმევის მთავარ მიღწევად. აღნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლის სისტემის საერთო რბილმა ფუნქციონირებამ, რომელიც ორივეს, ევროკავშირისა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებშია, უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები ხალხთაშორისი კონტაქტების, ბიზნესის მობილობის, მეცნიერების, კულტურის, ტურისტული და საოჯახო მიმართულებებით. მიესალმება საქართველოს ხელისუფლების აქტიურ ძალისხმევას, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაბრკოლებების პრევენცია მოხდეს. ამ მიმართულებით მიესალმება ბოლო დროს სასჯელაღსრულების კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტმა უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და ორგანიზების კრიმინალიზაცია მოახდინა. ხაზს უსვამს პოლიციისა და საბაჟოს მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას, რომლებსაც ჯერ კიდევ არ უღიარებიათ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად, აღიარონ, რამდენადაც ეს დააჩქარებს ევროკავშირში თავშესაფრის თხოვნების დამუშავებას.

3. მიესალმება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მესამე სხდომას, რომელიც გაიმართა 2018 წლის 5 მარტს, რომელმაც აღიარა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესანიშნავი მდგომარეობას, გაითვალისწინა საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციური საგზაო რუკა, რომელიც მიმართულია ევროპული ინტეგრაციის დაჩქარების უზრუნველყოფისკენ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ჩარჩოების ფარგლებს გარეთ;

4. მიესალმება საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის უმაღლესი დონის შეხვედრას, რომელიც 2018 წლის 21 ნოემბერს გაიმართა; ხაზს უსვამს ამ ახალი ფორმატის მნიშვნელობას ეკონომიკის, ვაჭრობის, კავშირის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, განათლების, კვლევისა და ინოვაციის, მართლმსაჯულებისა და შიდა უსაფრთხოების სფეროებში ევროკავშირი-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ჩარჩოების ფარგლებს გარეთ; მოუწოდებს მხარეებს კონკრეტული ქმედებებით შედეგების მიღწევისკენ შეთანხმებულ საკითხებზე;

5. მიესალმება ევროჯასტსა და საქართველოს შორის სისხლის სამართლის საკითხებში თანამშრომლობის შეთანხმებას, რადგან ეს ქმნის პრაქტიკული პარტნიორობის შესაძლებლობას ორგანიზებული დანაშაულის აღკვეთისა და მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის;

6. მიესალმება საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიმდინარე ძალისხმევას ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში მნიშვნელოვანი რეფორმების შესასრულებლად 2017-2020 წლების ასოცირების განახლებული დღის წესრიგის შესაბამისად;

7. ხაზს უსვამს, რომ ევროპარლამენტის მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის მიღება არის ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში ახალი ეტაპი; აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც ჰარმონიზაციასთან, საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ნაბიჯებთან დაკავშირებით საერთო სურათი რჩება პოზიტიური, ანგარიშში ასევე გამოკვეთილია ზოგიერთი სფერო, სადაც დასაახლოებლად დამატებითი ძალისხმევაა საჭირო, მაგალითად, შრომითი კანონმდებლობა, გარემოს დაცვა, მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღკვეთა და სასამართლოს დამოუკიდებლობა;

8. ხაზს უსვამს, რომ საქართველოსადმი ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა მიაღწევს 371-დან 453 მილიონ ევროს 2017-2020 პერიოდისთვის და ფოკუსირებული იქნება მთავარ პრიორიტეტულ სფეროებზე, როგორებიცაა ეკონომიკური განვითარება, ინსტიტუციური გაძლიერება და კარგი მმართველობა, ენერგოეფექტიანობა, გარემოს დაცვა, მობილურობა და ადამიანებს შორის კონტაქტები; მოუწოდებს ევროკომისიას, გააძლიეროს მისი დახმარება და შეუსაბამოს ის ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის პოლიტიკურ ამბიციებს;

9. კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელზეც მოდის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის თითქმის მესამედი; აღნიშნავს ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდასა და დივერსიფიცირებას, რაც არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების პირდაპირი ეფექტი; ხაზს უსვამს მცირე და საშუალო მეწარმეებისა და ფერმერების დიდ როლს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში; მიესალმება მოქალაქეებისთვის, კომპანიებისა და ფერმერებისთვის საინფორმაციო კამპანიების ჩატარებას, რათა ისინი ინფორმირებულნი იყვნენ ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებიდან გამომდინარე ყველა სარგებლის, ეკონომიკური შესაძლებლობისა და აუცილებელი ადაპტაციის სამართავად ხელმისაწვდომი დახმარების შესახებ;

10. ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის; ხაზს უსვამს ქვეყნის ტრანზიტულ როლს ევროპულ ბაზრებამდე კასპიის გაზის რესურსების ტრანსპორტირებისთვის, განსაკუთრებით სამხრეთის გაზის დერეფნითა და შავი ზღვით; მიესალმება ერთობლივ მზადყოფნას მნიშვნელოვან სფეროებში საკანონმდებლო რეფორმებზე დაფუძნებული ენერგოეფექტიანობის სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით;

11. ხაზს უსვამს საქართველოს სტრატეგიულ როლს ტრანსპორტისა და დაკავშირებულობის მიმართულებით, ასევე რეგიონში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ჰაბის მზარდ როლს. მაღალ შეფასებას აძლევს ევროკავშირს ვალდებულებისთვის, რომ აგრძელებს საქართველოსთან მჭიდრო ჩართულობას ტრანსევროპული სატრანსპორტო ხაზის შემდგომი გაფართოების მიზნით. მიესალმება 2019 წლის 29 იანვარს ჩატარებულ საქართველო-ევროკავშირის უმაღლესი დონის პირველ სატრანსპორტო დიალოგს, სადაც ორივე მხარემ ხაზი გაუსვა შავი ზღვის თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც ნაბიჯს ევროპასა და აზიას შორის კაშირისა და საერთაშორისო ვაჭრობის გაძლიერების მიმართულებით;

12. რეკომენდაციას აძლევს ევროკომისიას, გააგრძელოს მოქმედება ევროკავშირის მხარდაჭერილ პროგრამებში და სააგენტოებში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობისთვის, რომელიც ღიაა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის შესაბამისი სამართლებრივი სტატუსით;

13. ხაზს უსვამს, რომ ორივე მხარის, საქართველოსა და ევროკავშირის ინტერესშია, გააძლიერონ თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით. მათ შორის მათი მაღალი დონის სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგის საშუალებით. მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელი მისიებში მონაწილეობისთვის;

14. კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა საქართველოს ხელისუფლებისთვის უმაღლეს პრიორიტეტად რჩება. შესაძლოა, ეს იყოს მთავრობის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის საშუალებით ან მოქალაქეთა გაძლიერებით და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობით;

15. აღიარებს საქართველოს პარლამენტის ძალისხმევას, გაზარდოს ზედამხედველობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან საკანონმდებლო დაახლოებაზე, ასევე პოლიტიკური ზედამხედველობა აღმასრულებელ ძალაუფლებაზე ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით. მიესალმება საპარლამენტო პროცედურების ახალი წესის დამტკიცებას და ზედამხედველობის ახალი მექანიზმების შემოღებას, როგორიცაა პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური და ექსტრაორდინარული ანგარიშები, მინისტრის საათი, თემატური გამოძიებები, ინტერპელაცია და ა.შ;

16. მიესალმება, რომ საქართველო არის დემოკრატიის მხარდამჭერი აქტივობების კუთხით ევროპარლამენტის პრიორიტეტული ქვეყნების სიაში. განსაკუთრებით მიესალმება საქართველოს პარლამენტის შესაძლებლობების განვითარების მიმდინარე პროგრამას. რეკომენდაციას აძლევს შემოწმებისა და საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე აღნიშნული პროგრამის გაგრძელებას. აღიარებს ევროკავშირისგან დაფინანსებული პროგრამების მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას და პარტიებს შორის კონსტრუქციული დიალოგის განვითარების საჭიროებას;

17. აღიარებს, რომ ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი იყო საქართველოსთვის, რითაც დასრულდა საპარლამენტო სისტემაზე სრულად გადასვლა. აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში პირველი ვიზიტის სიმბოლურ და არსებით მნიშვნელობას;

