რა სიგნალი გაუგზავნეთ თქვენ ევროკავშირს? თავს ესხმით ევროპელ პოლიტიკოსებს და თავში აგივარდათ – გოცირიძე

„რა სიგნალი გაუგზავნეთ თქვენ ევროკავშირს? თავს ესხმით ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოს ლობირებენ 30 წლის განმავლობაში, თქვენ თავში აგივარდათ“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას.

რომან გოცირიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყნის განვითარების გზაზე მთავარი მუხრუჭია.

„ამ ისტორიული მომენტის წინ, როდესაც საქართველოს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების საკითხი წყდება, ქვეყნის ხელისუფლებაში არის პარტია, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“ და რომელიც არის მთავარი მუხრუჭი ქვეყნის განვითარების გზაზე ბიძინა ივანიშვილთან ერთად.

შეიქმნა საფრთხე, რომ საქართველო ჩამოსცილდეს მოლდოვისა და უკრაინის მსვლელობას ევროკავშირში. შედარება უყვართ ხოლმე „აბა მოლდოვა რას აკეთებს ჩვენზე მეტს“, მოვისმინე რომ თურმე რაღაცებით წინ ჩვენ ვყოფილვართ.

რას აკეთებს მოლდოვა? რა გააკეთა 2 დღის წინ? დაიჭირა პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელიც პუტინის პირადი მეგობარია. პრეზიდენტი დოდონი, რომელიც ფულს რუსი ოლიგარქისგან იღებდა. რა სიგნალი გაუგზავნა მოლდოვამ ევროკავშირს ? „მოდი მოვიცადოთ ცოტა ხანი“ ამ ლოგიკით კი არ მოქცეულა. მოლდოვამ გაუგზავნა მთავარი სიგნალი, რომ უკაცრავად და „ფეხებზე მკიდია პუტინი“ … აი ეს სიგნალი იქნა გაგზავნილი მოლდოვას მხრიდან.

რა სიგნალი გაუგზავნეთ თქვენ ევროკავშირს ? თავს ესხმით მეგობარ ელჩებს, რომლებიც წლების განმავლობაში დამოუკიდებლობას უყრიდნენ საფუძველს. თქვენ თავს ესხმით ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოს ლობირებენ 30 წლის განმავლობაში, თქვენ კონგრესმენებს ესხმით თავს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ესხმით თავს…

თქვენ გუშინ გეყოთ თავხედობა, გაბედეთ და აშშ-ის ელჩს დაუწყეთ შანტაჟი. აიძულებთ რომ იმ მოსამართლეს, რომელსაც არ მისცა ვიზა, ლამის მოუხადოს ბოდიში. თავში აგივარდათ. რაღაცა ეშლება ივანიშვილს, ვა ბანკზე მიდის. ეს შანტაჟი არ გაუვა“, – აცხადებს გოცირიძე.

წინა სტატიაშიხატია დეკანოიძის განცხადებით, ევროინტეგრაციისთვის საქართველოს მთავარი დამაბრკოლებელი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, პოლიტიკური მართლმსაჯულება და რუსული პროპაგანდის გამეორებაა
შემდეგი სტატიარუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მარიუპოლის პორტის განაღმვა დასრულებულია და პორტმა ფუნქციონირება განაახლა