რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს ქვეყანაში გავლენები ექნება: კალაძე ივანიშვილზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქართული ოცნების დამფუძნებელსა და ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, როგორც ქვეყანაში, ასევე, ზოგადად პოლიტიკაში “რა თქმა უნდა, გავლენები აქვს”.

“ივანიშვილის გავლენებს რაც შეეხება, ის პოლიტიკურ პარტიას არ შეუქმნია, ხომ? ჩვენ ვიცნობდით, როგორც ქველმოქმედს, მეცენატს. ადამიანს სიკეთის კეთება აქვს სისხლში […] უამრავი კეთილი საქმე გვახსოვს მისი მხრიდან გაკეთებული, ძალიან ბევრი პროექტი, თუნდაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული. მარტო პოლიტიკურ გავლენებს ვერ გამოვყოფთ, ჩვენ მთლიანობაში უნდა ავიღოთ ბიძინა ივანიშვილის ფიგურა და რასაკვირველია, ამ ადამიანს თავისი გავლენები აქვს. მის მიმართ დამოკიდებულებას ქართველი ხალხისა და საზოგადოების, მას ვერავინ ვერ წაართმევს. რა თქმა უნდა, აქვს გავლენები, როგორც ქვეყანაში, ასევე, ზოგადად, პოლიტიკაში. ის პოლიტიკიდან წავიდა, ამაზე ვრცლად ისაუბრა თავის განცხადებაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს ქვეყანაში გავლენები ექნება”, — განაცხადა კალაძემ.

11 იანვარს, პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მეორედ წავიდა. ამის შესახებ მან ფეისბუქში გამოქვეყნებულ საჯარო წერილში ისაუბრა.

“ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები. მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი”, — აცხადებს ივანიშვილი.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: ჩემი ძლიერი მხარე ხალხის დამოკიდებულება, სიყვარულია ჩემ მიმართ
შემდეგი სტატიამეგრელიშვილი: მოვიქცევი, როგორც გადავწყვეტ