18. მიესალმება ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ 2018 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ზოგადად იყო კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული, რომ კანდიდატებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია და ამომრჩევლებს ჰქონდათ ნამდვილი არჩევანი, თუმცა გამოითქვა შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, ამომრჩევლებზე გაუმართლებელი ზეწოლისა და დაშინების, ასევე ცალკეული ძალადობრივი ინციდენტების შემთხვევების გამო, რომლებიც გამოავლინეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ასევე საზოგადოებისა და მედიის პოლარიზაციის მაღალი დონის, ნეგატიური კამპანიის წარმოებისა და სამოქალაქო საზოგადოებაზე სიტყვიერი თავდასხმების გამო; კომიტეტი აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას, შეასრულოს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციები და გადახედოს შესაბამის კანონმდებლობას, რათა რეაგირება მოახდინოს გამოვლენილ ხარვეზებზე მომავალი არჩევნებისთვის გარემოს გასაუმჯობესებლად“;

19. კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ მართლმსაჯულების გამჭვირვალობა, სამართლიანობა და ეფექტურობა არსებითია არამხოლოდ იმისთვის, რომ მოქალაქეების უფლებების განხორციელება გარანტირებული იყოს, არამედ ასევე ეკონომიკური ზრდის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოახდინოს უკვე განხორციელებული რეფორმების კონსოლიდაცია, დაასრულოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის მე-4 ტალღა. ხაზგასმით აღნიშნავს მართლმსაჯულების მიმართ მოქალაქეების ნდობის მნიშვნელობას. მოუწოდებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის მიმდინარე პროცესი განხორციელდეს ნათელი და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე კონკურენტული პროცესით;

20. მიესალმება დადებით შედეგებს, რომელიც მიღწეულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ, რომელიც იძიებს სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებს, დისკრიმინაციას, ტრეფიკინგს, გენდერულ ნიადაგზე, არასრულწლოვნების მიერ ან მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულებს; ითვალისწინებს კანონის მიღებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო, რომლის ამოცანაა სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტების მიუკერძოებელი გამოძიება და რომელმაც საქმიანობა 2019 წლის ივნისში უნდა დაიწყოს;

21. ხაზს უსვამს მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციების რეფორმის მნიშვნელობას, რომელიც კონკურენტუნარიანი, პროფესიონალური და გამჭვირვალე საჯარო მომსახურებების შექმნას ისახავს მიზნად; მიესალმება საჯარო პირების ქონების დეკლარირების მონიტორინგის ეფექტიან სისტემას, რომელიც შეესაბამება ინტერესთა კონფლიქტისა და საჯარო სამსახურში კორუფციის კანონს, რომელმაც შექმნა ახალი ინსტრუმენტები სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ გასაჯაროებული ეკონომიკური ინტერესებისა და ქონების აუდიტისთვის და მიზნად ისახავს მთავრობის მაღალჩინოსნების ანგარიშვალდებულებისა და ფინანსური გამჭვირვალობის გაუმჯობესებას;

22. ხაზს უსვამს, რომ მედიისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებებია და რომ საქართველოში უზრუნველყოფილია ძლიერი და პლურალისტური მედიაგარემო მრავალფეროვანი შეხედულებებით, თუმცა პროფესიონალური მედიასტანდარტები კიდევ უნდა ამაღლდეს;

23. ხაზს უსვამს, რომ გენდერული თანასწორობა არის საკვანძო წინაპირობა მდგრადი და ინკლუზიური განვითარებისთვის; მიესალმება ამ მხრივ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობას და მიესალმება მის ინიციატივას სექსუალური შევიწროების დისკრიმინაციის ფორმად მიჩნევასთან დაკავშირებით ევროკავშირის რელევანტურ კანონმდებლობასა და ევროსაბჭოს კონვენციის შესაბამისად, რომელიც ქალების მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს („სტამბოლის კონვენცია“); მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა გენდერული თანასწორობის, ქალთა გაძლიერებისა და ყველა ფორმის ძალადობისგან მათი დაცვისთვის;

24. შეშფოთებით აღნიშნავს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის ზოგადი გამდიდრების მიუხედავად, ქართველი ბავშვების ერთი მეხუთედი სიღარიბეში ცხოვრობს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს მიზანმიმართული ზომები სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების პროპორციის შესამცირებლად;

25. მიესალმება ახალ ორგანულ კანონს შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის დირექტივებთან და გულისხმობს ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას ეკონომიკის ყველა სექტორში. ასევე აღნიშნულია, რომ შრომის ინსპექციის მანდატი გაუმჯობესდა, მათ უფლება აქვთ სამუშაო პირობები ისე შეამოწმონ, რომ ამისთვის სასამართლოს ნებართვა არ ჰქონდეთ;

