რა თქმა უნდა, საუბარი იქნება დავით ნარმანიას იმპიჩმენტზე – მამუკა ახვლედიანი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია თბილისის თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარის გადაცემის ფაქტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან მსგავსი კორუფციული სქემა თბილისის მერიაში არ განხორციელებულა. ის ამბობს, რომ დღეს ხელისუფლება სხვა თემებით ცდილობს ამ დანაშაულის გადაფარვას.

„ჩვენ აბსოლუტურად ყველა საშუალებას და ყველა ფორმას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ აღნიშნული განკარგულება გაუქმდეს. აღნიშნული სქემა უკვე გამოაშკარავებულია და ყველამ კარგად იცის, რომ ეს კორუფციული გარიგებაა და მართლაც ქრთამის მიცემის ფაქტია მოსამართლისა და ამისი ოჯახის მიმართ, მაგრამ მთავარია ეს შედეგები აღმოვფხვრათ,“ – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკვე შეიტანეს განაცხადი იმ დადგენილების გაუქმების თაობაზე, რომლის მიხედვით ნატა ნაზღაიძის ოჯახს თბილისის ბიუჯეტიდან 1 მილიონი გადაეცა.

მამუკა ახვლედიანის აზრით, ამ საკითხში პროკურატურაც აუცილებლად უნდა იყოს ჩართული. უმცირესობა კი თბილისის მერის საკრებულოში დაბარებას გეგმავს. ის ასევე აღნიშნავს, რომ დავით ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს.

„რა თქმა უნდა, საუბარი იქნება მის იმპიჩმენტზე, იმიტომ რომ მსგავსი ტიპის კორუფციული გარიგება, მსგავსი ტიპის ცალსახა და ნათელი კორუფციული სქემა, რომელსაც ნარმანიამ ხელი მოაწერა, ალბათ თბილისის მერიის ისტორიაში არ ყოფილა,“ – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

banner
წინა სტატიაშისრული სიგიჟის სპირალში შევიდა ივანიშვილის რეჟიმი
შემდეგი სტატიადავალება იყო მიღებული სუს-დან