26. მიესალმება ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, შრომის უფლებების გაუმჯობესების კუთხით, რაც მოიცავს თანაბარ და არადისკრიმინაციულ მოპყრობას, რაც შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმებასთან. ასევე აღნიშნულია, რომ აუცილებელია პროგრესი, მათ შორის შრომის კოდექსის დახვეწის კუთხით;

27. მიესალმება ბოლო ათი წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენციას. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მიუხედავად ამისა, განახორციელოს მაკროეკონომიკური რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და შრომის ბაზარზე გენდერული დისბალანსის შემცირებას;

28. კიდევ ერთხელ ადასტურებს უცვლელ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენეტიტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ხაზს უსვამს, რომ ასოცირების შეთანხმება მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას, მათ შორის საქართველოს რეგიონებს – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებს და იმედოვნებს და მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას;

29. გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე უკანონო ოკუპაციასა და ფაქტიური ანექსიისკენ გადადგმულ მწვავე ნაბიჯებს; მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ კი გაიყვანოს მისი სამხედროები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან და აღმოფხვრას ყველა დაბრკოლება, რაც ხელს უშლის ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის მუშაობას. მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, შეასრულონ 2018 წლის 14 ივნისს მიღებულ ევროპარლამენტის რეზოლუციით გათვალისწინებული რეკომენდაციები;

30. მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმულ ყველა არაკანონიერ ნაბიჯს, რაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. კერძოდ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერის აღმართვა სიცოცხლის მოსპობის ტენდენცია, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვა, ასევე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და მზარდი ეთნიკური დისკრიმინაცია; აღნიშნავს, რომ ყველა ეს დესტაბილიზაციის შემქმნელი ტაქტიკა, რომელსაც რუსეთი იყენებს, საფრთხეს უქმნის მთელ ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის არაკანონიერი ნაბიჯები ძირს უთხრის ევროკავშირისა და საქართველოს მცდელობას, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის, ყოფს საზოგადოებებს, რომლებიც ადრე ჰარმონიულად ცხოვრობდნენ;

31. გმობს სოხუმსა და ცხინვალში საქართველოს მოქალაქეების, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას; განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს კიდევ ერთი ქართველი იძულებით გადაადგილებული პირის, ირაკლი კვარაცხელიას ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ გარემოებაში გარდაცვალების გამო; მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს, აღმოფხვრას დაბრკოლებები დამნაშავეების გასამართლებისთვის;

32. მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, კერძოდ კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“, როგორც პრევენციულ ზომას, რათა თავიდან იქნას არიდებული ადამიანის უფლებების შემდგომი დარღვევები, ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიცოცხლის ხელყოფა და დააწესონ ყველა შესაძლო შეზღუდვა (მაგ: სამოგზაურო ან აქტივების გაყინვა) ზემოთხსენებულ სიაში შესული პირების წინააღმდეგ;

33. მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, დიპლომატიის, მოლაპარაკებისა და დიალოგის საშუალებით, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკას, მათ შორის, საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვას, ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების დადასტურებასა და ცალმხრივად დაცვას, ჯერ კიდევ რუსული მხარისგან საპასუხო ნაბიჯის მოლოდინში, ისევე, როგორც კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში; ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობას დღის წესრიგში არსებულ ისეთ მთავარ საკითხებზე, როგორიცაა ძალის გამოუყენებლობა, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონებიდან ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება;

34. მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მისი მტკიცე და გადამწყვეტი ძალისხმევისთვის, ნებისმიერი შესაძლო ფორმით შეინარჩუნოს დიალოგი და კონტაქტი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობასთან, რათა ხელი შეუწყოს ხალხთა შორის კონტაქტს და აღადგინოს ნდობა დაყოფილ საზოგადოებაში, შეამციროს რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციით წარმოშობილი იზოლაცია და გააუმჯობესოს მათი კეთილდღეობა; აფასებს საქართველოს შორსმჭვრეტელ „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სამშვიდობო ინიციატივას, მიზანმიმართულს ვაჭრობის, განათლებისა და მობილობის გამარტივებისკენ, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის;

35. მიესალმება ევროკავშირის მტკიცე ვალდებულებას, დარჩეს ეფექტურად ჩართული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრაში, მისი ღირებული ინსტრუმენტების საშუალებით. მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლით, რომელიც თანათავმჯდომარეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, ისევე როგორც არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას; ხაზს უსვამს, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას კვლავ არ აქვს წვდომა საქართველოს რეგიონებთან აფხაზეთსა და ცხინვალთან/სამხრეთ ოსეთთან; კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ძალისხმევის გაძლიერების საჭიროებას, რათა აღდგეს საქართველოს სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;

36. ღრმად შეშფოთებულია, რომ რუსეთი საქართველოს უსაფრთხოებისთვის კვლავ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. შეახსენებს, რომ საქართველოსა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგობის გაწევის უნარის გაძლიერება უზრუნველყოფს სტაბილურობას და გააძლიერებს ევროკავშირის შიდა უსაფრთხოებას; გმობს პროპაგანდისა და დეზინფორმაციის სოციალური მედიაში გავრცელების დივერსიულ პოლიტიკას, რომელიც მიზანმიმართულია საქართველოში დემოკრატიისა და საზოგადოების შესუსტებაზე, ინსტიტუციების დისკრედიტებით, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებით, ყალბი ნარატივის გავრცელებით და სოციალური დაძაბულობის გამწვავებით. ამ კონტექსტში გმობს რუსეთის მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომს, რამდენადაც ის იყენებს მის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებებს შიდა პოლიტიკაზე გავლენისა და ევროპული ინტეგრაციის პროცესის გასანადგურებლად;

37. აღნიშნავს აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნებს მიმართულს სტაბილურობის, ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისკენ, დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისკენ, კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და რეგიონული თანამშრომლობისკენ, ხალხთა შორის კონტაქტების განმტკიცებისა და ვაჭრობის განვითარებისკენ; მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მიზნების მიღწევაში შეტანილი წვლილისთვის, რაც ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერად აქცევს; ამ კონტექსტში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 წლისთავი უზრუნველყოფს შესანიშნავ შესაძლებლობას ამ პლატფორმის 2020 წლის შემდგომი პერსპექტივების შესაფასებლად, პარტნიორი ქვეყნების ამბიციებისა და მისწრაფებების გათვალისწინებით;

38. მიესალმება ვაჭრობის საკითხზე მინისტრების დონეზე გამართულ პირველ არაფორმალურ შეხვედრას, (ევროკავშირი – ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების პარტნიორებს შორის), რომელიც 2018 წლის სექტემბერში შედგა. ხაზს უსვამს დისკუსიის გაგრძელების მნიშვნელობას ევროკავშირსა და ასოცირებულ სამეულს შორის განსაკუთრებული ინტერესის მქონე საკითხებზე, როგორც ევროკავშირისთვის, ისე ასოცირებული ქვეყნებისთვის;

39. მიესალმება თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლის გახსნას 2018 წლის სექტემბერში, როგორც ერთ-ერთ პუნქტს 2020 წლისთვის შემუშავებული 20 დასკვნითი დოკუმენტიდან, რომელიც 2017 წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დამტკიცდა; მოუწოდებს საერთაშორისო სასწავლო პროგრამების შემუშავებისკენ, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მოსწავლეებსა და სტუდენტებს საშუალებას მისცემს, მიიღონ განათლება და შეძლონ მობილობა მთელ ევროპაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ მოდელის მიხედვით;

40. ხაზს უსვამს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგში, საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მნიშვნელოვან როლს; მოუწოდებს ასოცირების საბჭოს და მის ქვეკომიტეტებს, განაგრძონ საპარლამენტო ასოცირების საბჭოს ინფორმირება აღმასრულებელ დონეზე მიმდინარე პროცედურების შესახებ;

41. საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის შემდგომ შეხვედრას გეგმავს 2019 წლის შემოდგომაზე, თბილისში, საქართველოს პარლამენტში“, – აღნიშნულია საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის საბოლოო განცხადებისა და რეკომენდაციების სამუშაო დოკუმენტში.

წყარო:პირველი არხი

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის გამოძიება განაახლა
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიიდან გადაიქცა რეჟიმად – პაატა ზაქარეიშვილი​